მოსკოვში დაკავებული ქართველი ახალგაზრდა: "ყოველ ხუთ წამში ელექტროშოკერს მირტყამდნენ"

სოსო ღლონტი მოსკოვში 31 იანვარს დააკავეს

“სოსოს 7 დღე მიუსაჯეს. სავარაუდოდ, ტელეფონი მიუწვდომელი იქნება. ვეცდებით საქმის კურსში გამყოფოთ” - ეს შეტყობინება მოსკოვში მცხოვრები ქართველის, სოსო ღლონტის, ინსტაგრამზე ორ თებერვალს გამოქვეყნდა.

სოსო ბლოგერი და ფიტნესინსტრუქტორია. მის Instagram-ის გვერდს 128 ათასი გამომწერი ჰყავს. აქტიურია, ასევე, Facebook-სა და Youtube-ზე.

სოსო 31 იანვარს მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს, სადაც ათიათასობით ადამიანი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, განთავისუფლებას მოითხოვდა.

ტელეკომპანია “Настоящее Время”-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა მის წინააღმდეგ ელექტროშოკერი რამდენჯერმე გამოიყენეს. კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმელები სოსოს დენს მას შემდეგაც ურტყამდნენ, რაც იგი მიწაზე დაეცა.

“დენს ნუღარ მირტყამთ. ისედაც მოგყვებით, გეყოფათ!” - უყვირის სოსო სპეცრაზმელებს.

მოგვიანებით სოსომ საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა, რომ პოლიციამ მასზე დაკავების შემდეგაც იძალადა. 1 თებერვალს, სასამართლო პროცესამდე ცოტა ხნით ადრე, სოსო “Настоящее Время-ს” ესაუბრა.

მისი თქმით, ეროვნებით ქართველია, თუმცა ორმაგი მოქალაქეობა აქვს. როგორც რუსეთის მოქალაქე, პასუხისმგებლობას გრძნობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო და ქუჩაში უსამართლობის განცდამ გამოიყვანა.

“როცა მაკავებდნენ, წინააღმდეგობის გაწევას არ ვგეგმავდი. მესმოდა, ამას სადამდე შეიძლება მივეყვანე. უბრალოდ, იმდენად სასტიკად მომექცნენ, რომ ბრძოლისთვის ვიყავი მზად. ახლა უკვე მესმის, შემდეგ ჯერზე როგორც მოვიქცევი.

ეს თავდაცვასავითაა. ელექტროშოკერი საკმაოდ მტკივნეულია. გავიგე, რომ მისი ძაბვა 120 ათასი ვოლტია, სიმძლავრე კი - 10 ვატი. იმ ელექტოშოკერის სიმძლავრე, რომლის ტარება მოქალაქეებსაც შეუძლიათ, 3 ვატია. დუნდულები ახლაც მტკივა. თირკმელებშიც მირტყეს და ფეხებშიც”, - უთხრა სოსომ “Настоящее Время”-ს.

"სპორტი = მშვიდობას, მშვიდობა ≠ პუტინს"

ცხოვრებაში პირველად საპროტესტო აქციაზე 23 იანვარს გამოვიდა. იხსენებს, რომ 31-ში პოლიციელები დემონსტრანტებს იმაზე გაცილებით უფრო დაუნდობლად ექცეოდნენ, ვიდრე ერთი კვირის წინ.

“...ადამიანებს პირდაპირ ჩემ წინ იჭერდნენ. ერთი ტიპი, უბრალოდ, ტელეფონზე ლაპარაკობდა. ხალხის მასას როგორც კი გამოეყო, მაშინვე დააკავეს”.

რუსეთში მასობრივ დაკავებებსა და პოლიციურ სისასტიკეზე ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებდამცველებიც ლაპარაკობენ. რუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის, ОВД ИНФО-ს, ინფორმაციით, 31 იანვარს სულ 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო აქციები რუსეთში დაგეგმილზე ადრე განახლდა. 2 თებერვალს მოსკოვის ერთ-ერთმა რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში.

იმავე ღამეს გამართულ საპროტესტო აქციაზე კიდევ 1300 ადამიანი დააპატიმრეს.

სოციალურ ქსელებში ბრუტალური დაკავებების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.

მედიის ცნობით, მოსკოვში წინასწარი დაკავების იზოლატორები უკვე გადავსებულია. ზოგმა დაკავებულმა პოლიციის ავტობუსში 40 საათზე მეტი გაატარა.

2 თებერვლის აქციებში სოსოს მონაწილეობა აღარ მიუღია. პირველ თებერვალს “არასანქცირებულ შეკრებაში” მონაწილეობის ბრალდებით, მას შვიდი დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ახლა იგი საპატიმროშია. რადიო თავისუფლება მასთან დაკავშირებას ცდილობს.