ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მერის გადადგომა მოითხოვეს

დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციამ მოითხოვა მერის, დავით გოგუას გადადგომა მერიის შენობაში 25 იანვარს მომხდარი ფაქტის გამო, როცა ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები მერიის ტუალეტის „დასუფთავების აქციაში“ მონაწილეობდნენ.

საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რამაზ გულუას განცხადებით, მერს მომხდარზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია და ამიტიმ მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. გოგუას გადადგომის მოთხოვნით, ფრაქციის ოთხივე წევრმა საკრებულოს დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი ინფორმაციით, მოთხოვნას უერთდება "ევროპული საქართველოს" ორი წევრიც.

რამაზ გულუამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მერიის ორი თანამშრომელი სოციალურ ქსელში ამართლებდა „დასუფთავების აქციაში“ მოზარდების ჩართვას და მერს, დავით გოგუას ამაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია. გულუა მიიჩნევს, რომ მერს ორივე თანამშრომელი დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლებინა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თანახმად, მერიას დაქვემდებარებული მუზეუმის ხელმძღვანელმა ნაირა ციმინტიამ, რომელიც სკოლის პედაგოგიცაა, და ბავშვთა დაცვისა და მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტმა მაკა ჯაფარიძემ სოციალური ქსელიდან პოსტები საზოგადოების კრიტიკის შემდეგ წაშალეს.

ჩხოროწყუში მომხდარი ფაქტის შესახებ ჟურნალისტებმა ჰკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. მისი თქმით, შეფასება შეიძლება იყოს მხოლოდ უმძიმესი აღშფოთება: „ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ მოქალაქეებს იქ, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა“. გახარია დარწმუნებულია, რომ მომხდარზე უმკაცრესი რეაგირება ექნება გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც.

ჩხოროწყუში მომხდარი ფაქტით შეშფოთებულია სახალხო დამცველის აპარატი, რომელმაც მოკვლევა დაიწყო. სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, დააკვირდებიან გამოძიების პროცესსაც და ინფორმაციას გამოითხოვენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თანახმად, უფლებების დარღვევა, მით უმეტეს, როცა ამას ახლავს ძალადობა, იმსახურებს უმკაცრეს სამართლებრივ შეფასებას და სამართლებრივ დევნას: „რაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სენსიტიურია თემა, როცა არასრულწლოვნებს ვეხებით, ასეთ დროს საერთოდ ყოველგვარი ყურადღება, რეაგირება და სამართლებრივი შეფასება უნდა იყოს ორმაგად მკაცრი და მკაფიოდ გამოხატული“.

ჩხოროწყუს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს „დასუფთავების აქციის“ ფარგლებში მერიის საპირფარეშო 25 იანვარს მოარეცხინეს. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალური ქსელით გავრცელდა.

ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ლია ჯალაღონიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოსწავლეებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გასაუბრებით გაარკვიეს, რომ რამდენიმე დღის წინ, სკოლაში მივიდა მოქალაქე, რომელმაც მათ დასუფთავების აქციაში მონაწილეობა შესთავაზა. მისი ვინაობა ჯალაღონიამ არ დაასახელა:

ერთ-ერთი პირი მივიდა სკოლაში და უთხრა დირექტორს, რომ გამგეობასთან ერთად არის დასუფთავების პროექტი და სხვა სკოლებთან ერთად თუ მიიღებდნენ მონაწილეობას ამ აქციაში. დირექტორი შევიდა შეცდომაში, რადგან ასეთი საკითხები წყდება მხოლოდ სამინისტროს გავლით. ეს არის უხეში დარღვევა, რადგან როდესაც სკოლაში შემოდის უცხო პირი, სამსახური, ყველაფერი წყდება სამინისტროს გავლით. დირექტორმა არ იცოდა, კონკრეტულად სად იყო ეს აქცია“.

„დასუფთავების აქციის“ ინიციატორი ეთერ ჯაფარიძე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია. მან ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ „დასუფთავების აქცია“ საკუთარი ინიციატივით მოაწყო და ბავშვების ჩართვა გადაწყვიტა, რათა მათთვის შრომა ესწავლებინა და ეჩვენებინა, რომ თუნდაც ტუალეტის დასუფთავება სირცხვილი არ არის: წამოვიყვანე ეს ბავშვები მერიაში, იმიტომ რომ ესენი უნდა გახდნენ შემდგომში მერები, მხატვრები, ინჟინრები, ტურისტები, ცნობილი პიროვნებები, მაგრამ, ოჯახს რომ გაუჭირდეს და შვილებს დასჭირდეთ, ასეთი საქმე არ უნდა ითაკილონ“. ეთერ ჯაფარიძე ამბობს, რომ პოლიციას ჯერჯერობით არ დაუკითხავს.

ჩხოროწყუს მერიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეთერ ჯაფარიძეს ხელშეკრულების ვადა იანვარში ამოეწურა, თუმცა, მერიის თანამშრომლებმა, რომლებმაც 25 იანვარს ბავშვებთან ერთად შენობაში შეუშვეს, არ იცოდნენ, რომ ჯაფარიძე თანამშრომელი აღარ არის.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დავით გოგუა ირწმუნება, რომ „დასუფთავების აქციის“ შესახებ არაფერი იცოდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას არ დაუშვებდა.

ეს იყო თვითნებობა. არავითარი შეთანხმება ამ საკითხზე მერიასთან და სკოლასთან არ ყოფილა. ეს იყო ერთი პიროვნების შემოქმედება. ყველაფერს გამოძიება დაადგენს და მერწმუნეთ, ყველა უმკაცრესად დაისჯება, რადგან ეს ყოვლად გაუმართლებელი ფაქტია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გოგუამ.

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ დღეს განაცხადა, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტზე რეაგირება იდენტიფიცირებისთანავე მოახდინა და გამოძიების პროცესში თანამშრომლობს შსს-სთან. დგებუაძის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, დარღვევას განათლების სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი რეაგირება.

არასრულწლოვნების მიერ ჩხოროწყუს მერიის ტუალეტის დასუფთავების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით.