იაგო ხვიჩია ამბობს, რომ შეხვდა მამუკა მდინარაძეს

იაგო ხვიჩია

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან შეხვედრას ადასტურებს პარტია „გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია. როგორც მან „ტვ პირველის" ეთერში აღნიშნა, შეხვედრა არაფორმალურ ადგილზე შედგა. ის ამბობს, რომ მდინარაძეს 27 იანვარს საჯარო მიმართვიდან რამდენიმე საათში ელაპარაკა.

იაგო ხვიჩიას თქმით, საჭირო არის „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" შერიგება. ის დადებითად აფასებს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკების პროცესისთვის კარგი ფაქტია ის, რომ ასეთ დროს, ის სიმძიმე, რომელიც აწვა მონაწილე მხარეებს, ნაწილობრივ შემსუბუქდა. მაგრამ ჩვენი პოზიცია არასოდეს არ იყო მხოლოდ პოლიტპატიმრების გამოშვების სანაცვლოდ პარლამენტში შესვლა.

ჩვენ ვიცით, რომ თუ ჩვენ არ შევცვალეთ ერთმანეთთან დამოკიდებულება, „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" არ შევარიგეთ, არ შევრიგდით ხელისუფლება და ოპოზიცია ჩვენ ყოველთვის გვეყოლება პოლიტპატიმრები, რომლებიც ამ ბრძოლის, ხელისუფლების და ოპოზიციის ბრძოლის შედეგია", - აღნიშნა ხვიჩიამ.

„გირჩის" თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი ამოცანაა, გაარკვიოს, მტყუან-მართალი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ამის შესახებ საზოგადოებას აცნობოს. „მე ვადანაშაულებ ორივეს - 50/50-ზე ხელისუფლებასა და „ნაციონალურ მოძრაობას", რომ ორივე მათგანი საქართველოში ანგრევს პარლამენტარიზმს. თანაბრად, სხვადასხვა ფორმით", - განმარტა მან.

როგორც ხვიჩია ამბობს, მთავარი პრობლემა არის ის, რომ „ქართულ ოცნებას" გულწრფელად არ სჯერა, რომ ოპოზიციას რაიმე ფორმით უნდა შესვლა პარლამენტში.

„ფიქრობენ, რომ ისინი აყოლილი არიან „ნაციონალურ მოძრაობას" რაღაცნაირად. მაგალითად, მათი არგუმენტი, რომელზედაც მე დრო ავიღე საფიქრალად, „თქვენ, რაც შესთავაზეთ ოპოზიციას მაგაზე მეტი რა უნდა შეგვეთავაზებინა იმ ხალხისთვის, რომელსაც ნამდვილად უნდა პარლამენტში". მე მომეჩვენა, რომ „ქართული ოცნება" ბევრად უფრო ახლოს იყო ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობასთან და არ გამორიცხავდა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გვემოძრავა, მაგრამ აქ პრობლემა იყო ის, რომ აზრი არ აქვს", - თქვა მან.

ხვიჩია ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს, რომ დაეხმარონ მდინარაძის წინააღმდეგ კონტრარგუმენტის მოფიქრებაში, რას უწუნებდნენ „გირჩის" გეგმას, რომელიც იყო კონსტრუქციული და რომელზე მუშაობასაც არ გამორიცხავდა მდინარაძე. „მისი [მდინარაძის] კონტრარგუმენტი იყო, რომ ამაზე ოპოზიცია ჭედავს", - ამბობს ხვიჩია.

ცნობილია, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტაზე 2 თებერვალს იმსჯელებენ.

ამ დროისთვის დეპუტატის უფლებამოსილება „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს - ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს შეუწყვიტეს. იმის გამო, რომ პარტიას ცესკოსთვის დარჩენილი სიის გაბათილების მოთხოვნით არ მიუმართავს, პარლამენტის წევრები გახდნენ მათი ადგილმონაცვლეები: ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და გელა მიქაძე. სიის მე-4 ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ კი დეპუტატის მანდატი შეინარჩუნა.

პარლამენტიდან გასვლის შესახებ განცხადებები არც პარტია „მოქალაქეების“ წევრებს ალექსანდრე ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს დაუწერიათ.

„გირჩის“ პარტიული სიით არჩეული დეპუტატებიდან კი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დატოვების შესახებ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს ჯერჯერობით მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძემ მიმართა. დანარჩენი პოლიტიკოსები „გირჩის" სიიდან კი აცხადებენ, რომ თუკი პარლამენტში არ იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი დეპუტატების რაოდენობა, არც თავად აპირებენ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში შესვლას.