„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერებისგან თავის შეკავებით „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს დრო გააჭიანუროს და ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი არ გააფორმოს. ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, ამ პროცესს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ახალი არჩევნები დაინიშნება:
„ის, რაც დღეს კობახიძემ განაცხადა, ცნობილი იყო ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელსაც პირველს დააყენებინეს ეს ინიციატივა. ახლა "ოცნება" ცდილობს, რომ დრო გაწელოს, რათა ოფიციალურად არ გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი. ეშინიათ ამის ძალიან. თუმცა, ეს ჩვენს გეგმებს ვერ შეცვლის. ერთადერთი ამ პროცესის გაწელვას აზრი აქვს, თუ მმართველი პარტია ფიქრობს, რომ ჩანიშნონ ახალი არჩევნები“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ამ ეტაპზე ბოიკოტის რეჟიმში მყოფ 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უმრავლესობა არ უკმაყოფილებს მოთხოვნას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. პარტია „ქართულმა ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაწყვეტილება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა. ირაკლი კობახიძის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც "ევროპელი სოციალისტები" და "მოქალაქეები" შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, კიდევ 20-მდე დეპუტატს სურს თავისი ადგილის დაკავება პარლამენტში.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში 150 მანდატიდან 60 მოიპოვა, საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
იანვრის დასაწყისში საკუთარი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ მანდატზე უარი არ თქვა. ინაშვილის, ლომიას და თევდორაძის ნაცვლად პარლამენტში შესვლას დათანხმდნენ "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის წევრები: დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია. დღეს ისინი ავთანდილ ენუქიძესთან ერთად პარლამენტში წარმოადგენენ ახალ გაერთიანებას „ევროპელი სოციალისტები“.
უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებიდან“ არჩეულ დეპუტატებს, ალეკო ელისაშვილს და ლევან იოსელიანს. დღეს ისინი პირველად ესწრებიან პარლამენტის სხდომას. "მოქალაქეების" ლიდერებმა პარლამენტში საქმიანობის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს საარჩევნო რეფორმაზე "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმების შემდეგ.
უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავთ პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს. 1 თებერვალს ამ პარტიამ "ქართულ ოცნებას" სთხოვა, ოპოზიციონერ კოლეგებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს.
იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ, პროცესის გაჭიანურებას ფარსად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს.