იონა მეუნარგიას, ქართველ მწერალთა ცხოვრების პირველ მკვლევარსა და არაერთი ბიოგრაფიული წიგნის ავტორს, გადაწყვეტილი ჰქონდა ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიის შედგენაც, რისთვისაც ჯერ კიდევ ილიას სიცოცხლეში აგროვებდა საჭირო მასალებს „ნანახისა და განაგონის“ სახით, თუმცა იონას ამ მცდელობას საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ისეთი მძაფრი რეაქცია მოჰყვა, რომ განზრახვაზე სამუდამოდ აიღო ხელი. საზოგადოება კი არა, შვილებიც კი - ლილი და მიშა მეუნარგიები - მამის წინააღმდეგ დაირაზმნენ. იონას გამხნევება სცადა ნიკო ნიკოლაძემ, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა იაკობ გოგებაშვილის შეუვალი, შეიძლებ ითქვას, სასტიკი პოზიცია.
საყვარელი კაცისა ყველაფერი უნდა ვიცოდეთ?!
იონა მეუნარგიამ არავისზე ნაკლებად არ იცოდა ილიას ფასი. იონას და ილიას მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებდათ, რაც კარგად ჩანს იონას ჩანაწერებში, რომელთა საერთო სათაურია „ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ“.
პროფესორ სოლომონ ცაიშვილის თქმით, ჩანაწერებში მკითხველი ხედავს ილია - სტუდენტს, საზოგადო მოღვაწეს, სახელმწიფო მოხელეს, ბანკის თავმჯდომარეს, მემამულეს, რედაქტორს; ხედავს ილიას ოჯახში, შინაურობაში...
„იონა მეუნარგიას არ უყვარდა ყურმოკრულის, საეჭვო ნათქვამის და განაგონის ერთთავად დაჯერება და ჩაწერა, გავრცელებულ შეხედულებათა შეუმოწმებლად მიღებაო“, - ამბობს პროფესორი ცაიშვილი 1937 წელს, ილიას 100 წლის იუბილეზე გამოცემულ „ნანახისა და განაგონის“ შესავალში. - ეს ჩანაწერები არსებითად მოგონებაა ილიაზე, როგორც ამას თვითონ მეუნარგია უწოდებს და არა ბიოგრაფია. ილიას ბიოგრაფიის შედგენა განზრახული ჰქონდა შემდეგში, როცა ხელი მიჰყო გრ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, გ. ერისთავისა და სხვათა ცხოვრების აღწერას.
„მე ყოველ შეყრაზე ილიას ვუყურებდი, როგორც მსხვერპლს, „მუშტრის თვალით“, და როცა იმისგან მოვდიოდი შინ, მის ნალაპარაკევს ვწერდი ჩემს „სამახსოვრო წიგნებში“, - ამბობს თვითონ იონა მეუნარგია, რომელიც ბიოგრაფიებზე მუშაობისას ყოფით, ყოველდღიურ წვრილმანებსაც კი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა.
„ამით არავითარი ჩირქი არ ეცხება მგოსნის სახელს. არც არაფერია აქ უჩვეულო გარდა იმისა, რომ საფრანგეთის ლიტერატურაზე აღზრდილმა მეუნარგიამ საქართველოშიც გადმონერგა ერთი ფრიად სიმპატიური, ქართული ლიტერატურისათვის მართლაც უჩვეულო ტრადიცია - მწერალთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის აწერა დევიზით „საყვარელი კაცისა ყველაფერი უნდა ვიცოდეთ“, - ამბობს სოლომონ ცაიშვილი.
სწორედ ამ დევიზით აღწერილი ილიას ცხოვრება და მოღვაწეობა წაიკითხა იონა მეუნარგიამ ქუთაისში გამართულ ილიას საღამოზე 1908 წლის 27 ოქტომბერს, ილიას მკვლელობიდან ერთი წლის თავზე.
„ილია მიწასთან გაასწორა...“, „რაც ბატონმა იონამ თქვა, სხვა ვინმეს რომ ეთქვა, მგონია, საქართველოში აღარ დააყენებდნენ“ - ასეთი შინაარსის ჩანართებით გაჯერებული წერილი გამოაქვეყნა გაზეთმა „ალმა“ 1908 წლის 5 ნოემბერს (ავტორი „შემთხვევითი დამსწრე“). კიდევ უფრო მძაფრი იყო ხალხში გავრცელებული მითქმა-მოთქმა, რამაც, „ალის“ კორესპონდენციასთან ერთად, იაკობ გოგებაშვილის ყურამდეც მიაღწია.
იაკობი: ილიას მეორედ მოკვლის განზრახვა
იაკობ გოგებაშვილმა იონა მეუნარგიას წაკითხულ მოხსენებას, რასაც თვითონ არ დასწრებია, მრისხანებით სავსე ორი წერილი უძღვნა გაზეთ „საქართველოს“ (1908 წ. NN 9, 11) ფურცლებზე. იაკობის მრისხანების ხარისხზე მეტყველებს როგორც წერილთა შინაარსი, ასევე სათაურები: „ილიას მეორედ მოკვლის განზრახვა“ და „მეუნარგიას ჭორები ილიას შესახებ“.
„ილიას მეორედ მოკვლა მოიწადინეს. მოკვლა არა ფიზიკური, რომლის გამეორება შეუძლებლად გახადეს უსულგულო ნაძირლებმა, არამედ მოკვლა სულიერი. ეს უკანასკნელი მკვლელობა, რა საკვირველია, უფრო მძიმეა, ვიდრე პირველი. ფიზიკურმა მკვლელობამ შეიძლება ხელი შეუწყოს სულიერ უკვდავებას, სულიერი მკვლელობა კი მეტ-ნაკლებობით ამართლებს ფიზიკურ მკვლელობასა“, - ვკითხულობთ წერილში, რომელიც თავიდან ბოლომდე შთაგონებულია გაზეთ „ალის“ ზემოთ ნახსენები სტატიით, რომელზე დაყრდნობითაც იაკობი ამბობს: „მოგონების სახით მან თურმე დაუგროვა მომსწრე საზოგადოებას ვეებერთელა ზვინი ჭორებისა, საიდანაც გამოდიოდა, რომ ილია ყოფილა: ძუნწი, გულქვა, ზარმაცი, ბანქოში მფლანგავი თავისი ქონებისა, სოფისტი, ეგოისტი, გამჭყლეტი მართალი ადამიანისა და თითქმის უნიჭო პუბლიცისტი“. და ეს გააკეთა იონა მეუნარგიამ მაშინ, როცა „ჯერ არ გაუცვეთნია ის წაღები, რომლითაც იგი ილიას დასაფლავებას დაესწრო“.
იაკობი იონა მეუნარგიას გენერლების ნებაყოფლობით ადიუტანტს, ნელთბილ კოსმოპოლიტსა და ნელთბილ მამულიშვილს უწოდებს და იმასაც წამოაძახებს, რომ არც ერთ შვილს ქართული არ ასწავლა. „ჭორიკანა ლილიპუტი, პიტალო ცილისმწამებელი“ - ესეც იონასთვის გამეტებული ეპითეტებია. და კიდევ:
„მეუნარგია ეკუთვნის იმ სულიერების ტიპს, რომლითაც უფრო ნიჭიერ და განვითარებულ მოღვაწეებად მოაქვთ თავი, ვიდრე ნამდვილად არიან. მას მიუღია ფელეტონური განათლება და მეფელეტონებადვე ჩავა საფლავში“.
იაკობის აგენტები იონას სახლში
იონა მეუნარგიასთვის იოლი გადასატანი არ იყო საჯაროდ იაკობისგან ასეთი სიტყვების მოსმენა, განსაკუთრებით მისი დადანაშაულება ილიას „სულიერ მკვლელობაში“. იონას და ილიას, როგორც უკვე ვქვით, მრავალი წლის გულითადი მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდათ „ივერიაში“.
„საყვარელო ძმაო იონავ!“ - როგორც წესი, ასე იწყება ყველა წერილი, რომელიც ილიას მიერაა ხელმოწერილი „შენი ერთგული ილია ჭავჭავაძე“-თი.
ილიასადმი იონას დამოკიდებულებაზე მეტყველებს დასაფლავებაზე იონას მიერ წარმოთქმული დიდად ემოციური და შინაარსით სავსე სიტყვა, რომელიც ასე იწყება:
„დაუვიწყარო მამულისშვილო ილიავ! შენი ჭირისუფალი განა მარტო ეს, აქ მოზღვავებული საზოგადოებაა, რომელიც სამი დღეა შენს ცხედარს გარს ახვევია? არა, შენი ჭირისუფალი მთელი შენი სატრფო ქვეყანაა, სამშობლო - კახეთიდამ დაწყებული შავ-ზღვამდის“ და ა.შ.
იაკობ გოგებაშვილის მკაცრმა ტონმა და „უსაფუძვლო კრიტიკამ“ დიდად აღაშფოთა ნიკო ნიკოლაძე, რომლის მიერ იონასთვის მიწერილი წერილი (1908 წ. დეკემბერი) ასევე გამოაქვეყნა პროფესორმა სოლომონ ცაიშვილმა:
„გულზე გავსკდი, გოგებაშვილის სტატია რომ წავიკითხე შენს წინააღმდეგ. Мёртвые хоронят мёртвых! [„მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ“, მათეს სახარება]. დაბეჭდე შენი ლექცია, ან დაბეჭდე შენი პასუხი, რომ კრიტიკის მეტი ბევრი სხვაც იყო კეთილი ილიკოზე-თქო. ნუ მიაყრუებ ამ საქმეს, ხომ იცი, კვდრების ქვეყანაში ვცხოვრობთ“.
როგორ მიიღო ნიკოლაძის ეს რჩევა მეუნარგიამ, არ ვიცითო, წერს სოლომონ ცაიშვილი და იქვე შენიშნავს, ფაქტი ასეთიაო: გოგებაშვილის წერილის საპასუხოდ იონას არაფერი დაუბეჭდავს. არც ის არის ცნობილი, საერთოდ თუ დაწერა რამეო. არქივში არაფერი ჩანს, გარდა ერთი პატარა ჩანაწერისა უბის წიგნაკში:
„გოგებაშვილის ჭორები. გავჩუმდი. გოგებაშვილის აგენტები შინ მყავს, ჩემი მიშა, ჩემი ლილი და ყველა მასწავლებელი, ყველანი მისი პატრიოტნი... მე მტყუანი, ის მართალი. ნამდვილად კი ეს ასე არ არის“.
სოლომონ ცაიშვილის თქმით, „მიშა და ლილი მისი უსაყვარლესი შვილები იყვნენ და ვინ იცის, თუ რამდენი ასეთი საყვარელი შვილი იზრდებოდა მაშინ გოგებაშვილის „დედა-ენით“ და ბუნების კარით, რამდენი მოსწავლე და მასწავლებელი შესტრფოდა მის დიდ ღვაწლსა და მშობლიურ ზრუნვას მომავალ თაობაზე?“
რა თქვა სინამდვილეში იონამ ილიაზე
იონა მეუნარგიამ, როგორც ჩანს, არ დაუჯერა ნიკო ნიკოლაძეს და თავის გასამართლებლად არაფერი დაწერა. არადა, ვინც იონა მეუნარგიას 20-გვერდიან ტექსტს („ნანახი და გაგონილი ილიას ცხოვრებიდამ“) წაიკითხავს, ყველა იოლად დარწმუნდება, რომ საბოდიშო და თავის გასამართლებელი არც არაფერი იყო, რომ იონა მეუნარგიას ილია ჭავჭავაძე აღწერილი ჰყავდა არა მხოლოდ როგორც გენიალური მწერალი, ერის მამა და სულიერი ლიდერი, არამედ როგორც ადამიანი თავისი ღირსებებითა და ნაკლით, როგორიც იყო „ცოცხალი ილია“.
როგორი იყო ილია ყოველდღიურ, არაფორმალურ გარემოში? იონა მეუნარგია წერს:
- „ილია აუჩქარებელი კაცი იყო, დინჯი, მძიმე. აუჩქარებელი ხშირად ნიშნავს ზარმაცს და ეს თვისება - ზარმაცობა - ღმერთო შენ შეგცოდე და ილიას ცილისწამებად არ უნდა მიეთვალოს“ . ერთხელ ამ სიზარმაცის (აუჩქარებლობის) გამო დიმიტრი ყიფიანსაც კი უსაყვედურებია, რაზეც ილიას რუსთაველის აფორიზმით უპასუხია: „თქმულა სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა“.
- ივანე მაჩაბელთან დაპირისპირების შესახებ იონა მეუნარგია ამბობს: ბევრნი გრძნობდნენ, რომ სიმართლე ვანო მაჩაბლის მხარეს იყო, მაგრამ ილიამ გაჭეჭყა ის თავისი დიალექტიკით და მოსწრებული სიტყვებით.
- ილია ხელმოჭერილი კაცი იყო. უცნობი ქალი ან კაცი რომ მივიდოდა მასთან, იმას სულ იმის ეშინოდა, ვაითუ, ფული მთხოვოსო. ერთხელ პლატონ იოსელიანის ცოლისგან გაგზავნილი ქალი იმის გამო არ მიიღო, რომ მთხოვნელი ეგონა. არადა, ქალს პლატონის ნაწერი მიჰქონდა გადასაცამად.
- 80-იანი წლების დამდეგს ილია თითქმის ყოველ საღამოს თამაშობდა. ჩვეულებრივ, მისი პარტნიორები იყვნენ გიორგი შარვაშიძე, კონსტანტინე რეიტერი, კოლა ერისთავი, დავით ავალიშვილი... სხვათა შორის, შემორჩენილია ილია ჭავჭავაძის წერილი კოლა ერისთავისადმი: „კოლავ! დღეს არ შემიძლია არქიელთან წასვლა: სულ უძილო ვარ, ძალიან დამალოკეს და აბა, იფიქრე, ამ უძილობასთან რა კარგს ქეიფზე ვიქნები. ეს სულ შენგანა მჭირს. რა მრჯიდა? შენ ჩემი სწორედ მეფისტოფელი ხარ, თუ სულისა არა, ჯიბის წამწყმედი მაინც. ვენაცვალე შენს დამბადებელ ღმერთსა (უხაროდეს, კარგი რამ გაგაჩინა), რომ შენც წააგე, თორემ გულშემატკივარი ვინ მეყოლებოდა ამ უმადურსა და უბადრუკს ქვეყანაში. შენი ილია“.
- იონა მეუნარგია ამბობს, რომ განსვენებული ილია ხონელისაგან გამიგონია, ილიამ მთელი ღამე თურმე ითამაშა სადღაც კლუბში და ათას ხუთასი მანეთი წააგოო.
- ილიას რედაქტორობაზე: როგორც გაზეთის თავი-მესვეური ილია, დიდად ნაყოფიერი იყო, ის ბევრსა წერდა და გრძლად წერდა. გრძლად წერა, სამწუხაროდ, მისი ნაკლოვანება იყო... იშვიათია, ილიას მოწინავეს არ ეჭიროს გაზეთში ორი-სამი სვეტი, ხან ოთხი, ხუთი, ექვსი.
- ილიას ბანკირობაზე იონა მეუნარგია წერს: ილიას, როგორც ბანკირს, ქართულ მწერლობასა და ხელოვნებასთან კავშირი არა აქვს და ამიტომ მის მოღვაწეობაზე თბილისის საადგილმამულო ბანკში მე აქ დიდს არას ვიტყვი. პოეზია და ანგარიში, ქნარი და ჩოთქი, როგორღაც ერთმანეთთან ვერ მოდიან.
ილიას „ადამიანური ბიოგრაფიის“ შეუძლებლობა
აი, ესენია, იაკობ გოგებაშვილს რომ დავესესხოთ, ის „პიტალო ცილისწამებები“, რომელთა გამოც იონა მეუნარგია ილიას სულიერ მკვლელად გამოაცხადეს. არადა, „ნანახი და განაგონის“ დანარჩენი ნაწილი ილიასადმი პიეტეტითაა გაჟღენთილი. როგორც ჩანს, იმათავითვე შეუძლებელი იყო ილიას ე.წ. ადამიანური ბიოგრაფიის დაწერა, რომელშიც ილია არ იქნებოდა მხოლოდ ერის სულიერი მოძღვარი, გენიალური მწერალი და უნაკლო-უბიწო ადამიანი, რომლის ფიქრი საგანი 24 საათი ერის ტკივილია და რომლის პირიდან მხოლოდ ისეთი მნიშვნელოვანი და კეთილშობილური სიტყვები ამოდის, როგორებიცაა „მამული, ენა, სარწმუნოება“.
ილიას „ადამიანური ბიოგრაფიის“ დაწერა მერე კიდევ უფრო შეუძლებელი გახდა, როცა ილიას 100 წლის იუბილე აღინიშნებოდა და როცა უკვე შეცვლილი იყო ბოლშევიკების (სტალინის) დამოკიდებულება მისდამი. ეგ კი არა, ილია საერთოდაც ნაციონალურ-რევოლუციური მოძრაობის ლიდერადაც გამოაცხადეს (გაზეთი „პრავდა“, 1936 წ., N 244).
150 წლის იუბილეზე კი, 1987 წელს, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და განაჩინა: „ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი“. ამ გარემოებამ ილიას „ადამიანური ბიოგრაფიის“ დაწერა და საუბარი მის „ყომარბაზობაზე“, ჭამა-სმის სიყვარულსა და სხვა ადამიანურ სისუსტეებზე საერთოდ მკრეხელობად აქცია. ასე რომ, იონა მეუნარგია თავისი კეთილშობილური სურვილით, „საყვარელი კაცისა ყველაფერი უნდა ვიცოდეთ“, დიდად ვერც დღევანდელ საქართველოში გაიხარებდა.
P.S. იონას უბედური შვილები
იონა მეუნარგია დღიურში გულმოკლული წერს „გოგებაშვილის აგენტები შინ მყავს, ჩემი მიშა, ჩემი ლილიო“.
მიშა და ლილი, იონას შვილები, მამის გარდაცვალებიდან სამ წელიწადში, 1922 წელს დაიღუპებიან: მიშა ბათუმში, ზღვაში დაიხრჩობა, ლილის ტუბურკულოზი იმსხვერპლებს. ლილის ლექსი „ინფანტა“ ვალერიან გაფრინდაშვილმა დაბეჭდა თავის ჟურნალ "მეოცნებე ნიამორებში", პაოლო იაშვილმა კი ლილის გარდაცვალებას ლექსი მიუძღვნა:
პატარა ბალიშს დაეცა ცრემლი,
პატარა ფილტვებს მიეპარა ჭლექი და ხველა…
ჩამოწყდი როგორც ყვავილი ტყემლის,
შენ, რომ იყავი საიდუმლო და ჭიანჭველა.
სამარადისო ნისლს დაუბრუნდი.
მაგრამ მგზავრობას შენსას ჰქვია: ბავშვის სიკვდილი.
ასე მგონია ფუტკარის გუნდი
დაესეოდა შენს მკვდარ სხეულს, ტკბილ სხეულს - ლილი.
შენ ბავშვობიდან გელოდენ ცაში,
ჩვენც მოგელოდით: განშორება უფრო ძნელია,
მაგრამ მე მჯერა, თავის საბანში
შენ მიგიღებენ ბეატრიჩე და ოფელია.