მოზარდების მიერ ჩხოროწყუს მერიის ტუალეტის დასუფთავების ინიციატორი მერიის ყოფილი თანამშრომელია

არასრულწლოვნების მიერ ჩხოროწყუს მერიის ტუალეტის დასუფთავების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით.

ჩხოროწყუს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს „დასუფთავების აქციის“ ფარგლებში მერიის საპირფარეშო გასულ კვირაში მოარეცხინეს. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალური ქსელით გავრცელდა.

ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ლია ჯალაღონიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოსწავლეებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გასაუბრებით გაარკვიეს, რომ რამდენიმე დღის წინ, სკოლაში მივიდა მოქალაქე, რომელმაც მათ დასუფთავების აქციაში მონაწილეობა შესთავაზა. მისი ვინაობა ჯალაღონიამ არ დაასახელა:

„ერთ-ერთი პირი მივიდა სკოლაში და უთხრა დირექტორს, რომ გამგეობასთან ერთად არის დასუფთავების პროექტი და სხვა სკოლებთან ერთად თუ მიიღებდნენ მონაწილეობას ამ აქციაში. დირექტორი შევიდა შეცდომაში, რადგან ასეთი საკითხები წყდება მხოლოდ სამინისტროს გავლით. ეს არის უხეში დარღვევა, რადგან როდესაც სკოლაში შემოდის უცხო პირი, სამსახური, ყველაფერი წყდება სამინისტროს გავლით. დირექტორმა არ იცოდა, კონკრეტულად სად იყო ეს აქცია“.

„დასუფთავების აქციის“ ინიციატორი ეთერ ჯაფარიძე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია. მან ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ „დასუფთავების აქცია“ საკუთარი ინიციატივით მოაწყო და ბავშვების ჩართვა გადაწყვიტა, რათა მათთვის შრომა ესწავლებინა და ეჩვენებინა, რომ თუნდაც ტუალეტის დასუფთავება სირცხვილი არ არის: „წამოვიყვანე ეს ბავშვები მერიაში, იმიტომ რომ ესენი უნდა გახდნენ შემდგომში მერები, მხატვრები, ინჟინრები, ტურისტები, ცნობილი პიროვნებები, მაგრამ, ოჯახს რომ გაუჭირდეს და შვილებს დასჭირდეთ, ასეთი საქმე არ უნდა ითაკილონ“. ეთერ ჯაფარიძე ამბობს, რომ პოლიციას ჯერჯერობით არ დაუკითხავს.

ჩხოროწყუს მერიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეთერ ჯაფარიძეს ხელშეკრულების ვადა იანვარში ამოეწურა, თუმცა, მერიის თანამშრომლებმა, რომლებმაც 25 იანვარს ბავშვებთან ერთად შენობაში შეუშვეს, არ იცოდნენ, რომ ჯაფარიძე თანამშრომელი აღარ არის.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დავით გოგუა ირწმუნება, რომ „დასუფთავების აქციის“ შესახებ არაფერი იცოდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას არ დაუშვებდა.

„ეს იყო თვითნებობა. არავითარი შეთანხმება ამ საკითხზე მერიასთან და სკოლასთან არ ყოფილა. ეს იყო ერთი პიროვნების შემოქმედება. ყველაფერს გამოძიება დაადგენს და მერწმუნეთ, ყველა უმკაცრესად დაისჯება, რადგან ეს ყოვლად გაუმართლებელი ფაქტია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გოგუამ.

ადგილობრივი ოპოზიცია მომხდარი ფაქტის გამო მოითხოვს ჩხოროწყუს მერის გადადგომას.

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ დღეს განაცხადა, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტზე რეაგირება იდენტიფიცირებისთანავე მოახდინა და გამოძიების პროცესში თანამშრომლობს შსს-სთან. დგებუაძის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, დარღვევას განათლების სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი რეაგირება.