თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი კონკრეტული მარშრუტისა და მოსაცდელების გარეშე ამუშავდება

თელავის მერიაში კიდევ ერთი, რიგით მე-17, ა(ა)იპი შეიქმნა, რომელმაც მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა უნდა უზრუნველყოს. მერიას დაქვემდებარებული არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი ადგილობრივი ბიუჯეტიდან საწყის ეტაპზე 600 ათასი ლარით დაფინანსდება.

თელავისთვის 5 ახალი ავტობუსი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით იყიდა. ავტობუსები ქალაქში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაიყვანეს, თუმცა დღემდე გაჩერებულია.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ კახეთის რეგიონალურ ცენტრად წოდებულ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი პირველად 8 თებერვალს გაივლის, თუმცა რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ტრანსპორტი იმოძრავებს წინასწარ გაწერილი მარშრუტის გარეშე. ასევე არ არსებობს მგზავრთა მოსაცდელები. თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ავტობუსები იმუშავებენ სატესტო რეჟიმში, რაც მათ საშუალებას მიცემს სამომავლოდ განსაზღვრონ მარშრუტები და ადგილები, სადაც მოსაცდელები მოეწყობა.

თელავი, კახეთი

„სავარაუდოდ, ორშაბათიდან დაიწყებენ მუშაობას ავტობუსები. ეს იქნება სატესტო რეჟიმი, თუმცა ჩვეულებრივ მოხდება მგზავრთა გადაყვანა, მოხდება დაკვირვება იმაზე, თუ სად არის მგზავრთა უფრო მეტი ნაკადი, რომელი მარშრუტი იქნება უფრო საჭირო. ასევე, ამ პერიოდში ჩვენ გავიგებთ, სად არის აუცილებელი გაჩერებების მოწყობა“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას თელავის მერმა და დაამატა, რომ „სატესტო რეჟიმი, შესაძლოა, დასრულდეს ერთ ან სამ თვეში“.

რადგან თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობისთვის წინასწარ გაწერილი გეგმა არ არსებობს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მანამდე, ვიდრე ავტობუსები სატესტო რეჟიმში იმუშავებენ, მგზავრები მომსახურების საფასურს არ გადაიხდიან, სამომავლოდ კი ვარაუდობენ, რომ მგზავრობის საფასური იქნება 50 თეთრი. შესაძლოა, გარკეული კატეგორიის ადამიანებისთვის შეღავათებიც დაწესდეს. თელავის საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ თხლაშიძე, ამბობს, რომ, პირველადი ინფორმაციით, 300-350 ათასი ლარი იქნება საჭირო, რომ ქალაქში მხოლოდ მგზავრთა მოსაცდელები აშენდეს.

„თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამსახურის შექმნა ნულიდან დავიწყეთ და არ შეიძლება მოხდეს ერთ ქვაბში მოხარშვა და შედარება იმ ქალაქებთან, სადაც ტრანსპორტი, წლებია, მუშაობს. ჩვენ ცოტა მეტი დრო გვჭირდება, რომ ამ სამსახურმა გამართულად იმუშაოს. გვირჩევნია ცოტა მეტხანს ვიფიქროთ იგივე ტარიფის დადგენაზე, ვიდრე ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღოთ და შემდეგ რამე შევცვალოთ“, - განაცხადა თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ. მან ჩვენს შეკითხვაზე პასუხად თქვა, რომ მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხის საბოლოოდ მოგვარებას, დიდი ალბათობით, შეძლებს ახლანდელი მოწვევის საკრებულო.

სამოქალაქო აქტივისტ ნინო გოგოლაშვილის თქმით, ის, რომ თელავში ახალი ავტობუსები ჯერ კიდევ 4 თვის წინ ჩაიყვანეს და მისი ამუშავება შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა, ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობაზე მიუთითებს. ნინოს მიაჩნია, რომ მაშინ როცა თვითმმართველობამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იცოდა, რომ ავტობუსებს ყიდულობდა, შესაბამისი სამუშაოები მაშინვე უნდა დაეწყო.

„წლების განმავლობაში ვიცოდით, რომ ქალაქში ავტობუსები უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ თვითმმართველობამ წინასწარ არანაირი მოსამზადებელი სამუშაოები არ ჩაატარა. მათ ეგონათ, რომ ახალ ავტობუსებს თან მოჰყვებოდა საჭიროებების კვლევაც, მაგრამ ასე არ მოხდა. იმის გამო, რომ მომზადებული არაფერი არ აქვთ, ბიუჯეტს ორმაგი ხარჯი აწვება, თუნდაც იმიტომ, რომ მგზავრობა უნდა იყოს უფასო. ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების დიდი აქტიურობა რომ არ ყოფილიყო, ეს ავტობუსები დღის სინათლეს საერთოდ ვერ იხილავდა“.

თელავი

2020 წელს თელავისა და კიდევ რამდენიმე ქალაქისთვის ახალი ავტობუსები მუნიციპალური განვითარების ფონდმა იყიდა. პროგრამა ორწლიანია და, ჯამში, 175 ავტობუსი უნდა შეიძინონ. პროექტის ღირებულება 17 მილიონი ევროა. აღსანიშნავია, რომ ეს არის სესხი და ავტობუსების ღირებულების დიდი ნაწილი უნდა გადაიხადონ თავად მუნიციპალიტეტებმა. მიმდინარე წლის ბოლომდე თელავს კიდევ 35 ავტობუსი გადაეცემა, რომელიც ქალაქთან ერთად მის 22 სათემო ცენტრს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ბოლოს 2010 წელს გაიარა. ტრანსპორტი მწყობრიდან გამოსვლის მიზეზით გაჩერდა და ასეთ მდგომარეობაში გადაიყვანეს ავტოსადგომზე, სადაც შემდგომ გაიძარცვა და ნაწილ-ნაწილ დაიშალა.