საქართველოს გენერალურ პროკურატურაში "კარტოგრაფების საქმისგან" გამოყოფილ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანიც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დავალებების მიმცემი მაღალჩინოსნების პოვნაა, გამოკითხვაზე მივიდა ყოფილი პარლამენტარი, დავით დარჩიაშვილი. ის პროკურატურამ მოწმის სახით დაიბარა გამოძიებაში და, როგორც დარჩიაშვილმა თქვა, გამოკითხვაზე შესვლამდე გამოძიებას კითხვები სავარაუდოდ აქვს მისი საპარლამენტო საქმიანობის დროს გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საფუძველზე, კონკრეტულად კი, განცხადებაზე, რომელიც, მისივე განმარტებით, "ქართული დასის" დამფუძნებლის, ჯონდი ბაღათურიას ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა.
დავით დარჩიაშვილი გენერალურ პროკურატურაში მივიდა ჟილეტით, რომელსაც ეწერა - BACK IN the USSR.
"მთავარი პასუხი კითხვაზე, თუ რა მიზეზით მოვხვდი აქ, არის ის, რომ აბსოლუტურად საბჭოთა სტანდარტით და ტრადიციით მუშაობს პროკურატურა, ეს არაერთხელ მითქვამს. "კარტოგრაფების საქმე" მაგონებს იმდროინდელი საბჭოთა პროკურატურის ქმედებებს, როცა ვიშინსკი იყო სტალინის პროკურორი, ამას უშუალოდ ვეტყვი პროკურორებს.
რაც შეეხება იმას, თუ რა გახდა პროკურატურაში ჩემი დაბარების საბაბი, იხსენებენ ჩემს საპარლამენტო გამოსვლას. მინდა შევახსენო, რომ რაც არ უნდა მეთქვა, მათივე გადაკეთებული კონსტიტუციით, რომელიც 2018 წელს მიიღეს, არის მუხლი, რომელიც დეპუტატზე ასეთ დაკითხვებს იმის თაობაზე, თუ რა თქვა მან დებატების დროს, საიდან ჰქონდა ინფორმაცია დეპუტატს - ამისგან ათავისუფლებს და არავითარი უფლება არ აქვს პროკურატურას, რომ ამ თემებზე მელაპარაკოს. მოკლედ რომ გითხრათ, მაშინდელი ოპოზიციონერი ჯონდი ბაღათურია ისეთივე ბრალდებებით გამოდიოდა, როგორც დღეს პროკურატურა და ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან და აცხადებენ, რომ "თქვენ გაყიდეთ გარეჯი". ისეთივე ლიტონი და უტიფარი ბრალდებები იყო, როგორც დღეს. მაშინ მას ვუთხარი, რომ ის, რა ვითარებაც არის საზღვარზე, სერგო ორჯონიკიძის და იოსებ ბესარიონის ძე სტალინის პასუხისმგებლობაა და თუ უნდა, მათ მოსთხოვოს პასუხი. ვინც ახლა, დელეგაციის, კომისიის წევრების და მესაზღვრეების სახით ცდილობს, ჩვენი ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა გააკონტროლოს და ამ ყველაფერს იმათ აბრალებს, რაც წინაპრების დანაშაულია, ეს სრულიად არაადეკვატურია", - განაცხადა დარჩიაშვილმა გამოკითხვაზე შესვლამდე.
დავით დარჩიაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. 2021 წლის 22 იანვარს მან ფეისბუკზე დაწერა, "ქართული საზოგადოება თან სამოქალაქო საზოგადოებაც რომ იყოს, ილიჩოვა-მელაშვილის პრაკურორების გონზე მოსაყვანად რუსთაველზე იმდენი კაცი დადგებოდა, რამდენსაც რუსთაველი იტევს"-ო.
"კარტოგრაფების საქმეზე" პროკურატურამ გამოძიება იანვარში დაასრულა და მაშინვე გამოიყო ცალკე საქმე, რომელმაც უნდა იპოვოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის ქვეყნის საზიანო დავალებების მიმცემი მაღალჩინოსნები.
ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი წინასწარი პატიმრობიდან პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ 28 იანვარს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ამ საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 10 თებერვალს არის დანიშნული. ივერი მელაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ორგანიზებული სიძულვილის კამპანიის სამიზნე გახდა, სადაც მონაწილეობდნენ როგორც საჯარო მოხელეები, ასევე სასულიერო პირები და პრორუსი აქტორები.
ასევე ნახეთ "კარტოგრაფების საქმე" - გამოძიების ქრონოლოგია