ქუთაისში მერიის შენობის წინ მოქალაქეებმა კოვიდრეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით აქცია გამართეს. რამდენიმე მოქალაქე დილიდან შეიკრიბა.
"ხელისუფლებამ დააპატიმრა ბიზნესი, განათლება, ეკონომიკა", - აცხადებდნენ მოქალაქეები. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ლუკა გორგიძის თქმით, აუცილებელია ქვეყნის გახსნა.
"დღეს გალიაშია გამოკეტილი ბიზნესები, ადამიანებმა დაკარგეს სამსახურები, არ მუშაობს ტრანსპორტი, პატრული კი ამ დროს უმუშევარ, უფულო ადამიანებს აჯარიმებს. მოვითხოვთ ქვეყნის გახსნას და ჯარიმების გაუქმებას", - ამბობს ლუკა გორგიძე.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის, იანა ჯანელიძის თქმით, ახალგაზრდები მოითხოვენ, ქუთაისში აღდგეს ტრანსპორტი 1 თებერვლიდან და მიეცეთ აუდიტორიებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი შედეგის დადგომამდე არ შეწყვეტენ პროტესტს.
რეგულაციების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის მოთხოვნით აქციები იმართება თბილისში. მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეები გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიუხედავად მაინც იკრიბებიან. აქცია იმართება დღესაც. მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის 1 თებერვლიდან ამუშავებას ითხოვენ. ავტობუსები, მეტრო და მიკროავტობუსები უკვე ორი თვეა, რაც გაჩერებულია.