საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის წინ დეპუტატებს მიმართა.
მან საპარლამეტო უმრავლესობას მოუწოდა მისცეს დრო ოპოზიციას გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად. თავის მხრივ ოპოზიციას მიმართა გამოიყენოს ამომრჩევლის მიერ მიცემული მანდატები და უარი არ თავს საპარლამენტო საქმიანობაზე.
„მინდა, დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებებისკენ, რომელიც ქვეყნისათვის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი:
- ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს, პატივის სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს.
- უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა თავის მიმართვაში.
მისი სიტყვებით პანდემიით განპირობებული კრიზისი სწრაფად მოქმედ პარლამენტს და საქმიან მიდგომებს მოითხოვს. პოლიტიკური დაპირისპირება კი ვერ პასუხობს რთულ გამოწვევებს.
„ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ოპოზიციას ეკისრება დიდი როლი: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა პარლამენტში - 60 მანდატი 150-დან, 8 ოპოზიციური პარტია.
არასოდეს ჰქონია ასეთი მრავალფეროვანი და რეალური ბერკეტები: ფრაქციების შექმნა, სხვადასხვა თანამდებობების დაკავება, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ადგილი. მნიშვნელოვანი პოლიტიკური უფლებები: როგორც მაგალითად მინსიტრების ინტერპელაციის წესით დაბარება, საგამოძიებო კომისიის შექმნა, მუდმივმოქმედ სათათბირო საბჭოებში, ნდობის ჯგუფში და საპარლამენტო დელეგაციებში მონაწილეობა. უარის თქმა ასეთ პოლიტიკურ ბერკეტებზე და რეალურ გავლენაზე ცოტა არ იყოს პოლიტიკურად გაუგებარია, მით უმეტეს, ახლადშექმნილი პარტიებისგან.
ამ როლთან ერთად ოპოზიციას დიდი პასუხისმგებლობა აქვს ამომრჩევლის წინაშე, რომელსაც დაჰპირდა გამარჯვებას და არა ქუჩაში დგომას. დაჰპირდა საპარლამენტო ტრიბუნიდან ალტერნატიული პოლიტიკური პოზიციების წარდგენას და მათი კანონმდებლობით და არა ბოიკოტით შესრულებას.
ოპოზიციის ამომრჩევლის უმრავლესობა მხარს უჭერს სწორედ ასეთ აქტიურ ჩართულობას და მანდატების ამოქმედებას. დღეს ამომრჩევლის ნდობა პარტიებისა და სისტემის მიმართ სასწორზე დგას“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც ამასთანავე საპარლამენტო უმრავლეობის პასუხისმგებლობიც ჩამოთვალა.
ასევე ნახეთ "ოცნება" გზაჯვარედინზე? არალეგიტიმური პარლამენტი თუ დარღვეული კონსტიტუცია„უმრავლესობის პასუხისმგებლობაც დიდია: მას არანაკლებ სჭირდება ოპოზიცია, რომელიც გადაწყვეტილებებს კითხვის და კრიტიკის ქვეშ დააყენებს - ეს დემოკრატიული სისტემისთვის აუცილებლობაა! უმრავლესობის მოქმედებას ოპოზიციის გარეშე, შეცდომის დაშვების მეტი რისკი ახლავს. სამაგიეროდ, საპარლამენტო დებატის რეჟიმი, თუნდაც მძაფრი და ზოგჯერ დაუნდობელი, არა მხოლოდ არსებული კრიზისის მართვისთვის გვჭირდება, არამედ არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი გამოწვევების დასაძლევად, როგორიც არის კონფლიქტების მოგვარება, განვითარების ახალი გრძელვადიანი გეგმა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩასატარებელი რეფორმების დაგეგმვა. ეს ამბიციური მიზნები მხოლოდ ერთმანეთის მომსენით და ერთიანი ძალებით თუ მიიღწევა!“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
2 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე კენჭს უყრიან ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხს. ამ გადაწყვეტილების მოლოდინშია 6 პარტიის 51 დეპუტატი.
ამ დროისთვის დეპუტატის უფლებამოსილება „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს - ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს შეუწყვიტეს. იმის გამო, რომ პარტიას ცესკოსთვის დარჩენილი სიის გაბათილების მოთხოვნით არ მიუმართავს, პარლამენტის წევრები გახდნენ მათი ადგილმონაცვლეები: ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და გელა მიქაძე. სიის მე-4 ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ კი დეპუტატის მანდატი შეინარჩუნა.
ასევე ნახეთ "გირჩი" "ქართულ ოცნებას" სთხოვს, რომ ოპოზიციას მანდატები არ უნდა შეუწყვიტოს„გირჩის“ პარტიული სიით არჩეული დეპუტატებიდან კი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დატოვების შესახებ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს ჯერჯერობით მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძემ მიმართა. დანარჩენი პოლიტიკოსები „გირჩის" სიიდან კი აცხადებენ, რომ თუკი პარლამენტში არ იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი დეპუტატების რაოდენობა, არც თავად აპირებენ მასში შესვლას.
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წევრი ლევან იოსელიანი "ქართულ ოცნებასთან" გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას.