“ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესი” (2020. აშშ, რეჟისორი აარონ სორკინი. “The trial of the Chicago 7”)
წლების წინ, საფრანგეთის ტელევიზიით გამოსვლისას, სტივენ სპილბერგმა განაცხადა, რომ ამერიკაში ყველამ დაივიწყა ვიეტნამის ომი და 1968 წელს ჩიკაგოში ჩატარებული დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომელიც ხმაურიანი მანიფესტაციების ფონზე მიმდინარეობდა. ერთ-ერთ ასეთ მიტინგზე დააპატიმრეს 7 ახალგაზრდა, რომელთაც ხელისუფლების დამხობის ცდაში ადანაშაულებდნენ. “ჩიკაგოს შვიდეულის” სასამართლო იყო ტიპიური პოლიტიკური პროცესი, რომლის მიმართ ჰოლივუდს, წესით, აქამდეც უნდა გამოეხატა ინტერესი. ლიბერალური ჰოლივუდისთვის ხომ ეს თემა, როგორც იტყვიან, “მისწრებაა”. მაგრამ სპილბერგამდე “შვიდეული” არავის გახსენებია. სწორედ ამ ინტერვიუში აღნიშნა რეჟისორმა, რომ აპირებს ჩიკაგოს ამბოხების გაცოცხლებას მხატვრულ კინოში სცენარის ავტორ აარონ სორკინთან ერთად.
პროექტი ჩაიშალა. სტივენ სპილბერგმა სხვა ფილმების გადაღება დაიწყო და “ჩიკაგოს შვიდეული” ისევ წარსულში დარჩა. ბოლოს და ბოლოს, აარონ სორკინმა თავად გადაწყვიტა უკვე გამზადებული სცენარის ეკრანიზაცია - ოდნავ შეცვალა აქცენტები (გააძლიერა ის მხარე, რომელიც ტრამპის ამერიკისთვის უფრო აქტუალური იქნებოდა) და მთავარ როლებზე ჰოლივუდის ლამის ყველაზე პოპულარული ახალგაზრდა მსახიობები დაითანხმა. მათ აღარ ჩამოვთვლი. თანამედროვე ამერიკული კინოს მოყვარულებმა ჩემზე უკეთ იცით მათი შემოქმედება. ფილმში თქვენ ჰოლივუდის მთელ თანავარსკვლავედს იხილავთ, რაც უკვე არის სურათის წარმატების მთავარი მიზეზი - ამ კვირაში “ოქროს გლობუსის” ნომინანტები გამოცხადდა. “მანკის” შემდეგ ნომინანტებს შორის სწორედ “შვიდეული” ლიდერობს. აარონ სორკინი ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული სცენარისტია თანამედროვე ჰოლივუდში. ყველაფერთან ერთად, მან ძალიან კარგად იცის კინოს - განსაკუთრებით, ამერიკული კინოს - ისტორია (თუმცა პირველი პროფესიით თეატრმცოდნეა) და თავის სცენარებსა და ფილმებში მუდმივად იყენებს კლასიკური ამერიკული ფილმების დრამატურგიულ კონსტრუქციებს. აქაც ასეა, “შვიდეულში”. სადღაც ფილმის მეორე ნახევარში ხვდები, რომ საინტერესო და აქტუალურ ამბავს (არამარტო ამერიკელებისთვის აქტუალურს - ქართულ საზოგადოებას ჯერ არ დავიწყებია “20 ივნისი”) მაინც აქვს თავისი ნაკლი - მეტისმეტად ძველმოდურია. კლასიკური ამერიკული კინო ვისაც გიყვართ, აუცილებლად გაგახსენდებათ მაკარტის ეპოქის შემდეგ გადაღებული შედევრები, პირველ რიგში სიდნეი ლიუმეტის ფილმები. ძნელი სათქმელია, რატომ მოინდომა რეჟისორმა ამ ფილმების ასეთი დემონსტრაციული კოპირება. შეიძლება მისთვის, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი იყო “ლიბერალური კინოს” გაცოცხლება სწორედ ტრამპის ეპოქაში. სორკინი ხომ არც მალავდა თავის მიზანს - “ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესის” პრემიერა აუცილებლად საპრეზიენტო არჩევნების წინ უნდა გამართულიყო... ფაქტობრივად, ავტორი არ მალავდა, რომ ფილმი ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო.
60-იან წლებში ამერიკის ტელეარხები სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების წინ უჩვენებდნენ ხოლმე სიდნეი ლიუმეტის სურათს “12 განრისხებული მამაკაცი”- ფილმს, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირში შეაფასეს როგორც “ამერიკული სასამართლო სისტემის ყველაზე თამამი კრიტიკა”. სინამდვილეში კი, პირიქით, “12 განრისხებული მამაკაცი” ნაფიც მსაჯულთა ამერიკული სისტემის უპირატესობის დემონსტრაციაა, უფრო მეტიც, დემოკრატიის თავისებური ჰიმნი, იმის მტკიცება, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში უმცირესობას - ერთ ხმასაც კი - შეუძლია რადიკალურად შემოაბრუნოს უმრავლესობის წარმოდგენა სიმართლესა და სამართლიანობაზე. სწორედ ეს მოტივია ძირითადი სიდნეი ლიუმეტის “სასამართლო ფილმებში” და სწორედ ეს მოტივი გააცოცხლა “შვიდეულში”აარონ სორკინმა, აღადგინა რა “ჩიკაგოს ამბოხების” ისტორია, ჩართო რა რეალური კადრები, რომლებიც ბევრ ამერიკელს დავიწყებული ჰქონდა, ანდა, საერთოდ არ ენახა... სორკინი მოერიდა ამბოხებული ახალგაზრდების ცალმხრივ მხარდაჭერას. მან, უბრალოდ, გვითხრა ის, რასაც მისი საყვარელი რეჟისორი, სიდნეი ლიუმეტი, თითქმის ყველა ფილმში იმეორებდა: განსხვავებული აზრი ყოველთვის ძალაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა განსხვავებული აზრი თანამოაზრეთა შორის იბადება. ეგ აზრი თანამოაზრეთა ბანაკს მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს. განსხვავებული აზრი ქვეყანას აძლიერებს.
“მარტინ ლიუთერ კინგს ჰქონდა ოცნება.. ახლა ტყვია აქვს თავში. ბობი მკვდარია (გულისხმობს რობერტ კენედის, ვიეტნამის ომის მოწინააღმდეგეს, რომელიც დემოკრატთა ყრილობამდე სამი თვით ადრე მოკლეს - გ.გ.), იესო მკვდარია. მათ მშვიდობიანი ბრძოლის გზა აირჩიეს. ჩვენ შევეცდებით სხვა გზას გავყვეთ”, - ამბობს “შავი პანტერების” ხელმძღვანელი ბობი სილი.
ეს სიტყვები საკმარისი აღმოჩნდა მის დასაპატიმრებლად, თანაც, იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც საერთოდ არ იცნობდა - უფრო რადიკალურებთან ერთად, მაგალითად, “შვიდეულის” მთავარ სახეებთან, ები ჰოფმანსა და ჯერი რუბინთან, ანარქისტებთან, რომლებიც ამერიკული კონტრკულტურის ლიდერებად ითვლებოდნენ. ისინი ყველაზე გამომწვევად იქცევიან სასამართლო პროცესზე. ჰოფმანი, საერთოდ, აბრაამ ლინკოლნის სიტყვებს იხსენებს, “თუკი ხალხი უკმაყოფილოა თავისი ხელისუფლებით, მას მისი დამხობის უფლებაც აქვსო”.. მაგრამ აქვე არიან სხვები, ტომი და რენი, ისინი, ვისაც სჯერა, რომ ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკებებით და კომპრომისებით ხელისუფლების დამარცხება, ისინი, ვინც უარს ამბობს რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლაზე. ფილმის მეორე ნაწილში ხვდები, რომ “ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესი”, გარკვეული თვალსაზრისით, პარადოქსია ამერიკული კინოს ისტორიაში. ფილმი, რომელიც არსებითად ბაიდენის მხარდასაჭერად გადაიღეს (მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული პარტიის ყრილობის წინააღმდეგ გამართულ აქციებს აღადგენს), კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ სრულიად განსხვავებულად შეიძლება აღიქვან... და, სხვათა შორის, პირველ რიგში, ტრამპის მომხრეებმა - თუკი მათი ლიდერი, იმხანად ჯერ კიდევ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ამბობს რომ არჩევნები გაყალბდა, რატომ უნდა დაუშვან გაყალბების დაკანონება და არ მიმართონ ძალას?
ხედავთ, რა მოხდა? ისტორია ისე წარიმართა, რომ “ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესი” ახლა უკვე შეიძლება იმისთვის გახდეს საინტერესო, ვისაც წლის დასაწყისში დაუპირისპირდა მთელი ლიბერალური ამერიკა. ხშირად დემოკრატია მაშინ შეუყვარდებათ ხოლმე, როცა სჭირდებათ, როცა თავს დამცირებულად და დამარცხებულად გრძნობენ.
აარონ სორკინის ფილმს 6 იანვრის ამბებმა ნამდვილად გაუფუჭეს საქმე. სურათი, რომელიც ამერიკული “ოსკარის” ყველაზე რეალურ კანდიდატად ითვლებოდა, ახლა შეიძლება სხვანაირად გაიგონ, რადგან “ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესმა”, შესაძლებელია, ლიბერალური ჰოლივუდისთვის არცთუ ისე სასიამოვნო ასოციაციები აღძრას. თანაც, “ოსკარებამდე” კიდევ დიდი დროა დარჩენილი (ცერემონია გაზაფხულზე გადაიტანეს), წინ კიდევ იმ ადამიანების სასამართლო პროცესებია, როლებმაც 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმი განახორციელეს.
მაგრამ ამერიკელები თავიანთ თავს მიხედავენ. ჩვენთვის ეს ფილმი სხვა მხრივაა საინტერესო. მიაქციეთ ყურადღება, რომ სორკინის ფილმში მნიშვნელოვანი ხდება არამარტო დაპირისპირება ბრალმდებელსა (უფრო მეტად, კონსერვატორ მოსამართლესა) და ბრალდებულებს შორის, კანონის მიმართ მორჩილებასა და ამ კანონის ჩარჩოებისგან განთავისუფლების ვნებას შორის. “ჩიკაგოს შვიდეული” სვამს კითხვას: რამდენადაა შესაძლებელი ერთმა მიზანმა გააერთიანოს აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხედველობის ხალხი და რამდენად არის საშიშროება ერთიანობა გადაიზარდოს განხეთქილებაში, თუკი ვიღაცას ამ ერთობაში განსხვავებული აზრი ექნება... ეს ვიღაც ხომ “უმცირესობაა”, უმცირესობა კი, როგორც ამერიკულ “სასამართლოს ფილმებში” ამტკიცებენ ხოლმე, დემოკრატიისა და განვითარების ბიძგია. ერთ კაცს შეუძლია ყველა მსაჯული დაარწმუნოს, რომ მართალია და ასე, სწორედ ასე გაიმარჯვოს სამართლიანობამ.