ჟურნალ „ეკონომისტის“ გათვლებით, საქართველო იმ ქვეყნებს შორის ხვდება, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაცია 2022 წლის ბოლოსკენ იქნება შესაძლებელი.
„ეკონომისტი“ წერს, რომ შეისწავლა ამ მხრივ მთელ მსოფლიოში არსებული ვითარება და კვლევისას გაითვალისწინა აცრების მიწოდებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, მოსახლეობის რაოდენობა, ვაქცინებთან დაკავშირებული სკეპტიციზმი და ჯანდაცვის სისტემაში არსებული ვითარება.
კვლევაში მსოფლიოს ქვეყნები ოთხ ჯგუფადაა დაყოფილი. პირველი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი სახელმწიფოები არიან, - ევროკავშირის წევრები, აშშ და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, - რომლებიც მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაციას 2021 წლის ბოლომდე მოახერხებენ.
მეორე ჯგუფში ასევე მდიდარი და საშუალო შემოსავლის მქონე სახელმწიფოები შედიან, სადაც ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია 2022 წლის შუა ხანებში უნდა დასრულდეს. მათ შორის არიან რუსეთი, ბრაზილია, ჩინეთი, კანადა, ავსტრალია და სხვები.
მესამე ჯგუფი, რომელშიც საქართველოც შედის, 2022 წლის ბოლოსთვის მიაღწევს 60-70 პროცენტის ვაქცინაციას. მას განსხვავებული ზომისა და ეკონომიკური პოტენციის მქონე ქვეყნები შეადგენენ - ძალიან განსხვავებული პრობლემებით. ჩინეთისა და ინდოეთისთვის, რომლებიც საკუთარ ვაქცინებს აწარმოებენ, ძირითადი პრობლემა ასაცრელი მოსახლეობის რაოდენობაა, სხვებისთვის კი დაბრკოლება ვაქცინების წარმოებაში არსებული შეფერხებები იქნება.
მეოთხე ჯგუფს მსოფლიოს ყველაზე ღარიბი 85 ქვეყანა შეადგენს და იქ ვითარება, უკეთეს შემთხვევაში, 2023 წლიდან გამოსწორდება.
„ეკონომისტი“ ვარაუდობს, რომ გლობალური ეკონომიკა გაუმჯობესებას 2021 წლის შუა ხანებიდან დაიწყებს და მისი მატება მესამე და მეოთხე კვარტალებში აჩქარდება, თუმცა „ნორმალური ცხოვრება“ არც მაშინ აღდგება, რადგან უმეტეს ქვეყნებში მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა 2022 წლის შუა ხანებამდე ან ბოლომდე გასტანს.
ჟურნალი წერს, რომ ბევრი საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნისთვის დიდ როლს ითამაშებს ჯანმოს შექმნილი COVAX-ის პლატფორმა, რომელიც 6 მილიარდი დოზის გავრცელებას გეგმავს. აქედან 2 მილიარდი, წესით, 2021 წელს უნდა გაიცეს, თუმცა „ეკონომისტი“ წერს, რომ ეს შეიძლება ვერც მოხერხდეს, რადგან ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებით პრობლემები იქმნება. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა საჭიროზე მეტი დოზა შეუკვეთეს და ქარხნები საკმარისი რაოდენობის პრეპარატის დამზადებას ვერ ახერხებენ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ COVAX თითოეული ქვეყნის მოსახლეობის მაქსიმუმ 20 პროცენტს ფარავს.
ბევრი რამაა დამოკიდებული ე.წ. ვაქცინების დიპლომატიაზეც, რომელიც სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. ზოგი - მათ შორის მექსიკა და ბრაზილია - ვაქცინების სანაცვლოდ თავიანთ ქვეყნებში ფართომასშტაბიან კლინიკურ ცდებს მასპინძლობს. თუმცა დროული აცრა მხოლოდ დოზების საკმარის რაოდენობაზეც არ იქნება დამოკიდებული - გასათვალისწინებელია ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვის მუშაკთა რაოდენობა, პოლიტიკური ნება და ქვეყნის ზომა.
„ეკონომისტი“ წერს, რომ მნიშვნელოვანია რუსეთისა და ჩინეთის პოზიციაც - ორივე ქვეყანა საკუთარ ვაქცინას აწარმოებს და პრეპარატს არა მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის ასაცრელად, არამედ მსოფლიო პრესტიჟის მოსამატებლად და კონკრეტული გეოპოლიტიკური ამოცანების გადასაჭრელად იყენებს.