"გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება მთავრობის გეგმას, ეტაპობრივად გაიხსნას სკოლები საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში. ქვეყანაში COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისას პრიორიტეტი უნდა იყოს სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების უსაფრთხო გახსნა", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც UNICEF-ი დღეს, 1 თებერვალს ავრცელებს.
ფონდი ამახვილებს ყურადღებას იმ ფიზიკურ და ფსიქიკურ პრობლემებზე, რომლებიც თანატოლებთან ყოველდღიური ურთიერთობისა და ფიზიკური აქტივობის გარეშე დარჩენილ ბავშვებს შეექმნათ.
„ბავშვების ჯანმრთელობა, განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა საფრთხეშია. ყველაზე დაუცველი ბავშვები - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები - ყურადღების მიღმა დარჩენის განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ არიან“.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ სკოლების დახურვა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, ყველა სხვა ალტერნატივის განხილვის შემდეგ, რადგანაც სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვები უფრო დაუცველები არიან ძალადობის, ბავშვთა ქორწინებისა და ბავშვთა შრომის საფრთხეებისგან,
ხოლო იქ, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო სკოლების დახურვა გარდაუვალია, გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, უნდა იყოს მიღებული დამცავი ზომები იმისთვის, რომ ძალადობის რისკის ქვეშ მყოფმა ბავშვებმა, ასევე მათ, ვინც სკოლის კვების იმედადაა, ან ვისი მშობლებიც ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზის მუშაკებად მუშაობენ, შეძლონ საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელება.
შეგახსენებთ, რომ 1 თებერვლიდან სასწავლო პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საკლასო ოთახებში განახლდა, თუმცა შეზღუდვების გაუქმება არ ეხება თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს. ამასთან დაკავშირებით გაეროს ბავშვთა ფონდი წერს:
„საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში COVID-19-ის გამო ბავშვებისთვის დღემდე დახურულია სკოლები, რაც მათ მთლიანად დამოკიდებულს ხდის დისტანციურ სწავლებაზე. ახლა, როდესაც ციფრული სწავლება განათლების მიღების ძირითადი საშუალება გახდა, ინტერნეტზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო აღრმავებს არსებულ უთანასწორობას. სკოლების დახურვა საქართველოში 50 000-ზე მეტ ბავშვს ტოვებს განათლების გარეშე. ძალზე მნიშვნელოვანია, ჩატარდეს დამატებითი გაკვეთილები ბავშვებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ დისტანციურ სწავლებაში ჩართვის შესაძლებლობა, რათა ისინი არ ჩამორჩნენ სასწავლო პროგრამას“.
გაეროს ბავშვთა ფონდი ასევე მოუწოდებს მთავრობას, რომ მასწავლებლებმა პრიორიტეტულად მიიღონ COVID-19-ის ვაქცინა, მას შემდეგ, რაც მოხდება სამედიცინო პერსონალისა და მაღალი რისკის მქონე მოსახლეობის ვაქცინაცია. ეს ხელს შეუწყობს მასწავლებლების ვირუსისგან დაცვას, საშუალებას მისცემს მათ, პირადად ჩაატარონ გაკვეთილები და შეინარჩუნონ გახსნილი სკოლები.