"გლოვოს" კურიერები თბილისში კომპანიის ოფისთან შეკრებილები არიან და სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. აქციაზე შეკრებილი თანამშრომლები უსტვენენ და ოფისის წარმომადგენლებს ეძახიან, რომ "გამოვიდნენ".
ერთ-ერთი კურიერი ამბობს, რომ აპლიკაცია კილომეტრებს ზუსტად არ თვლის და ტარიფს სწორად არ ადგენს, რის გამოც მათი შემოსავალი მცირდება. კურიერები ამბობენ, რომ კომპანია "ჯიბეში უყოფს ხელს".
"მომხმარებელი როცა ე.წ. ჩაიას გიტოვებს, ეს არ გვიჩანს. [ვცადეთ] ერთმა კურიერმა გამოიძახა და მეორეს 15 ლარი დაუტოვა და ეს არ გამოჩნდა... აქ ხდება "გრუზინული" ჯიბის გასქელებები", - აცხადებს კურიერი.
კომპანიის წარმომადგენელი, ოპერაციების მენეჯერი, გიორგი ჭოლაია ამბობს, რომ საკითხის მოგვარებაზე კურიერებთან ისაუბრეს.
"შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ჩვენი მხრიდან ამ დაგროვილი პრობლემების მოგვარებაზე. 10 თებერვალს "გლოვოს" ნებისმიერ კურიერს შევხვდებით და სამოქმედო გეგმას გავწერთ... არანაირი ცვლილება ანაზღაურების სტრუქტურაში "გლოვოს" არ შეუტანია. იყო სხვადასხვა სახის პრობლემა, რამაც გამოიწვია ცვლილება - ეს შიდა დეტალებია, რომელზეც საჯაროდ არ შემიძლია საუბარი", - უთხრა მედიას "გლოვოს" ოპერაციების მენეჯერმა გიორგი ჭოლაიამ.