ინაშვილი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე: ყველაფერზე წავა, რომ საპარლამენტო სკამებს სამუდამოდ მიეწებოს

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას მათი მხრიდან "საპარლამენტო სკამების სამუდამოდ მიწებებად" აფასებს. საკითხს ინაშვილი "ფეისბუკზე" გამოეხმაურა.

"ვფიქრობ, აღარავისთვის არაა სადავო, რომ "ქართულმა ოცნებამ" ტოტალურად გააყალბა არჩევნები, აღარავისთვის არაა სადავო, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიტაცა საპარლამენტო ხელისუფლება. აღარვისთვის არაა სადავო, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერზე წავა, რათა საპარლამენტო სკამებს სამუდამოდ მიეწებოს", - აღნიშნავს ინაშვილი.

ის ამავე პოსტში საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის საკითხსაც აყენებს და ფიქრობს, რომ მანდატების უარის თქმაზე სარჩელი სასამართლომ შეიძლება არც კი განიხილოს:

"ალბათ, მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს. თუმცა, განიხილავს კი საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელს?! აი, აქ არის დიდი კითხვის ნიშანი".

ასევე ნახეთ საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე

პარლამენტში დღეს 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების საკითხს უყარეს კენჭი და არ დააკმაყოფილეს მათი მოთხოვნა მანდატებზე უარის თქმის შესახებ. ეს დეპუტატები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა.