ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მისმა პარტიამ "ქართულ ოცნებასთან" ხელშეკრულება გააფორმა და ამ შეთანხმების ფარგლებში საპარლამენტო საქმიანობას დაიწყებენ.

"შევთანხმდით საბოლოოდ და შეთანხმება გავაფორმეთ "ქართული ოცნების" ლიდერებთან. რაც გულისხმობს, ჩვენ შეთანხმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში... კი, მოვაწერეთ ხელი", - ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილი ამბობს, რომ შეიცვლება ხმის მიცემის სისტემა და მარკირების ნაცვლად თითის ანაბეჭდის სისტემა დაინერგება. შეთანხმების მიხედვით, ცვლილებების კანონპროექტი 1 მარტამდე უნდა დარეგისტრირდეს, 1 მაისამდე კი კანონად უნდა იქცეს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ის და მისი პარტიის წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტში საქმიანობას შეწყვეტენ, თუ "ქართულ ოცნებასთან" დადებული შეთანხმება არ შესრულდა.

"თუ პირველ მარტამდე არ მოხდა [არჩევნებზე საკანონმდებლო] ინიცირება, როგორც მოხდა შემოსვლა და როგორც შემოვედი, ისე გავალთ", - ამბობს ელისაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მომავალ არჩევნებში 3 პროცენტამდე იქნება და პროფესიონალებით დაკომპლექტდება საარჩევნო ადმინისტრაციები, სადაც გათვალისწინებული იქნება ოპოზიციური კვოტებიც.

ამ დრომდე ელისაშვილი და მისი თანაპარტიელი ლევან იოსელიანი ამბობდნენ, რომ პარლამენტში მხოლოდ კონკრეტული შეთანხმების შემთხვევაში შევიდოდნენ. მათ შორის აუცილებელი იყო, რომ გათავისუფლებულიყვნენ ადამიანები, რომლებსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად იხსენიებს. ელისაშვილმა შეთანხმების შედეგი უწოდა "კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება.