"ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ გარეჯის მომავალსაც და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობასაც. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უაღრესად სენსიტიური საკითხი. თითოეულ სიტყვას აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, სოციალური ან ისტორიული მნიშვნელობა, მას პირდაპირი მნიშვნელობა ექნება იმ პროცესებზე, რომელიც პრაქტიკული მნიშვნელობის არის", - უთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს "კარტოგრაფების საქმეზე" დასმული კითხვის პასუხად.
გიორგი გახარიას თქმით, ეს საკითხი უკიდურესად სენსიტიურია და მისი პოლიტიზება ქვეყნისთვის მაღალი რისკის შემცველია.
„რამოდენიმეჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დავით გარეჯის საკითხის ნებისმიერ სახით, ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიზირება არის უაღრესად მაღალი რისკის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იმდენად სენსიტიური საკითხია, ყველას უნდა გვეყოს პასუხისმგებლობა და დაველოდოთ იმ საგამოძიებო პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს. აბსოლუტურად ყველას, აქ ვერავის გამოვყოფ, საერთო-ეროვნული მიდგომა უნდა იყოს ეს. ჩვენ ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი ნაბიჯისგან, ნებისმიერი სიტყვისგან, რომელმაც შეიძლება თეორიულადაც კი დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირებას შეუწყოს ხელი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას ამ პოზიციას იზიარებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საზღვრის დამდგენი კომისიის მოქმედი თავმჯდომარე, ლაშა დარსალია, რომელიც მართალია ვერ აკონკრეტებს, როდის გაიმართება აზერბაიჯანულ მხარესთან კომისიების დონეზე შეხვედრა, თუმცა აღნიშნავს, რომ "აზერბაიჯანთან მუშაობა მიმდინარეობს ურთიერთპატივისცემის ბაზაზე და იმ სტრატეგიული სულისკვეთებით, რომელიც ჩვენს ქვეყნებს გააჩნიათ". ლაშა დარსალია ამბობს, რომ აზერბაიჯანული მხარისგან ელოდებიან, როდის დაასრულებენ იმ ახალი დოკუმენტაციის შესწავლას, რომელიც 2020 წლის სექტემბერში გადასცეს და რომელზეც არსებობს სამთავრობო წრეებში მოლოდინი, რომ ვითარებას დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველოს სასიკეთოდ შეცვლის. "კარტოგრაფების საქმის" მასალების, უფრო კონკრეტულად კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის, კომისიის ყოფილი თავმჯდომარის და კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მოწმის, მალხაზ მიქელაძის ჩვენების მიხედვით, საქართველომ აზერბაიჯანულ მხარესთან 1:200 000 მასშტაბის რუკის გამოყენების საკითხი 2019 წელს უკვე დააყენა, რასაც აზერბაიჯანული მხარის უარი მოჰყვა.
"ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტები. ნებისმიერმა სპეკულაციებმა ამ თემის გარშემო, იქნება ეს განცხადებები და ასე შემდეგ, შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს საქართველოს პოზიცია საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით", - უთხრა ლაშა დარსალიამ "იმედს" და ყველას მოუწოდა, ამ საკითხზე კომენტირებისას იყვნენ ფრთხილები.
ასევე ნახეთ "ქართული ოცნება" ოპონენტებს მიმართავს, თავი შეიკავონ სახელმწიფოს დამაზიანებელი განცხადებებისგანპროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა საქმეზე, რომელზეც გამოძიება ამავე წლის აგვისტოში გენერალური პროკურორის მისამართით თავდაცვის მინისტრის მიერ გაგზავნილი წერილის შემდეგ დაიწყო. ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურის შესაბამისი შეუმდგომლობის შემდეგ 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ ამავე დღეს პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა.
არც ერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.
ასევე ნახეთ სისტემა უნდა არჩევდეს დასაბუთებულ აზრს და პროვოკაციას - ინტერვიუ ივერი მელაშვილთან