იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის წევრმა, თეა წულუკიანმა, პარტია "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს პარლამენტის მისთვის პირველ სხდომაზე, მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ უკვე დეპუტატის რანგშიც მზად არის, უპასუხოს მოქალაქეების სატელეფონო ზარებს, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ჩააწერინა და უთხრა, რომ შეუძლია, კონსულტაციებისთვის მას დაურეკოს ხოლმე.
"თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რატომ ხართ?" - ჰკითხა თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს.
წულუკიანის რეპლიკა მოჰყვა ელისაშვილის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.
"არჩევნები გაყალბდა თუ არა, გვეკითხებიან და დღეს, აგერ, შემოსვლამდე გვქონდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ დეპუტატთან კამათი – გაყალბდა, ჩვენ ამის გვჯერა. არჩევნები 31 ოქტომბერს გაყალბდა. მაშ, რატომ ვართ ამ დარბაზში თუ გაყალბდა? იმიტომ ვართ, რომ გვინდა, 31 ოქტომბრის არჩევნები იყოს საქართველოს ისტორიაში ბოლო გაყალბებული არჩევნები. ის მემორანდუმი არის ამის გარანტია, რასაც ხელი მოვაწერეთ. მე მინდა, ვთხოვო ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, ამპარტავნულად ყველაფერს კი ნუ გვიწუნებენ და ყველაფრის წყალში ჩაყრას კი ნუ ცდილობენ, არ მოსწონთ რაც წერია იქ? იბრძოლონ ჩვენზე მეტად, გაცილებით მეტნი არიან, 54 არიან, მეტი გამოგლიჯონ „ქართულ ოცნებას“ მეტად დაახევინონ უკან, უფრო კარგი და ქვეყნისთვის სასარგებლო და საჭირო პუნქტები შეიტანონ, ამას უბრალოდ მივესალმები და მეტი არაფერი" - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილის თანაგუნდელმა, ლევან იოსელიანმა, რომელიც ასევე შევიდა პარლამენტში, თეა წულუკიანს არა ნიკა გვარამიას, არამედ მისი პირადი ნომრის ხმამაღლა თქმისკენ მოუწოდა.
"ჯოჯოხეთია ყოველდღე ასეულობით ზარის პასუხი, მაგრამ ეს არის პასუხისმგებლობა და სწორი პოლიტიკა, ჩემი აზრით. დანარჩენს ვნახავთ, იმედს დავიტოვებ, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ დანარჩენ ოპოზიციასაც ვიხილავთ ამ დარბაზში", - თქვა ალეკო ელისაშვილმა თეა წულუკიანის სიტყვით გამოსვლამდე. ელისაშვილის ტელეფონის ნომერია 593 58 40 52.
ასევე ნახეთ ხუნდაძე ელისაშვილს: აშკარად, შემოყოლილი გაქვთ გავლენა, რომ არჩევნები გაყალბდა„მოქალაქეებმა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა, რიგგარეშე არჩევნების, საარჩევნო რეფორმის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საერთო მოთხოვნას შეუერთდა და მონაწილეობდა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით „ქართულ ოცნებასთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებში.
მოგვიანებით, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია დაადანაშაულა მოლაპარაკების ჩიხში შეყვანის და ჩაშლის მცდელობაში და „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება დამოუკიდებლად დაიწყო.
29 იანვარს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა განაცხადეს, რომ მმართველ პარტიასთან მიღწეულია შეთანხმება ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმაზე, ამიტომ პარლამენტში საქმიანობას დაიწყებენ და თუ „ქართული ოცნება“ შეთანხმებას დაარღვევს, პარლამენტს დატოვებენ.
რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას, "მოქალაქეების" ლიდერების თანახმად, "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებების დროს ოპოზიციის მიერ დასახელებული 5 პირიდან 4 წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება და თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ საკითხზე საბოლოო შედეგის მიღწევა სურთ, პარლამენტში უნდა შევიდნენ და მმართველ პარტიასთან მოლაპარაკება გააგრძელონ.
სხვა ოპოზიციური პარტიები "მოქალაქეების" ლიდერებს "ქართული ოცნების" სცენარით მოქმედებაში ადანაშაულებენ.
2 თებერვალს "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილოს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 51 დეპუტატის მოთხოვნა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმის გამო, რომ დაახლოებით 20-მდე ოპოზიციონერს უნდა მანდატების გამოყენება.