ვეფხვი და პანტერების ნამარხები საქართველოში

100 წლის წინ სოფელ ლელობთან მოკლეს ბოლო ვეფხვი, რომელიც საქართველოში ველურ პირობებში არსებობდა. იყვნენ თუ არა მანამდე სხვა ვეფხვები? მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ - კი, თუმცა ამის დამადასტურებელი მასალა ბევრი არაა.

1921 წელს მოკლული ვეფხვი საქართველოში აზერბაიჯანიდან მოხვდა. ვარაუდობენ, რომ ამხელა მანძილი მან ძუ ვეფხვის ძებნაში გამოიარა. მარშრუტი, დაახლოებით, ასეთი უნდა ყოფილიყო: აზერბაიჯანი, გარდაბნის ტყე, მანგლისი. შემდეგ ვეფხვი მტკვრის მიდამოებს ტოვებს და მდინარე ხრამს ან მდინარე ალგეთს მაღლა აუყვება. ასე აღმოჩნდა თბილისიდან 23 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ლელობთან, სადაც გლეხების საქონელს ესხმოდა თავს. მისი ბუნაგი მონადირეებმა იპოვეს და მოკლეს.

თბილისის შესასვლელთან მოკლული ვეფხვი

ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, რომ ეს საქართველოში ვეფხვის მიგრაციის მეორე შემთხვევა იყო. პირველი აღნიშნული აქვს დავით მესხიშვილს XVIII საუკუნეში. მონადირეებს ვეფხვი კახეთში მოუკლავთ და მეფე ერეკლესთვის მიურთმევიათ.

ვეფხვი რომ გვყავდა, მაგას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. მერე რა, რომ ნამარხი არ არის აღმოჩენილი, შეიძლება მერე აღმოჩნდეს. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ყველაგან იყო გავრცელებული და ჩვენ რატომ აგვივლიდა გვერდს?!
ზურაბ გურიელიძე

XVIII საუკუნეში მოღვაწე გერმანელ მოგზაურსა და მეცნიერს, გიულდენშტედტს აღწერილი აქვს ორი ვეფხვის ტყავი, რომელიც მან სამეგრელოში, კოლხეთის ჭაობებში, ნახა.

არსებობს ვარაუდი, რომ ვეფხვი საქართველოში ბინადრობდა, მაგრამ ფაქტობრივი მასალა, გარდა ამ ვეფხვისა (1921 წელს მოკლული), არა გვაქვს“, - ამბობს ვერა ფხაკაძე, ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიური კოლექციის მთავარი კურატორი.

უკანასკნელი ბაირახტარი

თბილისთან მოკლული ვეფხვის ფიტული ახლა ეროვნულ მუზეუმში ინახება. ეს თურანული, იგივე კასპიური, ვეფხვია, რომელიც დღეს არათუ საქართველოში, მთელ მსოფლიოში აღარ არსებობს. აწერია, რომ 160 კილო ყოფილა. ზოგადად, თურანული ვეფხვი სწორედ თავისი ზომით გამოირჩეოდა.

„ისეთივე ზომის იყო, როგორიც ციმბირული ვეფხვია, რომელიც ყველაზე დიდ მტაცებლად ითვლება, თეთრი დათვის მერე. 2017 წელს ტაქსონომიური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ კასპიური ვეფხვი და ციმბირული ვეფხვი ერთი ქვესახეობაა. ანუ შეიძლება აღარ ჩავთვალოთ გადაშენებულად, რადგან ციმბირული ვეფხვი ჯერ კიდევ არსებობს. ახლა ირანშიც დაიწყეს ამ სახეობის აღდგენაზე მუშაობა“, - ამბობს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. მას ეჭვი არ ეპარება, რომ წარსულში საქართველოს ტერიტორიაზე ვეფხვები ბინადრობდნენ, რადგან თურანული ვეფხვის გავრცელების არეალი აღმოსავლეთ თურქეთიდან იწყებოდა და შუა აზიაში მთავრდებოდა. ყველაზე დიდხანს, მეოცე საუკუნის შუა წლებამდე, აზერბაიჯანში შემორჩა.

ვეფხვი რომ გვყავდა, მაგას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. მერე რა, რომ ნამარხი არ არის აღმოჩენილი, შეიძლება მერე აღმოჩნდეს. ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ყველაგან იყო გავცელებული და ჩვენ რატომ აგვივლიდა გვერდს?! მთელ საქართველოში არა, მაგრამ, სავარაუდოდ, კოლხეთის ჭაობებიდან მოყოლებული მტკვრის ხეობაში და მტკვარ-არაქსის ჭალებში იყო“, - ამბობს ზურაბ გურიელიძე.

თუმცა ფაქტია, რომ 1921 წელს მონადირეებს აზრადაც არ მოსვლიათ იშვიათ სახეობას გაფრთხილებოდნენ. დანაკარგი უფრო სამეცნიერო წრემ იგრძნო. მოგვიანებით გიორგი ლეონიძემ თურანულ ვეფხვს ლექსი მიუძღვნა:

სარაცინების თესლით ამტყდარი

და პამირების ბურში მყვირალი,

მოატყდი სივრცეს გასაკვირალი,

პანმონგოლიზმის ბაირახტარი“...

თურანული ვეფხვის ფიტული

პანტერებიამარხებიდან

ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პალეონტოლოგი ნიკოლოზ ვანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ვეფხვის ნამარხი აღმოჩენილი არ არის, მაგრამ არის ნამარხები, რომლებიც, ზოგადად, პანტერათა გვარის წარმომადგენლებს ეკუთვნით.

ნიკოლოზ ვანიშვილი განმარტავს, რომ პანტერები ევრაზიაში აფრიკიდან შემოვიდნენ. საქართველოში ამ გვარის წარმომადგენლის უძველესი ნაშთი (დაახლოებით, 3 მილიონი წლის წინანდელი) კახეთში, ქვაბებშია ნანახი. დაახლოებით, 2 მილიონი წლის წინანდელია მეორე, დმანისში აღმოჩენილი, პანტერა - Panthera gombaszoegensis და კიდევ ერთი ახალქალაქთან - 900 ათასი წლის წინანდელი. ახალქალაქთანაც Panthera gombaszoegensis აღმოჩნდა, თუმცა ამ შემთხვევაში მისი ქვესახეობაც გამოყვეს - გეურგიუსი. მოგვიანებით, 130 ათასი-30 ათასი წლის წინ, გამოჩნდა ე. წ. მღვიმური პანტერა. ის ევრაზიაში ფართოდ იყო გავრცელებული. მღვიმური პანტერის ნამარხები ძირითადად დასავლეთ საქართველოში გვხვდება.

გარემო მუდმივად იცვლებოდა, იცვლებოდა პანტერების საცხოვრებელი პირობებიც. ახალ პირობებთან ადაპტაციისას ერთი სახეობისგან, შესაძლოა, მეორე ჩამოყალიბდეს, ან, საერთოდ, გაქრეს. ფაქტია, რომ პანტერები დღეს არსებობენ, მაგრამ რომელი ევოლუციური ხაზი გადარჩა და რომელი გადაშენდა, ამაზე საუბარი რთულია“, - ამბობს ნიკოლოზ ვანიშვილი, - არქაული ფორმის პანტერები უფრო მოქნილები იყვნენ, ალბათ უფრო ადაპტირებულები იყვნენ ხეებზე ცხოვრებისთვის. მღვიმურ პანტერას რაც შეეხება, ის უფრო მასიური, ვეფხვზე დიდიც კია. ეს ცხოველი უფრო ლომს და ვეფხვს ჰგავდა, ვიდრე ლეოპარდს“.

ლეოპარდი

დღეს პანტერასებრთა გვარის სამი წარმოამდგენელი არსებობს: ლომი (Panthera leo), ვეფხვი (Panthera tigris) და ლეოპარდი (Panthera pandus). ეს სამი პირადაპირი წარმომადგენელია თუ არა ნამარხებში ნაპოვნი Panthera gombaszoegensis -ისა, ამის თქმა ძალიან ძნელია, მაგრამ მიიჩნევა, რომ ისინი მაინც ახლო ნათესავები არიან.

მაგრამ ბოლო 20 წლის კვლევებით აღმოჩნდა, რომ მტაცებელი დინოზავრების 99 %-ს ღინღლი ან ბუმბული ჰქონდა.
ნიკოლოზ ვანიშვილი

რატომ არის ასე ძნელი უკვე გადაშენებული ცხოველების დეტალური სურათის აღდგენა? ნამარხების მიხედვით მხოლოდ ცხოველების აგებულებაზე გვექმნება წარმოდგენა და არა მათ საბოლოო იერზე, რადგან რბილი ქსოვილი (ტყავი, ბუმბული და ა.შ.) არ ნარჩუნდება, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება შემორჩეს რბილი ქსოვილის ანაბეჭდი.

მაგალითად, დინოზავრების რეკონსტრუქციისას რატომღაც (თუმცა ამაშიც იყო გარკვეული ლოგიკა) გადაწყვიტეს, რომ დინოზავრების კანი მათი უახლოესი ნათესავის, ნიანგის, კანის მსგავსი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ბოლო 20 წლის კვლევებით აღმოჩნდა, რომ მტაცებელი დინოზავრებ 99 %-ღინღლი“ ან ბუმბული (პრიმიტიული ფორმით) ჰქონდა. ეს გაირკვა იმით, რომ იპოვეს მტაცებელი დინოზავრის სრული ჩონჩხი, რომლის გარშემო მისი საფარის (ტყავის, კუნთოვანი ქსოვილის) ანაბეჭდებიც იყო“, - ამბობს ნიკოლოზ ვანიშვილი.

ლეოპარდი და ტარიელი

როგორ შემოინახა ვეფხვი ქართულმა ფოლკლორმა და ლიტერატურამ? პარადოქსია, მაგრამ „ვეფხისტყაოსანში“, რომელიც ვეფხვის ხსენებაზე პირველად გვახსენდება, სინამდვილეში ლეოპარდზეა საუბარი.

რუსთაველის ერთ-ერთი მკვლევარი, თსუ-ს პროფესორი ელგუჯა ხინთიბაძე, ამბობს, ვეფხვი „Tigris“ მნიშვნელობით საქართველოში მხოლოდ მე-19 საუკუნიდან მკვიდრდება, მანამდე კი ეს სახელი პანტერას, იმავე ლეოპარდს ერქვა.

ვეფხვის არსებობის კვალი არც ქართულ ზეპირსიტყვიერებაში ჩანს. მართალია, ვეფხვი ნახსენებია, მაგრამ, უმეტესად, მხოლოდ მეტაფორულად.

ლომი უფრო ინტენსიურად არის შემოსული ზეპირსიტყვიერებასა და ლიტერატურაში, ვიდრე ვეფხვი. შეიძლება თითო-ოროლა მეტაფორა შეგხვდეს, მაგ: „ვეფხვივით“, მაგრამ ისე, რომ პერსონაჟი იყოს სადმე, (გარდავეფხისა და მოყმის ბალადისა“) არ მახსენდება“, - ამბობს თსუ-ის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე ქეთევან სიხარულიძე.

კიდევ ერთ მიზეზად, რის გამოც ვეფხვი ქართულ ფოლკლორში ნაკლებადაა შემორჩენილი, მეცნიერები ასახელებენ იმასაც, რომ ზეპირი გადმოცემების ჩაწერა მხოლოდ მე-19 საუკუნიდან დაიწყო. რაც შეეხება ისტორიულ მასალას, ქართული ისტორიული წყაროები არათუ ცხოველების აღწერას არ გვთავაზობს, ზოგადად, იშვიათად ინტერესდება ისეთი მოვლენებით, რომელიც არც მეფეების ცხოვრებას ეხება და არც ომებს.