რუსებს „დედისგინება“ ეკრძალებათ

1 თებერვალს რუსეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სოციალურ ქსელებში აწესებს მთელ რიგ შეზღუდვებს, მათ შორის მომხმარებლებს უკრძალავს ბილწი, საგინებელი სიტყვების გამოყენებას. რუსეთის მოქალაქეების დამოკიდებულება უხამსი ლექსიკისადმი გამოიკვლია ФОМ-მა - “საზოგადოებრივი აზრის ფონდმა“. როგორც ირკვევა, ქალებიც ისეთივე სიხშირით იგინებიან, როგორც კაცები. გინება და ბილწსიტყვაობა ასევე მიღებულია ინტელექტუალთა წრეებშიც.

1 თებერვლიდან სოციალური ქსელები უკვე ვალდებულნი არიან დამოუკიდებლად განსაზღვრონ და დაბლოკონ "აკრძალული კონტენტი" და წაშალონ შესაბამისი პოსტები. ცალკე პუნქტად გამოყოფილია უხამსი ენის შემცველი მასალები. ხელისუფლების მიერ აკრძალული პუბლიკაციების წაშლაზე უარის თქმის შემთხვევაში საიტის მფლობელმა (ფიზიკურმა პირმა) უნდა გადაიხადოს ჯარიმა 100 ათასი რუბლი, ან 3-დან 8 მილიონ რუბლამდე, თუ ქსელის ან ვიდეოჰოსტინგის მფლობელი იურიდიული პირია. განმეორებითი დარღვევის გამო, ქსელის მფლობელმა შეიძლება დაკარგოს წლიური შემოსავლის 20 პროცენტი.

იმაზე, თუ რამდენად პროდუქტიულია ასეთი აკრძალვები, მსჯელობს მაქსიმ მოშკოვი, მოშკოვის ელექტრონული ბიბლიოთეკის შემქმნელი.

- სოციალური ქსელის განმარტება იმდენად ფართოა, რომ ყველაფერი შეიძლება მოარგო მას. მსხვილი საიტი, სადაც ბევრი სტუმარი ურთიერთობს და უმართავი კონტენტია (შინაარსი), ძალიან ბევრია: სურვილის შემთხვევაში, ისინი ასევე შეიძლება გამოცხადდნენ სოციალურ ქსელად. ზოგადად, ეს არის ძალიან უგუნური კანონი, რომლის გაგებაც ცოტას თუ შეუძლია. ნებისმიერი აკრძალვა უნდა იყოს ფუნქციური. მაგალითად, ადამიანის მოკვლა არ შეიძლება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ცუდია, არამედ იმიტომაც, რომ ამის გამო ციხეში სვამენ: ამისთვის არის პოლიცია, ციხეები და ბანაკები, სადაც მკვლელები სხედან. და რა გვაქვს ინტერნეტსაიტებისთვის? აქ უფრო რთულადაა საქმე: ჯერ კიდევ მოსაფიქრებელია, ვინ უნდა დაისაჯოს. ქსელი ანონიმურია - ყოველთვის არ არის ნათელი, ვინ არის მფლობელი და ვის უნდა წავუყენოთ პრეტენზია, თუ კი რაიმე დარღვევაა.

გარდა ამისა, შინაარსის კონტროლი თავისთავად ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ხალხი ქმნის ათობითი გიგაბაიტის ტექსტს, შენიშვნას და კომენტარს და იმის გასაგებად, არის თუ არა ისინი უკანონო, საჭიროა მათი წაკითხვა. გამოდის, რომ თქვენ უნდა დასვათ რამდენიმე ათეული ან ასობით თანამშრომელი, რომლებიც ამ ყველაფერს წაიკითხავენ და ამოკრეფენ „უკანონობებს“ (ან უგულებელყოფთ, რადგან ეს არის ხელფასი, რესურსები, ინვესტიციები და ა.შ.) ან გააკეთებთ ამას ნეიროქსელებისა და პროგრამული მხარდაჭერის, ფილტრების, ბლოკებისა და მსგავსი რაღაცების დახმარებით, მაგრამ ყველა შემთხვევაში დაგჭირდებათ გარკვეული რაოდენობის ცოცხალი ადამიანი, რომლებმაც უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება.

მაქსიმ მოშკოვი

სხვათა შორის, ასე აკეთებს Facebook-ი: არსებობს ჩამონათვალი გარკვეული სიტყვებისა, რომელთა ხსენება არ შეიძლება, ისინი იფილტრება და ხდება კონტენტის (შინაარსის) ბლოკირება. მაგრამ როგორც კი დაიწყებთ სხვა სიტყვების ხსენებას, რომლებიც რუსმა კანონმდებლებმა ჩაწერეს კანონში, ნახავთ, რომ სოციალურ ქსელს აღარ აქვს ამის ფილტრები და, შესაბამისად, ისინი შეუმჩნეველი დარჩება. აქ უკვე აუცილებელია ალგორითმების დამატება და ესეც რესურსია. სოციალური ქსელები ამას ან გააკეთებენ, ან - არა. დღეისათვის ერთადერთი მუშამექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ სოციალურ ქსელებში დარღვევები ხდება „დარეპორტების“ გზით: ვიღაცამ შენიშნა, სადღაც "ჩაუშვა" და ვიღაცა ცდილობს ვითარებაში გარკვევას. აი, ეს მუშაობს. ხოლო თუ ქსელმა თავად უნდა გამოავლინოს „უკანონობები“, სათუოა, რომ ამან იმუშაოს.

- კი მაგრამ საზოგადოებრივ სივრცეში უცენზურო ლექსიკის გამოყენებისათვის დაწესებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - რაღა საჭიროა სხვა კანონები, რომლებიც დაარეგულირებენ მის გამოყენებას?

- როდესაც ცოცხალ ადამიანებში იგინები ცოცხალი ადამიანური ხმით, თქვენთან შეიძლება მოიყვანონ პოლიციელი, რომელიც დაუყოვნებლივ დააფიქსირებს ამას. მაგრამ როდესაც ასეთ სიტყვებს იყენებ ინტერნეტში, ყველაფერი, ერთი მხრივ, უფრო რთულდება, მეორე მხრივ კი, უფრო იოლდება. თუ პოლიციელს თვითონ არ გაუგონია შენი გინება ქუჩაში, მაშინ თითქოს არც არაფერი ყოფილა, მაგრამ თუ ინტერნეტში გამოხატეთ აზრი, პოლიციელის მოყვანა შესაძლებელია თუნდაც სამი წლის შემდეგ. აქ მთავარია დამნაშავის დანიშვნა, რომელმაც ეს საქმე უნდა გამოასწოროს. აი, ინტერნეტში უხამსი სიტყვაა გამოდებული და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი: ვინც დაწერა ის, ვინც გამოაქვეყნა, ვინც ფლობს საიტს, ვინც ფლობს დომენს, თუ პროვაიდერი, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას, ან იქნებ მომხმარებლის პროვაიდერი? ამ ექვსი განსხვავებული ფიზიკური პირიდან ვინ უნდა აგოს პასუხი?

- საზოგადოებაში არაერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია იმის შესახებ, დასაშვებია თუ არა გინების გამოყენება მხატვრულ ნაწარმოებში. რა აზრის ხართ ამაზე?

- მე პრაქტიკულად არ ვიყენებ ამ სიტყვებს მაშინაც კი, როდესაც გათბობის რადიატორი მეცემა ფეხზე. უმეტეს შემთხვევაში მძიმედ გადამაქვს, როცა ჩემი თანდასწრებით იგინებიან, მაგრამ დასაშვებად მიმაჩნია საგინებელი სიტყვების გამოყენება ლიტერატურასა და ხელოვნებაში იქ, სადაც იგი ადეკვატურია, სადაც ამის გაუკეთებლობა, უბრალოდ, შეუძლებელია. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია გობლინის მიერ თარგმნილი ცნობილი ფილმი Snatch. გობლინმა ინგლისური უცენზურო ენა მხატვრულად მოარგო რუსულ გინებას (мат) და შედეგად მიიღო შესანიშნავი ფილმი, რომელიც ორიგინალზე უკეთესი გამოვიდა. ასევე მყავს საყვარელი მწერალი იგორ ფროლოვი, რომელმაც დაწერა წიგნი ავღანეთში ნაომარი მფრინავების შესახებ, სახელწოდებით "ბორტჟურნალი". წავიკითხე ამ წიგნის ვერსია, რომელშიც ყველა გინება ჩანაცვლებულია ევფემიზმებით, რამაც ტექსტი საგრძნობლად დააზიანა, - ამბობს მაქსიმ მოშკოვი.

სოციოლოგებმა შეისწავლეს დამოკიდებულება უცენზურო სიტყვებისა და გამოთქმების მიმართ.„საზოგადოებრივი აზრის ფონდის" მონაცემებით, რუსების 43 % ამბობს, რომ ხშირად ესმის უცენზურო ლექსიკა საზოგადოებრივ ადგილებში, 51 %-ის აზრით კი, საზოგადოებრივ ადგილებში იშვიათად იგინებიან. გამოკითხულთა 70 % -ზე მეტი თავად იყენებს ამგვარ უცენზურო გამოთქმებს. გამოკითხულთა 1/3 მიიჩნევს, რომ უპირატესად მამაკაცები იგინებიან, 50 %-ზე მეტი კი ფიქრობს, რომ ამ ასპარეზზე ქალები და კაცები ერთმანეთისგან არსებითად არ განსხვავდებიან. გამოკითხულთა 60 % -ის აზრით, ხელოვნების ნაწარმოებში უხამსი გამონათქვამების გამოყენება დაუშვებელია ნებისმიერ ვითარებაში, 37 % კი ფიქრობს, რომ ზოგჯერ ასეთი რამ შეიძლება მისაღები იყოს. რუსული ენა, როგორც ვიცით, ცნობილია თავისი უცენზურო გამონათქვამებით, მაგრამ რუსების აბსოლუტური უმრავლესობის (85 %) აზრით, ეს არ შეიძლება იყოს სიამაყის საგანი.

- მეცნიერ-ფილოლოგები ამტკიცებენ, რომ ასეთ ლექსიკას გარკვეული მაგიური, ჯადოსნური მნიშვნელობაც კი აქვს, - ამბობს „საზოგადოებრივი აზრის ფონდის“ (ФОМ) მმართველი დირექტორი ლარისა პაუტოვა. - ადამიანები მას სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა მიზეზების გამო იყენებენ. რატომ იყენებენ? ეს არის ემოციურად ძალიან გაჯერებული მდიდარი ლექსიკა, რომელიც ასახავს ვერბალურ (ანუ სიტყვიერ) აგრესიას. მას ადამიანები იყენებენ სიტუაციებში, როდესაც თავს ცუდად გრძნობენ ან ჩაბმული არიან რაიმე სახის კონფლიქტში. ამასთან, გამოიფრქვევა ნეგატიური ენერგია. გარდა ამისა, უხამსი, უცენზურო გამონათქვამები გარკვეულ ჯგუფებში წარმოადგენს სოციალური ერთობისა და იდენტიფიკაციის საშუალებას პრინციპით "ჩემიანი - უცხო". მოზარდები, მაგალითად, გარკვეულ მომენტში იწყებენ ამ ენაზე საუბარს, არანორმატიული ლექსიკის გამოყენებით: ეს არის შესაძლებლობა გახდე შინაური ("ჩვენიანი") ჯგუფში. გასაკვირია, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებულ ჯგუფებშიც, მაგალითად, ძლიერ ინტელექტუალურ, ბოჰემურ ჯგუფებში, ასევე იყენებენ ამ ლექსიკას, მათ შორის საჯარო სივრცეში: Facebook- ზე, ინტერნეტში. ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი გამოწვევა, სიმამაცე, სურვილი, რომ არ იყო ბოლომდე "სწორი", "კარგი ბიჭი ან გოგო". ესეც იდენტიფიკაციისა და შეკავშირების საშუალებაა ერთნაირი "მაგარი ინტელექტუალებისა".

- თქვენი კვლევის თანახმად, რუსების 75 % ზოგჯერ თავს უხერხულად ან უკმაყოფილოდ გრძნობს, როდესაც გარშემომყოფებისგან უცენზურო სიტყვებს ისმენს. ეს მაშინ, როცა 72 % თავად იყენებს ასეთ გამოთქმებს. რა სახის ფსიქოლოგიური ფენომენია ეს: შენთვის შეიძლება, სხვისთვის კი - არა, უსიამოვნოა?

ლარისა პაუტოვა

- ერთი მხრივ, ეს არის სურვილი ამოაფრქვიო ნეგატიური ემოცია, მეორე მხრივ, ადამიანები განიცდიან დანაშაულის გარკვეულ გრძნობას, ესმით რა, რომ ასეთი სიტყვების თქმა არ არის კარგი. საზოგადოებაში მათი ხმარება აკრძალულია. აი, ამიტომ ბევრი ფიქრობს, რომ თავად შეუძლია გამოიყენოს, მაგრამ სხვებისგან ასეთი სიტყვების მოსმენის შემთხვევაში, გარკვეულ უხერხულობას განიცდიან, რცხვენიათ, თანაც ორმაგად, რადგან თვითონაც იყენებენ ასეთ სიტყვებს, - ამბობს სოციოლოგი ლარისა პაუტოვა.

აი რას ფიქრობს „საზოგადოებრივი აზრის ფონდის“ იმავე კვლევაზე სოციოლოგი ლუბოვ ბორუსიაკი.

- ბილწსიტყვაობის დამკვიდრებისა და უცენზურობის თემის პრობლემამ თუ გადააზრების აუცილებლობამ ბოლო წლებში იჩინა თავი. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, საინტერესოა არა ინტელექტუალთა, არამედ რუსეთის მთელი საზოგადოების გამოკითხვა. ერთი მხრივ, ხალხი (თითქმის ნახევარი) ამბობს, რომ ხშირად ისმენენ იმას, რასაც ადრე უწოდებდნენ უცენზურო ან მიუღებელ ლექსიკას საზოგადოებრივ ადგილებში. მეორე მხრივ, ადამიანების უმეტესობა ჯერ კიდევ განიცდის უხერხულობას ამის გამო. ეს ძალიან საინტერესო მომენტია, ანუ, ერთი მხრივ, ეს თითქმის ნორმალური მოვლენაა იმ გაგებით, რომ ყველგან და რეგულარულად გვხვდება. ამასთან, ძირითადად რატომღაც ამბობენ, რომ ეს დამახასიათებელია ახალგაზრდებისათვის.

მაგრამ, მეორე მხრივ, რჩება ძველი ნორმები, რომ ამის გასაკეთებლად შეუფერებელია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ანუ უხამსი ენის ნორმალიზება საზოგადოებაში არ მომხდარა. ეს გარემოება განსაკუთრებით იჩენს თავს მაშინ, როცა დაისმის კითხვა: რამდენად მისაღებია ასეთი ლექსიკის გამოყენება ხელოვნების ნიმუშებში. აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს მიუღებელია, თუმცა თავად შემოქმედები, მაგალითად, თეატრალური წარმოდგენების დამდგმელები მიიჩნევენ, რომ ეს ცხოვრების ნაწილია და ამიტომ სავსებით შესაძლებელია, როდესაც საქმე ეხება ემოციებს. ამის მიუხედავად, ეს არის კანონიკის გარკვეული დარღვევა, რომელიც, ერთი მხრივ, ზრდის ინტერესს სპექტაკლის ან ფილმის მიმართ, მაგრამ ძირითადად მას განიხილავენ უარყოფით კონტექსტში, როგორც საზოგადოებრივი აზრისათვის სილის გაწვნას.

წინა პარადიგმაში ითვლებოდა, რომ უცენზურო ლექსიკა ეს არის ბრუტალური, მასკულინური ქცევის ნაწილი, რომ კაცებისათვის ამგვარი ლექსიკის გამოყენება მეტად ნორმალიზებულია, ვიდრე ქალებისთვის: ქალებმა ეს არ უნდა გააკეთონ, კაცებს კი ეპატიებათ. ეს ასეთი კონსერვატიული შეხედულებაა ქალურობის (ფემინურობის) შესახებ, რომ ის არ უნდა იყოს უხეში. ქალი მაინც ნაზი არსებაა და არა მეწაღე, რომლისთვისაც გინება ნორმალურად ითვლება. აქ ჩანს მასკულინობისა და ფემინურობის ორმაგი სტანდარტი, რომელიც არსებობდა არა მხოლოდ ამ სფეროში, არამედ სოციალური და სოციოკულტურული ცხოვრების უმეტეს სფეროებში. ახლა და აქ ბევრი რამ იცვლება, კერძოდ, გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ ორივე ძირითადი სქესის წარმომადგენლები თანაბარი სიხშირით იყენებენ ამ ტიპის ლექსიკას.

ლუბოვ ბორუსიაკი

- როგორ ხსნით უცენზურო გამონათქვამების ნორმალიზებას ინტელექტუალურ წრეებში?

- ინტელიგენციის წარმომადგენლები ადრეც აღიარებდნენ იმას, რომ იყენებენ უცენზურო ლექსიკას. მათი ბაგეებიდან ეს სიტყვები სხვაგვარად ჟღერს და ამის გამო ისინი კი არ უთანაბრდებიან, არამედ უფრო მეტად გამოირჩევიან ჩვეულებრივი პუბლიკისგან, რომელმაც არ იცის გინებისა და ბილწსიტყვაობის „ლამაზად“ გამოყენება. ამტკიცებდნენ, რომ მათ მიერ წარმოთქმული იგივე სიტყვები სულ სხვა სოციალურ-კულტურულ კონტექსტში ხვდებიან. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახლა ეს უფრო გაძლიერდა. დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ სოციალურ ქსელში ერთმა ფილოლოგმა თავის გამომწერებს დაუსვა კითხვა: არიან აქ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ იგინებიან? თავად კითხვა მიანიშნებდა, რომ ასეთები, ვინც არ იგინება, ცოტანი არ არიან. მართლაც, უმრავლესობამ სიხარულით აღიარა, რომ ამგვარ ლექსიკას იყენებდა და ამაში, ერთი მხრივ, იყო გარკვეული სიმამაცის შეგრძნება: "ჩვენ ვარღვეთ ნორმას", მაგრამ, მეორე მხრივ, იყო სიხარულის განცდა, რომ „ასევე შევესაბამებით ჯგუფურ ნორმას“. ეს არის მარგინალური ქცევის ძალიან საინტერესო ფენომენი, რომელიც ნორმალიზდება საზოგადოების ყველაზე განათლებულ ჰუმანიტარულ სეგმენტში.

- რა მიზნებს ემსახურება არანორმატიული ლექსიკის გამოყენება?

- უმეტეს შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ რადგან უხამსი ლექსიკა დატვირთულია ექსპრესიულობით, მისი გამოყენებაც ხდება სულიერი შფოთვის ან ძლიერი ემოციების დროს. მათი უმრავლესობისთვისაც კი, ვინც უარყოფითად არის განწყობილი ამგვარი მეტყველების მიმართ, ზოგჯერ იქმნება ისეთი მწვავე, მტკივნეული, ემოციურად გაჯერებული ვითარება, რომელშიც სხვა ენობრივი საშუალებებისთვის ადგილი შეიძლება არ დარჩეს. ბევრი ანეკდოტია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს თავაზიან ევფემიზმებს ადამიანი, რომელსაც ფეხზე ეცემა რაღაც სამშენებლო კონსტრუქცია. ამ სიტუაციაში თავაზიანი ევფემიზმის გამოყენება იწვევს სიცილს, რადგან, ჩვეულებრივ, ადამიანი სხვა სიტყვებით, სწორედ იმ აკრძალული თუ ნორმალურ ვითარებაში რეპრესირებული სიტყვებით ლაპარაკობს. გაზრდილი ემოციური სტრესის პირობებში უხამს ლექსიკას, უბრალოდ, ეხსნება აკრძალვა. მომატებული ემოციური დატვირთვა განსაკუთრებული მდგომარეობაა, რომელიც მოითხოვს სპეციალურ ენობრივ საშუალებებს, რომლებიც ხსნიან დაძაბულობას, ხელს უწყობენ ტკივილის უმტკივნეულოდ და უსაფრთხოდ გადატანას.

საზოგადოებაში უხამსი ენის როლზე საუბრისას ფსიქოლოგი ოლგა მახოვსკაია ამბობს, რომ ბილწსიტყვაობა ყოველთვის იყო სოციალური ქცევის მარკერი:

„არსებობდა აკრძალვა, ბავშვებს ამის გამო ამუნათებდნენ, ეს იყო რაღაც განსაკუთრებული, საგანგებო შემთხვევა. უპირველეს ყოვლისა, არანორმატიული ლექსიკის გამოყენება არის აგრესიისა და ძლიერი ემოციების კანალიზების კარგი გზა. ფსიქოლოგები სიტყვიერ, ვერბალურ აგრესიას გამაფრთხილებელ აგრესიას უწოდებენ: როგორც წესი, მისი გამოყენების შემდეგ იწყება ხოლმე ფიზიკური იერიში. სამწუხაროდ, ვხედავ ახალგაზრდა დედებს, რომლებიც თავიანთ შვილებს ამგვარი ლექსიკის გამოყენებით ლანძღავენ, რაც სამწუხარო სანახაობაა. „საზოგადოებრივი აზრის ფონდის“ მიერ ახლახან ჩატარებულმა კვლევამ სწორედ ის აჩვენა, რომ ბილწსიტყვაობა უფრო მეტად ქალური ან უნისექსუალური ხდება. ადრე ეგონათ, რომ ეს არის მამაკაცების ინსტრუმენტი, რომლითაც აფრთხილებენ ოჯახის შედარებით სუსტ წევრებს, რომ უმჯობესია თავი შორს დაიჭირონ, თორემ მოუწევს ფიზიკური ძალის გამოყენება. მაგრამ ახლა ზუსტად ასევე იქცევიან ქალები (სხვათა შორის, მრავალი სხვა ტიპის რეალობის უნიფიცირებაც მოხდა). არსებობს ასევე სულელური ნორმა - ყველა იგინება და მეც ვიგინები.

სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა ბილწსიტყვაობის სიხშირე არა მხოლოდ ზოგიერთ კერძო შეტაკებაში, არამედ საზოგადოებრივ ადგილებშიც, რადგან პანდემიის ფონზე ჩვენ ვხედავთ აგრესიის დონის მატებას, მაგრამ ФОМ-ის ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ასე არ მოხდა. როგორც ჩანს, მუშაობს სხვა დამცავი მექანიზმი - ხალხს ეშინია სოციალური სანქციების, ცოტათი ერთმანეთსაც უფრთხიან და, ალბათ, არ ცდილობენ ცეცხლზე ნავთის დასხმას და კონფლიქტების სახიფათოდ გაღვივებას.

თუ ბილწი სიტყვა იქცევა საყოველთაო მოხმარების ლექსიკად, ის აუცილებლად დაკარგავს ყოველგვარ აზრს. გამოჩნდება გაფრთხილების სხვა გზები, ტრადიციულ გინებას ჩაანაცვლებს ტროლინგის სხვა ფორმები. ზოგჯერ მოხდენილი გამონათქვამები ისევე შეურაცხმყოფლად ჟღერს, როგორც უცენზურო ლექსიკა. ახლა, ამ კვლევის თანახმად, ბილწსიტყვაობას რთული პერიოდი უდგას. იგი განიცდის მუტაციას ვერბალური ვირუსივით, მაგრამ უწევს გადარჩენისათვის ბრძოლა მკაცრ კონკურენციაში სხვა სტილისტურ სტრატეგიებსა და ტაქტიკასთან. ენა ძალიან მგრძნობიარედ რეაგირებს საზოგადოებაში არსებულ სოციალურ-ფსიქოლოგიურ ატმოსფეროზე. შესაძლოა ამ თვალსაზრისით სწორედ ბილწსიტყვაობა გვაქცევს დაუცველებად, რადგანაც გვიჩვენებს უკიდურეს დაძაბულობას, ნეგატიურ ემოციებს და შიშებს, რომლებსაც განვიცდით და სხვადასხვა სახის ემოციების გამოხატვის მთელ სისტემას ცვლის“.

ოლგა მახოვსკაია

- ამის მიუხედავად, რუსები ხშირად იყენებენ უხამს გამონათქვამებს: გამოკითხულთა თითქმის სამი მეოთხედი აღიარებს ამას.

- ეს მიუთითებს ლატენტური (ფარული) აგრესიის ძალიან მაღალ დონეზე, რაც არახელსაყრელ ვითარებაში, განათლებისა და სოციალური აკრძალვების მიუხედავად, შეიძლება გადაიზარდოს აგრესიის უფრო აქტიურ ფორმებში. ბილწსიტყვაობის მოძალება ყოველთვის სოციალური არეულობის მაუწყებელია. აგრესიის განმუხტვა შეიძლება სხვადასხვა გზით მოხდეს, მაგრამ დღეს განმუხტვის კულტურული საშუალებების დიდი ნაწილი არ მუშაობს, უბრალოდ, იმიტომ, რომ შოუები მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო კორონავირუსის პანდემიის გამო ხალხი იმყოფება იზოლაციაში, მათ ყოველთვის არ შეუძლიათ გასვლა და ურთიერთობა მეგობრებთან, რომლებიც შეიძლება ავად არიან ან გაურბიან კონტაქტებს. ნაწილობრივ გაუცხოება მოხდა იმის გამოც, რომ ერთმანეთს ნაკლებად ვხვდებით, განსაკუთრებით მეგობრებს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში ცხოვრობენ.

რა თქმა უნდა, მადლობა ინტერნეტს იმისთვის, რომ ამ პირობებში ადამიანის საქმიანობის უამრავ სფეროს არსებობის საშუალება მისცა. თუმცა, რაც უნდა ეცადოთ, ასეთ ვითარებაში რაღაც მაინც იკარგება. იმისათვის, რომ თავი იგრძნო ადამიანად, საჭიროა სხვებთან ახლო - მათ შორის სხეულებრივი - კონტაქტი. გვესმის, რომ ყველაფერი ადამიანური ჯერ კიდევ ინტერნეტს გარეთაა. ამავდროულად, საზოგადოება ავლენს აგრესიას სხვადასხვა სახის მკვეთრი, დაუსრულებელი, არაპროგნოზირებადი ცვლილებების მიმართ. ადაპტირებისა და სიცოცხლისუნარიანობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ადამიანებიც კი განიცდიან არცთუ სასიამოვნო ემოციებს. იგინებიან თუ არა - არ ვიცი, რადგან ამას ყველა არ აღიარებს. საბედნიეროდ, ჯერ ყველა არ ფიქრობს, რომ ეს ნორმალურია. ნებისმიერ შემთხვევაში, სიტყვიერი აგრესია და უხამსობა, როგორც მისი გამოვლინება, სოციალური არაკეთილდღეობის ნიშანია.