კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი სასამართლომ 28 იანვარს წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე - მისი თავისუფლება ჯერჯერობით დროებითი და პირობითია, სანამ სასამართლო არ დაადგენს მის ბრალეულობას ან უდანაშაულობას.
საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ წევრს, რომელსაც სახელმწიფო ბრალდების მხარე ქვეყნის საზიანო საქმიანობაში ადანაშაულებს, საზოგადოებამ 2 საათში მოუგროვა თანხა, რომელიც მან გირაოს სახით უნდა გადაიხადოს - 20 000 ლარი. გამოძიება ახლა იმ პირებს ეძებს, რომლების დავალებითაც მოქმედებდნენ „კარტოგრაფების საქმის” ბრალდებულები - ივერი მელაშვილი ამბობს, რომ გამოძიება “ნატვრის თვალს” ეძებს მოცემულობაში, სადაც არ არსებობს ჩადენილი დანაშაული და დამნაშავეები.
ივერი მელაშვილის გათავისუფლებიდან მეორე დღესვე, ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა და მოქმედმა პარლამენტარმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ „საზოგადოება შოკშია” იმის გამო, რომ „უკვე მეორე დღეა ივერი მელაშვილი იმდენად მუშაობს საკუთარი თავის წინააღმდეგ, რომ პროკურატურას სამუშაო აღარაფერი დარჩა”. საქართველოს საპატრიარქომ ხელისუფლებას შეახსენა, რომ მან სიტყვა საქმედ უნდა აქციოს და „დაამტკიცოს, რომ გაჩენილი ეჭვები, გარეჯის საკითხის პარტიულ-პოლიტიკურ კომბინაციებში გამოყენების შესახებ, მხოლოდ ეჭვებია და აპირებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს”. დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარმა მოითხოვა, საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ ივერი მელაშვილის განცხადებებს დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცეს, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა კი საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრის მიერ მედიასთან გაკეთებული განცხადებები “ბრალის აღიარებად” მიიჩნია. მან თქვა, რომ აპირებენ იყვნენ უკომპრომისოები და ბრალდებულებს შეახსენა რომ წინ აქვთ სასამართლო პროცესები და ჯერ კიდევ ემუქრებათ 15 წლამდე სასჯელი.
ბატონო ივერი, თქვენ ძალიან მძიმე ბრალდება გაქვთ, ფაქტობრივად ქვეყნის ღალატს გედავებათ გამოძიება. ციხეში ყოფნის დროს ალბათ ფიქრობდით ადამიანებზე, ვინც დაიჯერებდა თქვენს ბრალეულობას და მათზეც, ვისაც ეჭვი არ შეეპარებოდა თქვენს უდანაშაულობაში.
ყველა ადამიანი თავისუფალია თავის აზროვნებაში. არსებობენ ადამიანები, ვისაც ბრალდება დაეყრდნო, მათ შორის, ერთი სასულიერო პირი, მეორეც, გამოდის ხოლმე და რაღაცეებს ლაპარაკობს. ეს მათ ნამუსზეა. მე დღეში ორჯერ, დილას და საღამოს ვლოცულობ მათი სულებისთვის, რომ ღმერთმა არ დასაჯოს ჩემს გამო. თავის საქმე თვითონ იციან, სისტემა უნდა იყოს ისეთი, რომ არჩევდეს დასაბუთებულ აზრს და პროვოკაციას.
ამდენი ხნის გამოცდილება მაქვს, ახლაც ვფიქრობ ხოლმე, რამე ხომ არ მეშლება. ის რომ ასე ფიქრობს, მართალი ხომ არ არის, ჩემ თავს ვეკითხები ხოლმე. სხვებსაც ეს მინდა მოვუწოდო, კრიტიკულად შეხედონ მოვლენებს.
რაც შეეხება მხარდამჭერებს. არსებობენ ადამიანები, შემომხედეს, მომისმინეს, მთლად ვერ გაერკვა საქმის ვითარებაში, მაგრამ სჯერა ჩემი. არსებობს ასეთი სიმპატია-ანტიპატია ადამიანებს შორის. ნამდვილად მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის, მაგრამ ისიც მინდა, რომ ყველამ კრიტიკულად შემხედოს და ისე გაიაზროს ეს საქმე. არ ერკვევი რუკებში, კი, ბატონო, მაგრამ შეხედე კრიტიკულად, გაიაზრე, შეადარე ერთი მეორეს შენ თვითონ და ნუ დაიჯერებ პირდაპირ ნურც იმას, რასაც მთავრობა გეუბნება, ან პროკურატურა, ასეთი აზროვნება გადაგვარჩენს.
დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით საგარეო საქმეთა სამინისტროში, 4 თვე გაატარეთ საპატიმრო დაწესებულებაში. თითზე ჩამოსათვლელია მოქმედი საჯარო მოხელეებიდან ადამიანები, ვინც თქვენ საჯარო მხარდაჭერა გამოგიცხადათ. მეტიც, გამოძიების ბოლოს გავიგეთ, რომ თქვენ და თქვენს კოლეგებს გისმენდნენ საგარეო უწყებაში, თქვენს სამუშაო ოთახებში. იყო ეს თქვენთვის მოულოდნელი?
კიც და არაც. კაცი როცა დადებითად ხარ განწყობილი, იცი, რასაც აკეთებ და როგორც აკეთებ, ენთუზიაზმით, მონდომებით, გულით, სულით, გრძნობით, ტყუილი იქნება, თუ ვინმე იტყვის, რომ არ ელოდება, სულ ელემენტარულ მადლობას მაინც რომ გადაუხდის ვინმე. როცა ამ სამსახურში ვიწყებდი მუშაობას, 1994 წელს, როცა კომისია იკრიბებოდა, კარგი ხელმძღვანელი მყავდა, გურამ ჩიკვილაძე, ახლა ცოცხალი აღარ არის, მიწათსარგებლობის სფეროში პროფესიონალი იყო. ისე მიყურებდა, როგორც თავის მოსწავლეს, მან გამიწია რეკომენდაცია კომისიაში და გამაფრთხილა, ისეთ საქმეში შეყავი თავი, შენი მადლიერი არავინ იქნება და ბევრი კრიტიკოსი გეყოლებაო, მართალიც არის. ისიც თქვა, ჯერ კიდევ მაშინ, შეიძლება შენი სიცოცხლე არ ეყოს მაგ საზღვრის შეთანხმებასო. ასეც არის.
ასევე ნახეთ გიგი გიგიაძე მიესალმება ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებასსასამართლომ იმ სხდომაზე, სადაც გირაოს სანაცვლოდ გაგათავისუფლათ პატიმრობიდან, ასევე გაგათავისუფლათ საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვენი პოზიციიდან, პროკურატურის შუამდგომლობით. თქვენ იქ თქვით, რომ ეს არა სასამართლოს და პროკურატურის, არამედ თქვენი ხელმძღვანელობის მისაღები გადაწყვეტილებაა. ფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებით დაიცვეს მინისტრი უხერხული პასუხისმგებლობისგან?
არ მგონია, რომ პროკურატურა მინისტრისთვის ზრუნავდა. ეს იყო ბარბაროსული მიდგომა, რომ თუ ციხიდან ვათავისუფლებთ, მოდი სამსახურიდან მაინც გავუშვათ. იქაც ვთქვი, რომ ხელმძღვანელობას თუ არ ვჭირდები, გავიგებ. როცა გეტყვიან, არ გვჭირდებიო, დაიხურავ ქუდს და წამოხვალ კაცი. მაგრამ ეს [სასამართლოს გადაწყვეტილება] არ არის სწორი მიდგომა, ჩემი აზრით.
გაასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას?
არ აქვს აზრი ამის გასაჩივრებას, ჩემი აზრით.
ინტერვიუს მოკლე ვერსია:
Your browser doesn’t support HTML5
სასამართლომ 28 იანვარს გაგათავისუფლათ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელმაც თქვა, რომ თქვენ მიმართ გამოძიება დასრულებულია და ახლა უნდა მოძებნოს თქვენთვის დავალების მომცემი პირები. ორი თვის წინ, ნოემბერში, როცა სასამართლოს თქვენმა ადვოკატებმა სთხოვეს თქვენი გათავისუფლება წინასწარი პატიმრობიდან, ეს თხოვნა არ დაამაყოფილეს. ამ ორი თვის განმავლობაში საქმეში პრინციპულად ახალი გარემოებები არ აღმოჩენილა, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვები და ექსპერტიზები გრძელდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო არა წონიანი არგუმენტების მიხედვით, არამედ იმის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, ვინ აყენებს მოთხოვნებს?
არსებითად ნამდვილად არაფერი შეცვლილა, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩანაწერებიც კი ადრე ყოფილა მოპოვებული. ახალი რა არის, არაფერი. ამ დროის განმავლობაში შეიცვალა მარტო ის, რომ ციხიდან გამოგვიშვეს მე და ნატაშა [მეორე ბრალდებული, ნატალია ილიჩოვა]. დანარჩენი მიმდინარე პროცესია, სასამართლოები გაგრძელდება. სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით, რომ ჩვენი გათავისუფლების წინადადება პროკურატურამ თვითონ დააყენა, ჩვენი ადვოკატები აპირებდნენ ამას.
მაინც კარგია ის, რომ გარეთ ვართ და მეტი კომუნიკაციის საშუალება მაქვს იგივე ჩემს ადვოკატებთან, იგივე თქვენთან, ჩემი აზრების გამოთქმის საშუალება მაქვს. ციხეში ამის საშუალება ნაკლებად გაქვს. შეგიძლია გამოაგზავნო წერილი, მიმართვა და ამისთვისაც ცალკე სახალხო დამცველი უნდა ჩარიო, უამრავი შეზღუდვის მექანიზმი არსებობს.
გათავისუფლების დღესვე თქვით „კარტოგრაფების საქმეზე”, რომ ეს იყო „ივანიშვილის ტრიუკი”. თქვენ მას ციხიდან წერილიც მიწერეთ. რაში სჭირდებოდა, თუკი ეს მართლაც მისი ტრიუკი იყო და როგორ ფიქრობთ, მიაღწია ამ საქმით მიზანს, რაც ჰქონდა?
თვითონ გააკეთა განცხადება. თუ მანამდე ეჭვების დონეზე შემეძლო ლაპარაკი იმაზე, რომ ეს მთავრობის ტრიუკი იყო და ამის საფუძველს მაძლევდა თავდაცვის მინისტრის მოქმედებები, პროკურატურა, სასამართლო, მერე თვითონ ისაუბრა ხიდაშელთან დაკავშირებით, „რას ვერჩით ამ კაცს, რუსეთიდან ჩამოიტანა რუკები, გმირობა ჩაიდინაო” და ასე შემდეგ. ამან დამიდასტურა ეჭვი, რომ ეს იყო მისი პირადი ტრიუკი. გამოდის, რომ ხიდაშელის ამბავი, მისი ჩამოსვლა, რუკების ჩამოტანა - იცის და დავალებაც მისგან იყო წამოსული. ასეთი დასკვნა გამოვიტანე და მგონია, ამ დასკვნაში ბევრი დამეთანხმება. უჩემოდაც ბევრმა იცის, რომ მის გარეშე ვერც ერთი მთავრობის წევრი და მართლმსაჯულება გადაწყვეტილებას ვერ იღებს, ყველა მის სურვილებს ასრულებს.
წინასაარჩევნოდ მოხდა ამ თემის აჟიტირება, პროკურატურაში საგანგებო განცხადებების გაკეთება, საგანგებოდ ამ საკითხის წამოწევა, აჟიოტაჟი უკვე ნიშნავს, რომ წინასაარჩევნო ტრიუკია და მეტი არაფერი. არარსებულ შემთხვევაზე ჩატარდა გამოძიება. მარტო მე კი არა, უამრავმა ოდნავ საქმეში ჩახედულმა ადამიანმა იცის, რომ წარმოუდგენელია რაღაც ისეთი მომხდარიყო, რაშიც ბრალი დაგვდეს. ფართობების გადაცემა ერთი ქვეყნის მიერ მეორესთვის - წარმოუდგენელია, ასეთი რამ ვერ მოხდებოდა და არც მომხდარა.
იმედი მაქვს, ეს საქმე სიმართლის დადგენით დაგვირგვინდება - დიდი იმედი მაქვს ამის, მინდა ასე მოხდეს და რატომ? ერთხელ და სამუდამოდ, რაღაცნაირად მინდა, რომ სიყალბე მოისპოს. ეს გვღუპავს ჩვენ ყველას. სიყალბეში ცხოვრება, ერთის გაფიქრება, მეორის თქმა და მესამის გაკეთება - ეს სიყალბე უნდა მოისპოს. თუ ვინმეს უნდა, ამ საქმეზე სიმართლე გაირკვეს და აღარ დარჩეს არავითარი კითხვები, ალბათ პირველი მე ვარ მათ შორის და ამისკენ ვისწრაფვი.
რა მოყვა ამ წინასაარჩევნო შედეგს - ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობები გვიფუჭდება.
გელა ბეჟუაშვილმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დაკითხვის შემდეგ თქვა, რომ ყველა შემდგომი კომისიის მუშაობაზე ეს საქმე მძიმე კვალს დატოვებს, მალხაზ მიქელაძემ, რომელიც თქვენი კოლეგა და კომისიის ყოფილი თავმჯდომარეა, თქვა, რომ მომლაპარაკებელს ზურგს უნდა უმაგრებდეს ინსტიტუტი, რომელსაც წარმოადგენს. როგორ წარმოგიდგენიათ ამ საქმის შემდეგ კომისიის მუშაობის და საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის მომავალი?
ჩემი გამოცდილება და ანალიზიც მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ორივეს დავეთანხმო. აზერბაიჯანთან ახლა ურთიერთობები ძალიან აწეწილია. საზღვარი და დელიმიტაციის თემა ზოგადად მნიშვნელოვანი და რთული საკითხია. მარტო კომისია ვერაფრის გადამწყვეტი ვერ იქნება ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც ჩვენთან და ვერც სხვა ქვეყნებში, თუკი მას მხარდაჭერა არ აქვს და ზურგს არ უმაგრებს სახელმწიფო სტრუქტურები, მთავრობა, პარლამენტი.
მერე რაშია საქმე: მომლაპარაკებელი საკითხს რომ აყენებს, მას ზურგი ნამდვილად გამყარებული უნდა ჰქონდეს. მომლაპარაკებელმა უნდა ილაპარაკოს სიმართლე მყარი არგუმენტებით. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, მომლაპარაკებელი რა როლში იქნება, როდესაც მისი ქვეყნიდან გაკეთებულია საგარეო საქმეთა მინისტრის, პროკურატურის მხრიდან, წარმოებს ეს აჟიტირებული საქმე და კეთდება განცხადებები, რომ რაღაც ტერიტორია დავკარგეთ, რომელიც ჩვენი იყო, ახლა ამ საკითხს დავაყენებთ და უკან წამოვიღებთ. რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს მოლაპარაკების პროცესზე. მეორე მხარე ხომ დაგიჯდება და პირველ რიგში მოგთხოვს პასუხს იმაზე, რა ტერიტორიული პრეტენზიები გაქვს. სულ მცირე, პასუხს მოითხოვენ ჩვენგან, ეს განცხადებები რას ნიშნავს. იკითხავენ, ნიშნავს ეს, რომ გაქვთ პრეტენზიები ამ მონაკვეთებთან დაკავშირებით - ეტყვი არას, მაშინ ის განცხადებები რა იყო და ა.შ. თან თუ გავიხსენებთ, რომ ეს განცხადებები, ეს უაზრო პრეტენზიები საომარი მოქმედებების დროს გაკეთდა - დასაბუთებული რომ იყოს, მესმის, მაგრამ ასე, სამთავრობო სტრუქტურების და მართლმსაჯულების მხრიდან არაარგუმენტირებული განცხადებებით მოლაპარაკება არ წარმოებს. მოლაპარაკებას რომ აწარმოებს, რაღაც თემის დახურვა რომ გინდა სახელმწიფოს, რაღაც თემის დალაგება, უნდა იყოს შემუშავებული გეგმა - მომლაპარაკებელმა უნდა თქვას ის, რაც სათქმელია, ექსპერტები თავის სამუშაოს ასრულებენ, მესაზღვრეებმა შესაბამისი პოზიცია უნდა დაიკავონ, უმაღლეს ხელისუფლებას თავისი როლი აქვს - იქნება ეს პრემიერების შეხვედრა თუ პრეზიდენტების - ყველას თავისი როლი აქვს ამ პროცესში და თავისი პასუხისმგებლობა. არ არის ისე, რომ კომისიას მიანდო მხოლოდ და იფიქრო, თუ კარგად გააკეთებენ, გააკეთებენ, თუ ვერ გააკეთებენ, არ მოგვეწონება და დავიჭერთ ყველას. არ არის ასე.
შეგიძლიათ კიდევ ერთხელ ახსნათ, რატომ არის გამოუსადეგარი რუკა 1:200 000-იანი მასშტაბით, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება გედავებათ?
იმდენად დილეტანტურია ეს [პროკურატურის] მსჯელობა, რომ სისულელის ზღვარამდე მიდის. თურმე რაღაც რუკა არსებულა, რომელსაც რომ გავყოლოდით, ყველაფერი, 3500 ჰექტარი საქართველოს ისტორიული მიწა ჩვენი იქნებოდა. ჯერ ამას პროკურატურა ამბობდა, მერე სასამართლოს განჩინებაშიც ეწერა, რომ ერთი რუკა ერთდროულად იყო ისტორიული, სამართლებრივად გამყარებული, ტექნიკურად დახვეწილი და თან ასახავს არსებულ მდგომარეობასაც. ისტორიულს რომ ამბობ, ზოგადად, იქვე უნდა დააყოლო, რომელ ისტორიულ მდგომარეობას გულისხმობ: უახლესს, ცოტა გვიანდელს თუ რა დროს. საქართველოს პირობებში ისტორიული მდგომარეობა არსებულს თითქმის არსად არ ემთხვევა. ეგ კი არა, ჩვენს ვითარებაში საზღვარი, როგორც ცოცხალი მექანიზმი, ისეა. საბჭოთა კავშირის დროს ქვეყნები ცალკე არ იყო და რესპუბლიკებს შორის საზღვრები ცოცხალი იყო, აქტიური გადასვლა-გადმოვლა იყო, ზოგი სახლს იშენებდა მეორე მხარეს, ზოგი არხს ჭრიდა და, შესაბამისად, არსებული მდგომარეობით საზღვარი დე ფაქტო გვაქვს. ისეთი სიტუაციაა რიგ ადგილებში, მაგალითად, ლაგოდეხისკენ, ან კახთან - იქ რეალური მდგომარეობა სულ სხვანაირია, რუკებზე სხვა რამეა და ისტორიას რომ გაყვე, ბელაქანის რაიონი და ზაქათალა ჩვენი იყო - ეს სულ სხვა თემაა.
პროკურატურის ბრალდება რა არის, ხო? ჩვენ თურმე ჩვენი ძირგამომთხრელი მოქმდებების შედეგად 35 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია ამ შეთანხმებულ მონაკვეთებზე მივაკუთვნეთ აზერბაიჯანულ მხარეს. ამის დამამტკიცებელი არაფერი არ არსებობს. ეს არის ჰაერში ლაპარაკი, სისულელე. როცა ამბობ, რომ საქართველოს კუთვნილია და ამ რუკას იღებ საფუძვლად და უეჭველად მიიჩნევ ამ რუკას, აქედან გამომდინარე მსჯელობ და ამბობ, აგერ ჩემი იყო, ბატონო. შენი რომ იყო, მაგას ერთი რუკის გარდა ან მიწათსარგებლობა უნდა ადასტურებდეს, ან სხვა რუკა უნდა ადასტურებდეს, ან დოკუმენტი, დადგენილება, შეთანხმება - ასეთი არაფერი არ არსებობს ბუნებაში და როგორ შეგიძლია, ამტკიცო. ასე თუ ამტკიცებ, ესე იგი დილეტანტი ხარ და თუ პროკურატურა და გამოძიება ასეთი დილეტანტია, გენერალური პროკურატურა, სადაც ყველაზე მაღალი დონის პროფესიონალები უნდა იყვნენ, ეს ძალიან ცუდია. ან შეიძლება ისინი უბრალოდ დავალებებს ასრულებდნენ.
ამ რუკაზე მსჯელობა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, პრემიერის დონეზე იმართებოდა თურმე შეხვედრები, აუდიენციები იყო, განხილვები მოჰყვა. განსხვავებული აზრი სულ არის და ეს კარგია, როცა არ იყო, კომისიის წევრები ვსხდებოდით და ვცდილობდით გაგვეთამაშებინა სხვადასხვა პოზიციების დაცვა. ყველა პოზიცია უნდა გაიაზრო, სანამ მოლაპარაკებაზე მიხვალ. მაგრამ ეს არ იყო განსხვავებული აზრი, ეს იყო არგუმენტაციის გარეშე დილეტანტური მსჯელობა. ჩვენ ავუხსენით, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად ვმოქმედებდით, ეს რუკაც ვიცოდით, გვქონდა ამის ექსპერტიზა გაკეთებული და ვიცოდით, რომ ჩვენდა სამწუხაროდ ეს რუკა გამოუსადეგარი იყო და ამიტომ გვქონდა გვერდზე გადადებული. ისიც შევთავაზეთ [1:200 000-იანი რუკის გამოყენების მომხრეებს, სასულიერო პირებს], რომ თავიანთი განსხვავებული აზრის გასაგებად, გაკეთებინათ ანალიზი, შეედარებინათ ამ რუკის ნაწილები სხვა რუკებთან და დაესვათ კითხვები, რატომ არის ამდენი სხვაობა არა მხოლოდ საზღვრის ხაზზე, არამედ ხრამებთან, მდინარეებთან მიმართებით. უნდა დაუსვა შენს თავს კითხვა, რატომ არის ამდენი სხვაობა ერთ რუკაზე. არ შეიძლება, რუკის ერთი ნაწილი აიღო, სხვა რუკას დაადო და ისე დაიწყო მსჯელობა საზღვრის დანაკარგზე. არ არის, ბატონო, ასე, რუკა ერთიანია.