კახეთში სკოლები გაიხსნა - ინფიცირების შიშით ზოგი კვლავ სწავლების  დისტანციურ მეთოდს ირჩევს

თელავის საჯარო სკოლა

თელავი იმ ქალაქების ჩამონათვალშია, სადაც პირველი თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. სწავლა დაიწყო მუნიციპალიტეტის 27-ივე საჯარო სკოლაში, თუმცა მშობლებს არჩევანის საშუალებაც აქვთ თავად გადაწყვიტონ მათი შვილები სკოლებს დაუბრუნდებიან, თუ გაკვეთილებს ისევ ონლაინ დაესწრებიან.

იმისთვის, რომ ბავშვმა სწავლა დისტანციურად განაგრძოს, მშობელი ვალდებულია სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და რეგისტრაცია გაიაროს. ამის შემდეგ გაკვეთილების ხანგრძლივობას, სწავლის დაწყების დროს და შერეული სწავლების მოდელს თავად სკოლა განსაზღვრავს.

თელავის ერეკლე მეორის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში სულ 850 მოსწავლე ირიცხება. სკოლის დირექტორმა მა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აქედან დღეს სკოლაში გამოცხადდა, დაახლოებით, 680, თუმცა ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, ის, ვინც არ გამოცხადდა, საბოლოოდ სწავლების დისტანციურ მეთოდს აირჩევს, თუ საკლასო ოთახში სწავლებას.

„დღეს გაკვეთილებზე დასასწრებად სკოლაში მოვიდა მოსწავლეთა 80 პროცენტი. ამ დროისთვის მხოლოდ 5-მა მშობელმა მოგვმართა, რომელსაც სურს, რომ მისმა შვილმა სწავლა კვლავ დისტანციურად გააგრძელოს. კონკრეტული ვადები არ არის დაწესებული, თუმცა, ალბათ, კვირის ბოლომდე მოგვმართავს ყველა ის მშობელი, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ სწავლების დისტანციური მეთოდი აირჩია. ვიდრე მოგვმართავენ, ჩვენ თავად გავარკვევთ, რატომ არ დადის ბავშვების ნაწილი სკოლაში“.

უნდა გაიტესტოს ყველა პედაგოგი და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები თავადვე მიდიან სკოლებში...
მაია ოთარაშვილი

ვიდრე საკლასო ოთახებში სწავლა განახლდებოდა, წინა დღეებში სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ლევან მრელაშვილის თანახმად, სკოლებს ვალდებულება აქვთ ყოველ სამ საათში ერთხელ საკლასო ოთახები სველი წესით დაამუშაონ და გაანიაონ. გარდა ამისა, სკოლაში შესვლამდე მოსწავლეებს სიცხეს გაუზომავენ და ხელებს სადეზინფექციო ხსნარით დაუმუშავებენ. რაც შეეხებათ პედაგოგებს, მათ ორ კვირაში ერთხელ კორონავირუსზე ტესტირების ვალდებულება აქვთ. ამ პროცედურას სკოლაშივე ჩაატარებენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები.

„უნდა გაიტესტოს ყველა პედაგოგი და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები თავადვე მიდიან სკოლებში. მე როგორც ვიცი, თელავის 5 საჯარო სკოლაში მასწავლებლების 90 პროცენტს უკვე ჩაუტარდა ტესტი. ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა მოხდეს მათი შემოწმება კოვიდზე“.

ამ ეტაპზე არ არსებობს მონაცემები, თუ რამდენმა მოსწავლემ გააკეთა არჩევანი კვლავ ონლაინ სწავლების რეჟიმზე დარჩეს, თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, განსაკუთრებით თელავში შეიკავეს თავი მშობლებმა შვილების სკოლაში გაშვებისგან.

თელავის საჯარო სკოლა

მიუხედავად იმისა, სკოლაში დაცული იქნება თუ არა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციები, თეონა ჯავახიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ მისი მესამეკლასელი შვილი საკლასო ოთახს ჯერ არ დაუბრუნდეს.

მე რომ კოვიდი დამიდასტურდეს, საავადმყოფოში აღარ შემიშვებენ და მკურნალობის გარშე დავრჩები. ასევე, ჩვენს ოჯახში არიან მოხუცები, ამიტომ მეშინია და შვილი სკოლაში არ გავუშვი...
თეონა ჯავახიშვილი

თეონას თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ჯერ კიდევ არასტაბილურია. გარდა ამისა, ოჯახში ხანდაზმული წევრები ჰყავთ, ხოლო თავად ონკოლოგიური პაციენტია. ამიტომ განსაკუთრებით ეშინია, რომ სკოლა არ გახდეს, პირველ რიგში, შვილის და შემდეგ მათი ინფიცირების მიზეზი.

„ვარ ონკოპაციენტი და რისკჯუფს მივეკუთვნები. მე რომ კოვიდი დამიდასტურდეს, საავადმყოფოში აღარ შემიშვებენ და მკურნალობის გარშე დავრჩები. ასევე, ჩვენს ოჯახში არიან მოხუცები, ამიტომ მეშინია და შვილი სკოლაში არ გავუშვი. წინასწარ განსაზღვრული არ მაქვს, დავაკვირდები ეპიდსიტუაციას და ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას, როდის გავუშვა ბავშვი სკოლაში. მინდა გითხრათ, რომ გასული წლის შემოდგომაზე ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ შევწყვიტეთ კლასში სიარული, როცა ონლაინ სწავლება ჯერ არ იყო“, - განუცხარა რადიო თავისუფლებას თეონა ჯავახიშვილმა.

მისგან განსხვავებით, მოსწავლე სკოლაში გაუშვეს თელავში მცხოვრებმა ხიზანიშვილებმა, თუმცა ოჯახის წევრი, დალი ხიზანიშვილი, წუხს, რომ „არ არსებობს არანაირი გარანტია, რომელიც ბავშვს ინფიცირებისგან დაიცავს“.

მთავრობასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რეკორდული ზრდის გამო, დიდი ქალაქების საჯარო სკოლები სწავლების დისტანციურ მეთოდზე 2020 წლის 4 ნოემბრიდან გადავიდნენ. აღსანიშნავია, რომ დიდი ქალაქებისგან განსხვავებით, პატარა მუნიციპალიტეტებს ასეთი ვალდებულება არ ჰქონდათ, მაგრამ იმის გამო, რომ ყოველდღიურად იზრდებოდა ინფიცირებულ მასწავლებელთა და მოსწავლეთა რაოდენობა, ნოემბრიდან პატარა მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებმაც სწავლების ონლაინ მეთოდს მიმართეს. აღსანიშნავია, რომ ნოემბრიდან ამ დრომდე სწავლების ონლაინ რეჟიმზე არიან გადასული ბაგა-ბაღები, სახელოვნებო და მუსიკალური სკოლები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ისინი სწავლას კლასში 1-ელი მარტიდან განაახლებენ.