ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ ჩხოროწყუში, მერიის ტუალეტის მორეცხვაში ჩართული არასრულწლოვნების უფლებები დაირღვა.
უფლებადამცველი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვის უფლებების დარღვევის რამდენიმე მიზეზზე შეიძლება საუბარი. მისი სიტყვებით, პირველი არის ის, რომ ასე ქაოტურად და არაორგანიზებულად ბავშვებისთვის რაიმე აქციის ჩატარება კანონით იკრძალება და ამას სხვა პროცედურებთან ერთად, სჭირდება განათლების სამინისტროს ნებართვა.
„მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი - ჩემთვის არის ცალსახა, რომ პანდემიის პირობებში, საპირფარეშოში ბავშვის მიერ რაიმეს მორეცხვა, ცალსახად არის მისი ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი. ეს ერთი მიზეზიც კი საკმარისი იქნებოდა, რომ ეს დარღვევა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, არის კიდევ ბევრი სხვა მიზეზი.
ვიდეოში ჩვენ გვესმის ბავშვის ხმა, რომ ამის გაკეთება არ უნდა, არ შეუძლია, მაგრამ ის იძულებულია, აკეთოს. აქ უკვე გვაქვს ბავშვის ქცევის საწინააღმდეგო მოქმედებები. ჩვენთვის, უფლებადამცველებისთვის, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ რაიმე შრომის ჩატარება, რომელიც მის ჯანმრთელობას აზიანებს, არის ცალსახად ბავშვის უფლებების დარღვევა“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში უფლებადამცველი.
ანა არგანაშვილის შეფასებითვე, ბავშვის შრომა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ ის არის საგანმანათლებლო მიზნებისთვის და სხვა უფლებებს არ არღვევს. იგი ამბობს, რომ ჩხოროწყუს მერიის ტუალეტის მორეცხვას საგანმანათლებლო მიზანი ვერ ექნება:
„საგანმანათლებლო მიზანი ვერ ექნება მერიის საპირფარეშოს დალაგებას იმიტომ, რომ შრომა ბევრი სხვა ფორმით შეიძლება ვასწავლოთ და არა რომელიმე უწყების საპირფარეშოში, სადაც ჯანმრთელობის საფრთხეა. აშკარაა, რომ სხვა უფლებებსაც აზიანებს. როგორც უკვე აღვნიშნე, ჯანმრთელობას. ეს ყველაფრი კი კომბინირებულად არის ბავშვის უფლებების დარღვევა“, - ამბობს ანა არგანაშვილი.
უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბავშვთა უფლებების დარღვევა არის სისტემური პრობლემა, რადგან ბავშვის ნების საწინააღმდეგო ქმედება არ არის აღქმული დარღვევად.
ჩხოროწყუს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს „დასუფთავების აქციის“ ფარგლებში მერიის საპირფარეშო 25 იანვარს მოარეცხინეს. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალური ქსელით გავრცელდა.
„დასუფთავების აქციის“ ინიციატორი ეთერ ჯაფარიძე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია. მან ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ „დასუფთავების აქცია“ საკუთარი ინიციატივით მოაწყო და ბავშვების ჩართვა გადაწყვიტა, რათა მათთვის შრომა ესწავლებინა და ეჩვენებინა, რომ თუნდაც ტუალეტის დასუფთავება სირცხვილი არ არის.
საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ დღეს განაცხადა, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტზე რეაგირება იდენტიფიცირებისთანავე მოახდინა და გამოძიების პროცესში თანამშრომლობს შსს-სთან. დგებუაძის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, დარღვევას განათლების სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი რეაგირება.
არასრულწლოვნების მიერ ჩხოროწყუს მერიის ტუალეტის დასუფთავების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით.