სასამართლომ გაამართლა ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემაში ბრალდებული ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე გაამართლა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ პროცესი იანვრის ბოლოს დასრულდა, გადაწყვეტილება კი ამ საქმეზე მოსამართლე ხათუნა ხარშილავამ მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ საქმეზე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით დაეკისრა მხოლოდ ერთ პირს, ფინანსური პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, მიხეილ ჩოხელს. პროკურატურა აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

სასამართლომ ამ საქმეზე წელიწადზე მეტხანს იმსჯელა. თავად ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტი კი 2017 წლის 12 მაისს მოხდა, ღამის კლუბ „ელ ცენტროში“.

გამოძიება ამ საქმეზე ცემის მუხლით მიმდინარეობდა, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კი მოითხოვდა ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელისთვის წარდგენილი ბრალის გადაკვალიფიცირებას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას, მისი საქმიანობიდან გამომდინარე.