რუსეთის პოლიციამ, ეროვნულმა გვარდიამ და „ომონმა“ ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციები დაშალეს და 1380-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 2 თებერვალს, ღამით დაიწყო მას შემდეგ, რაც მოსკოვის ერთ-ერთმა რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში.
სასამართლომ განაჩენი გამოიტანა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიმართვის საფუძველზე, რომლის მიხედვით, ნავალნიმ დაარღვია პირობითი სასჯელით დაკისრებული ვალდებულებები.
2 თებერვალს, სასამართლოს სხდომაზე გამოსვლისას ალექსეი ნავალნიმ მის მოწამვლასა და სისხლის სამართლებრივ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პირადად პრეზიდენტი პუტინი.
დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგმეს სასამართლოს მიერ ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილი განაჩენი და რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც გასული წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 18 იანვარს კი, 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს.
რუსეთის ათეულობით ქალაქში 23 და 31 იანვარსაც გაიმართა საპროტესტო აქციები ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით. პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ აქციები ძალის გამოყენებით დაშალეს და 10 ათასამდე ადამიანი დააკავეს.
ნავალნის მხარდამჭერთა საპროტესტო გამოსვლების გამო, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის არაერთი საქმე აღძრა პოლიციის მიმართ ძალადობის, ხულიგნობის, მასობრივი არეულობებისკენ მოწოდების, უკანონო საქმიანობაში არასრულწლოვანთა ჩართვის, სანიტარიული წესების დარღვევის და სხვა მუხლებით.
ალექსეი ნავალნის "კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა" 19 იანვარს გამოაქვეყნა გამოძიების შედეგად მომზადებული დოკუმენტური ფილმი "პუტინის სასახლე", რომელიც ეხება რუსეთის პრეზიდენტის და მისი უახლოესი გარემოცვის კორუფციულ სქემებს და გელენჯიკთან მდებარე სასახლის მშენებლობას.
ფილმის პირველი ჩვენებიდან ერთი კვირის შემდეგ, პუტინმა სტუდენტებთან ონლაინ-შეხვედრაზე თქვა, რომ ეს სასახლე არ ეკუთვნის არც მას და არც მის უახლოეს ნათესავებს.