შეუწყვეტს თუ არა უფლებამოსილებას პარლამენტი ოპოზიციას - რა არ უნდა გამოგრჩეს 2 თებერვალს

"ოცნება" გზაჯვარედინზე? არალეგიტიმური პარლამენტი თუ დარღვეული კონსტიტუცია

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე კენჭს უყრიან ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხს. ამ გადაწყვეტილების მოლოდინშია 6 პარტიის 51 დეპუტატი, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს პირადი განცხადებებით დეკემბერში მიმართეს.

გუშინ გვიან ღამით დასრულდა ამ თემაზე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დღევანდელი "გადაწყვეტილება შესაძლოა ოპონენტების გარკვეულ ნაწილს არ მოეწონოს".

ამ კენჭისყრამ „ქართული ოცნება“ რთული არჩევანის წინაშე დააყენა. კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ ახლა მმართველი პარტია ორი არც ისე კარგი არჩევანის წინაშე დგას. თუკი ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები გაუუქმდებათ - კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მე-10 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაცია, ხოლო თუ არ გაუუქმდებათ - მაშინ კონსტიტუცია ირღვევა. ამ რთული არჩევანის წინ „ოცნებას“ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა და მოუწოდა, ოპოზიციას გადაწყვეტილების მისაღებად დრო მისცეს. "ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისაგან" თავის შეკავებისკენ მოუწოდა პარლამენტს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმაც.

ცნობილია, რომ მანდატების გაუქმებას ხვალ მხარს არ დაუჭერენ „ევროპელი სოციალისტები“, „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიიდან პარლამენტში შესული დეპუტატები.

1 თებერვალს „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, რომელიც ერთ თანაპარტიელთან (ლევან იოსელიანთან) ერთად უკვე შევიდა პარლამენტში და 2 თებერვლის სხდომასაც დაესწრება, პირდაპირი პასუხი არ გასცა რადიო თავისუფლების შეკითხვას - დაუჭერენ თუ არა „მოქალაქეები“ მხარს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხს. ხვალ გაიგებთ“, - გვითხრა მან.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

სამზადისი კორონავირუსის ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად

დღეს უნდა დასრულდეს თბილისსა და ქუთაისში იმ საავადმყოფოების შერჩევა, სადაც პირველ ეტაპზე კოვიდაცრები დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, უკვე შერჩეულია ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფო. უკვე კვირის ბოლოს დაიწყება სამედიცინო პერსონალის გადამზადება.

„კლინიკას უნდა ჰქონდეს გადაუდებელ დახმარებაში ნებართვა, ასევე იმუნიზაციის შესახებ გამოცდილება და სულ მცირე სამი ბრიგადა. პაციენტების ნაკადები უნდა გაიყოს. პაციენტები უნდა შევიდნენ სხვა შესასვლელებიდან და სამედიცინო მუშაკებს, რომლებიც ასაცრელად მივლენ, უნდა დახვდეთ იზოლირებული შესასვლელი და აცრის შემდეგ, დაყოვნების სივრცე. რეგულირების სააგენტო ამ ყველაფერს შეამოწმებს და ამის შემდეგ მოხდება მათი ჩართვა პროგრამაში“, – განაცხადა გაბუნიამ.

პირველ ეტაპზე საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა შემოვა. ვაქცინაციის პროცესში ყველა სამედიცინო დაწესებულება ამ სახის ვაქცინაზე არსებული ულტრაცივი ჯაჭვის მოთხოვნების გამო ვერ ჩაერთვება. პირველ ეტაპზე ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის აცრა იგეგმება.

ჟურნალ „ეკონომისტის“ გათვლებით, საქართველო იმ ქვეყნებს შორის ხვდება, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაცია 2022 წლის ბოლოსკენ იქნება შესაძლებელი.

წაიკითხე მეტი.

UNICEF: ქვეყანაში შეზღუდვების გაუქმებისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სკოლების გახსნას

"გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება მთავრობის გეგმას, ეტაპობრივად გაიხსნას სკოლები საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში. ქვეყანაში COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისას პრიორიტეტი უნდა იყოს სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების უსაფრთხო გახსნა", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც UNICEF-ი დღეს, 1 თებერვალს ავრცელებს.

ფონდი ამახვილებს ყურადღებას იმ ფიზიკურ და ფსიქიკურ პრობლემებზე, რომლებიც თანატოლებთან ყოველდღიური ურთიერთობისა და ფიზიკური აქტივობის გარეშე დარჩენილ ბავშვებს შეექმნათ.

ბავშვების ჯანმრთელობა, განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა საფრთხეშია. ყველაზე დაუცველი ბავშვები - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები - ყურადღების მიღმა დარჩენის განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ არიან“.

წაიკითხე მეტი.

„კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულ ივერი მელაშვილს ტექნიკის მაღაზიაში შეურაცხყოფა მიაყენეს

"კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებულ ივერი მელაშვილს ერთ-ერთ ტექნიკის მაღაზიაში შეურაცხყოფა მიაყენეს. ვიდეომასალა "ფორმულას" თანამშრომელმა სოციალური ქსელით გაავრცელა.

ვიდეოს ავტორი, სოფო შამუგია ამბობს, რომ ის ინციდენტის მხოლოდ ფრაგმენტს შეესწრო და მისი ყურადღება "ალტას" მაღაზიაში ხმაურმა მიიქცია. მისი თქმით, დაცვის სამსახურის თანამშრომლები მხოლოდ კონფლიქტის დასრულების შემდეგ გამოჩნდნენ.

წაიკითხე და ნახე მეტი.

არასრულწლოვნების მიერ ჩხოროწყუს მერიის ტუალეტის დასუფთავების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

არასრულწლოვნების მიერ ჩხოროწყუს მერიის ტუალეტის დასუფთავების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით.

ჩხოროწყუს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს „დასუფთავების აქციის“ ფარგლებში მერიის საპირფარეშო გასულ კვირაში მოარეცხინეს. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალური ქსელით გავრცელდა.

„დასუფთავების აქციის“ ინიციატორი ეთერ ჯაფარიძე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია. მან ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ „დასუფთავების აქცია“ საკუთარი ინიციატივით მოაწყო და ბავშვების ჩართვა გადაწყვიტა, რათა მათთვის შრომა ესწავლებინა და ეჩვენებინა, რომ თუნდაც ტუალეტის დასუფთავება სირცხვილი არ არის.

ეს ფაქტი გუშინ ბავშვთა უფლებადამცველებმა გააკრიტიკეს. მომხდარს გამოეხმარა პრემიერ-მინისტრიც. გიორგი გახარიას თქმით, ამ ფაქტს „უმკაცრესი რეაგირება“ მოჰყვება.

ამ თემაზე ასევე ნახე:

რა ბედი ეწია StopCov-ის ფონდში ჩარიცხულ მილიონებს და თავად ფონდს

უკვე თვეებია, მთავრობა აღარ საუბრობს StopCov-ის ფონდის შესახებ. ამ ფონდს არ ჰქონია საკუთარი ვებსაიტი, წესდება, არ ყოფილა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე შემომწირველთა ვინაობა, შემოწირულებების რაოდენობა და თანხის ხარჯვის ამსახველი დოკუმენტაცია.

პანდემიის საწყის ეტაპზე, მარტში შეიქმნა ფონდი, სადაც ნებისმიერს შეეძლო გადაერიცხა თანხა, სახელმწიფოს კი ეს ფული ვირუსით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად უნდა გამოეყენებინა. ფონდის არსებობის განმავლობაში 138 მილიონ ლარზე მეტი ჩაირიცხა. მიუხედავად იმისა, რომ თანხა არაერთმა კერძო პირმა და კომპანიამ, ასევე სახელმწიფო უწყებებმა და პოლიტიკოსებმა გადარიცხეს, ფონდში აკუმულირებული თანხის უდიდესი ნაწილი, ანუ 72%, მხოლოდ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ფული იყო.

ვინ ჩარიცხა ფონდში თანხა, რაზე დაიხარჯა ის და კიდევ რა კითხვები რჩება ფონდის საქმიანობაზე საუბრისას? წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულის სტატიაში.

ქართველი „იუთუბერები" გვესაუბრებიან სოციალური ქსელ Youtube-ში სხვადასხვა შინაარსის ვიდეოების განთავსების სპეციფიკაზე. რამდენად განვითარდა ე.წ. ვლოგები და „იუთუბერობა" საქართველოში, რამდენად სარფიანია და რა მომავალი აქვს?