ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხალხის ინტერესებით მოქმედი ოპოზიცია არავის გაურიგდება. ლეიბორისტთა ლიდერმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტისგან თავის შეკავების გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა, რომ პარლამენტში შესვლას "დღევანდელი ისტორიული ქართული ოპოზიცია, რომლის წინამორბედებმა ასეთ ერთიანობას ვერასოდეს ვერ მიაღწიეს", არ აპირებს, თუ არ ჩატარდა ახალი საპარლამენტო არჩევნები. შალვა ნათელაშვილის თქმით, ოპოზიცია ახალი არჩევნებისთვის ბოლომდე იბრძოლებს:
„ოპოზიციამ არჩევანი გააკეთა, ის არ შევიდა უკანონო პარლამენტში, არ გაუთეთრა გაყალბებული არჩევნების შედეგები, არ მისცა საშუალება ოლიგარქს, მოეხდინა ძალაუფლების უზურპაცია. ოპოზიციამ არჩევანი გააკეთა ქვეყანაზე, სახელმწიფოებრიობაზე, მომავალზე, მათ [ხელისუფლებამ] არჩევანი გააკეთეს სახელმწიფოს მიტაცებაზე, პირად ინტერესებზე, ჩვენი ხალხის დათრგუნვაზე. ანუ მათი არჩევანი განწირულია დასამარცხებლად და ოპოზიციის არჩევანი გამარჯვებისა და მომავლის არჩევანია", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე, სადაც უმრავლესობის მიერ ოპოზიციის უფლებამოსილების შეწყვეტაზე თავის შეკავების გადაწყვეტილება უმრავლესობის თავის გადარჩენის ინტერესების კარნახით ახსნა:
„მეგობრებო, დღეს ქვეყნიერებამ კიდევ ერთხელ იხილა ცხოველური შიშით შეპყრობილი ივანიშვილის დეპუტატად თვითწოდებული გოგო-ბიჭები, რომლებმაც ოპოზიციას უარი უთხრეს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმ იმედით, რომ გადაარჩენდნენ თავიანთ უკანონოდ მოპოვებულ ძალაუფლებას, სტატუსს და მილიარდიან ქონებებს. მე წინასწარ ვეუბნები, რომ ეს ყველაფერი განწირულია ჩასაფუშავად. პარლამენტი ერთპარტიულია, იქ ოპოზიცია არ შემოვა, ახალი არჩევნების დანიშვნა გარდაუვალია, სახალხო პარლამენტები ჩვენ წინ გველოდება და სახალხო დეპუტატები და ეს ქოცები თავიანთ სისულელეებში და დანაშაულებრივ ქმედებებში რაც უფრო მაღალ საფეხურზე აიწევენ, უფრო მწარე იქნება დაცემის დროს გამოწვეული ტკივილი“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა 2 თებერვალს არ დააკმაყოფილა ოპოზიციიდან არჩეული 51 დეპუტატის მიმართვა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
პარლამენტის დღევანდელ სხდომას წინ უძღოდა "ქართული ოცნების" უმრავლესობის შეკრება, რომლის შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიიღეს რამდენიმე მოსაზრებაზე დაფუძნებული პრაგმატული გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე თავს შეიკავებენ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან.
ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, „ქართული ოცნება“ კანონის დარღვევით ცდილობს, დრო მაქსიმალურად გააჭიანუროს და ერთპარტიული პარლამენტი არ გააფორმოს.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში 150 მანდატიდან 60 მოიპოვა, საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
იანვრის დასაწყისში საკუთარი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ მანდატზე უარი არ თქვა. ინაშვილის, ლომიასა და თევდორაძის ნაცვლად პარლამენტში შესვლას დათანხმდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის წევრები: დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია. დღეს ისინი ავთანდილ ენუქიძესთან ერთად პარლამენტში წარმოადგენენ ახალ გაერთიანებას „ევროპელი სოციალისტები“.
უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებიდან“ არჩეულ დეპუტატებს, ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს. დღეს ისინი პირველად დაესწრნენ პარლამენტის სხდომას. „მოქალაქეების“ ლიდერებმა პარლამენტში საქმიანობის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს საარჩევნო რეფორმაზე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების შემდეგ.
უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს. 1 თებერვალს ამ პარტიამ „ქართულ ოცნებას“ სთხოვა, ოპოზიციონერი კოლეგებისთვის უფლებამოსილება არ შეეწყვიტა.