"გირჩი" "ქართულ ოცნებას" სთხოვს, რომ ოპოზიციას მანდატები არ უნდა შეუწყვიტოს

პოლიტიკური პარტია "გირჩის" ის ნაწილი, რომელიც უარს არ ამბობს საპარლამენტო მანდატებზე, აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს არ გააუქმონ იმ 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატი, რომელმაც მსგავსი სურვილი გამოთქვა. კენჭისყრა ხვალ, 2 თებერვალს არის გათვალისწინებული.

"კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს. ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, გვინდა ვთხოვოთ ჩვენს კოლეგებს ქართული ოცნებიდან, საქმით აჩვენონ თანამშრომლობის სურვილი. ნუ დაუჭერენ მხარს, საკუთარი კოლეგების პარლამენტიდან გაძევებას", - აცხადებენ "გირჩში".

პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს გადადონ, ამ გადაწყვეტილების მიღება და დატოვონ დრო დისკუსიისათვის:

"თუ მიუხედავად ჩვენი გულწრფელი თხოვნისა, "ქართული ოცნება" მაინც შეუწყვეტს კოლეგებს უფლებამოსილებას, ამას მივიღებთ "ქართული ოცნების" მხრიდან მთელ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შეწყვეტის გააზრებულ გადაწყვეტილებად და "გირჩის" მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს".

პარლამენტის დეპუტატობაზე უარის თქმის განცხადება 51 ოპოზიციონერ დეპუტატს აქვს დაწერილი. უმრავლესობამ მანდატები უკვე შეუწყვიტა "პატრიოტთა ალიანსის" სამ ლიდერს და საკანონმდებლო ორგანოში მათი ადგილმონაცვლეები შევიდნენ. პარლამენტში შედის "მოქალაქეების" ორი ლიდერი, "გირჩის" სამი წევრი კი მოლაპარაკებების პროცესს აკვირდება.