რუსეთში მიმდინარეობს ალექსეი ნავალნის მომხრეთა საპროტესტო აქციები

რუსეთში მიმდინარეობს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მომხრეთა საპროტესტო აქციები. ისინი წინასწარი პატიმრობიდან მის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არ არის ხელისუფლებასთან შეთანხმებული. ხელისუფლებამ დაიწყო აქციების მონაწილეთა დაკავება.

მოსკოვში ნავალნის მომხრეებმა შეცვალეს შეკრების ადგილი მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გადაკეტა რამდენიმე ცენტრალური კვარტალი და ჩაკეტა მეტროს 7 სადგური, რათა ხელი შეეშალა მომიტინგეთათვის, რომ მიეღწიათ ლუბიანკის მოედანზე, სადაც თავდაპირველად იგეგმებოდა საპროტესტო აქცია.

ამის შემდეგ ხალხი შეიკრიბა მეტრო სუხარევსკაიასთან, სადაც პოლიციამ მათი დაკავება დაიწყო. დაკავებულთა შორის არის რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებების საკითხების საბჭოს წევრი ნიკოლაი სვანიძე. ის მოგვიანებით გაათავისუფლეს.

თვითმხილველთა თქმით, ძნელია შეკრებილთა საერთო რაოდენობის შეფასება. ხელისუფლების თქმით, მოსკოვში აქციაზე თავი მოიყარა 300-მდე ადამიანმა. სხვა ცნობებით, მათი რაოდენობა რამდენიმე ათასია.

სანქტ-პეტერბურგში, მას შემდეგ, რაც პოლიციამ გადაკეტა ცენტრამდე მისასვლელი, ნავალნის შტაბმა აქციის მისამართის შეცვლის შესახებ გამოაცხადა. იქაც დაიწყეს აქციის მონაწილეთა დაკავება. სხვადასხვა შეფასებით, სანქტ-პეტერბურგში რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა ქუჩებში საპროტესტოდ.

ორგანიზაცია OVD-info-ს თანახმად, მოსკოვის დროით შუადღისთვის მთელი რუსეთის მასშტაბით დაკავებული იყო 500-ზე მეტი ადამიანი. 100-ზე მეტი - ვლადივოსტოკში, თითქმის ას-ასი - კრასნოიარსკსა და ნოვოსიბირსკში.

Your browser doesn’t support HTML5

ნავალნის მომხრეები აქციებს მართავენ, პოლიციამ მათი დაკავება დაიწყო