მემორანდუმი, რომელსაც „ოცნება“ და „მოქალაქეები“ აწერენ ხელს, 14 ძირითადი პუნქტისგან შედგება

მემორანდუმი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ და პარტია „მოქალაქეებმა“ გააფორმეს, 14 ძირითადი პუნქტისგან შედგება. როგორც „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა თქვა, მმართველ პარტიასთან შეთანხმება გააფორმა და ლევან იოსელიანთან ერთად პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

მემორანდუმის პირველი პუნქტის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დადგინდება 5-პროცენტიანზე დაბალი, არაუმეტეს 3-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. იქვე აღნიშნულია, რომ ბარიერი დაზუსტდება შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო და საპარლამენტო განხილვების ფარგლებში.

საქმე ისაა, რომ თუკი პარლამენტმა დააკმაყოფილა ოპოზიციის დეპუტატების განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, პარლამენტში დარჩენილი დეპუტატების რაოდენობა საკმარისი არ იქნება საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად.

მემორანდუმის თანახმად, საპარლამენტო ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება საარჩევნო ბარიერის შესაბამისად. მიმდინარე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო ფრაქციის შექმნის უფლება მიენიჭება არანაკლებ 4 პარლამენტის წევრს [ნაცვლად 7-ისა].

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

მემორანდუმის შემდეგი ნაწილი ეხება მუნიციპალურ არჩევნებს. დოკუმენტის მიხედვით, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში ყველა შემდეგი საკრებულოს არჩევნები ჩატარდება ოთხი ერთზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა განისაზღვრება ადგილობრივ თავისებურებათა შესაბამისად, იმგვარად, რომ თანაფარდობა პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის იყოს არანაკლებ ორი ერთზე პროპორციული სისტემის სასარგებლოდ.

თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი იქნება 2,5 პროცენტი, ხოლო სხვა საკრებულოების არჩევნებისთვის - არაუმეტეს 3,2 პროცენტისა.

საარჩევნო ადმინისტრაცია

დოკუმენტის თანახმად, შეიცვლება საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა. როგორც მემორანდუმშია ნათქვამი, ოპტიმიზაცია ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება. ის ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებასაც ითვალისწინებს:

  • ცესკოს შემადგენლობა განისაზღვრება პროფესიული ნიშნით არჩეული არანაკლებ 7 და არაუმეტეს 11 წევრით. ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი იმ პირთაგან, რომლებსაც შეარჩევს პრეზიდენტთან შექმნილი, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან შემდგარი სპეციალური კომისია.

მემორანდუმში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ცესკოს დაკომპლექტებისას ერთ-ერთი კრიტერიუმი იქნება პარტიის წარმომადგენლების პარლამენტში ყოფნა: „ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით, დანიშნავს თითო წარმომადგენელს ცესკო-ში, რომლებიც სათათბირო ხმის უფლებით მიიღებენ მონაწილეობას ცესკო-ს სხდომებში. პარტიების წარმომადგენლები ისარგებლებენ ცესკო-ს წევრთათვის განსაზღვრული პრივილეგიებით, მათ შორის შესაბამისი შრომის ანაზღაურებით“. ანალოგიური მიდგომა იქნება საოლქო საარჩევნო კომისიის შემთხვევაშიც. გარდა ამისა, საპარლამენტო პარტიები (რომლებიც დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ არჩევნებში) შეძლებენ თითო წარმომადგენლის დანიშვნას ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში.

მემორანდუმი ითვალისწინებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვასაც: „ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების შესაბამისად გადაისინჯება და აღსრულდება ნორმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ. საჯარო მოსამსახურეებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის სკოლებისა და საბავშვო ბაღების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს/აღმზრდელებს აეკრძალებათ სამუშაო საათებში პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აიკრძალება საჯარო მოსამსახურეებისა და მათთან გათანაბრებული პირების შეკრება სამსახურებრივი ნიშნით“.

აიკრძალება საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრის რადიუსში დაყოვნება და ბიულეტენის ფოტოგადაღება

მემორანდუმის ბოლო ნაწილი უშუალოდ საარჩევნო პროცედურების გაუმჯობესებას ითვალისწინებს:

  • კანონით აიკრძალება მოქალაქეთა შეკრება და დაყოვნება საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრის რადიუსში, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე არჩევნების დღეს ამომრჩევლის აღრიცხვა. დადგინდება მკაცრი სანქციები აღნიშნული კანონდარღვევის ჩამდენთა წინააღმდეგ;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შესაბამისად განსაზღვრული მოცულობითა და განსაზღვრულ ვადებში, არჩევნებისათვის დაინერგება ახალი ტექნოლოგიები:
    • დაინერგება ხმის მიცემა ელექტრონული აპარატის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს ამომრჩევლის მიერ შევსებული საარჩევნო ბიულეტენის სკანირებასა და ამოცნობას. უბნებზე ხმის მიცემის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონულად წაკითხვადი ფორმით, რაც შესაძლებელს გახდის უმოკლეს დროში ამ შედეგების (მათ შორის რეგისტრირებული ამომრჩევლების, ბიულეტენების რაოდენობის, ბათილი ბიულეტენების შესახებ მონაცემების) გადამოწმებასა და დეტალურ ანალიზს;
    • უზრუნველყოფილი იქნება ამომრჩევლის რეგისტრაცია თითის ანაბეჭდის მეშვეობით;
    • საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო უბნების ვიდეოკამერებით აღჭურვა და ყველა საარჩევნო პროცედურის ლაივსტრიმით გადაცემა;
    • რამდენადაც ტექნიკურად შესაძლებელი და თავსებადი იქნება ამ მემორანდუმით გათვალისწინებულ სხვა ტექნოლოგიებთან, საარჩევნო ბიულეტენებზე მოხდება შტრიხკოდების (RFID-სტიკერები) განთავსება, რათა გამოირიცხოს საარჩევნო უბნიდან ბიულეტენის გატანა. ბიულეტენის გატანა დაისჯება სისხლის სამართლის წესით;
  • ხმის მიცემა შესაძლებელი გახდება მხოლოდ ახალი ID-ბარათის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის გამოყენებით. მოქალაქეთათვის, რომლებიც არ ფლობენ ახალ ID-ბარათს, იგი უფასოდ გაიცემა;
  • აიკრძალება და სისხლის სამართლის წესით დაისჯება საარჩევნო ბიულეტენის ფოტო და ვიდეოგადაღება;
  • კანონმდებლობაში გაიწერება გარანტიები, რათა ნებისმიერი უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო უბნების სულ მცირე 10 პროცენტის გადათვლა;
  • განიხილება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაფართოების მექანიზმები;
  • ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების შესაბამისად, გადაისინჯება საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ნორმები, რათა უზრუნველყოფილი იყოს დავების დროული, გამჭვირვალე და ჯეროვანი გადაწყვეტა. ცესკოსთან შეიქმნება სპეციალური კომისია დამოუკიდებელი ექსპერტების, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა შემადგენლობით, რომელიც დააკვირდება დავების განხილვის პროცესს და რეკომენდაციებს წარუდგენს ცესკოს.

„ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად საარჩევნო რეფორმის განსახორციელებლად, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი საპარლამენტო პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. ჯგუფის მუშაობას წარმართავს ორი თანათავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს წარედგინება არა უგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა, ხოლო კანონპროექტები პარლამენტის მიერ მიიღება 2021 წლის 1 მაისამდე.

ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები საჯაროდ აცხადებენ, რომ აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო მუშაობაში, უზრუნველყოფენ და ხელს შეუწყობენ პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებასა და მიღებას“, - ვკითხულობთ მემორანდუმში.