სრულად შეგროვდა გირაოსთვის საჭირო თანხა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის 

ივერი მელაშვილი

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის შეფარდებული გირაოსთვის საჭირო თანხა სრულად შეგროვდა.

ივერი მელაშვილი და მასთან ერთად დაკავებული ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობიდან პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 28 იანვარს გაათავისუფლა. მათ გირაოს სახით შეუფარდეს 20-20 ათასი ლარი. ეს არ ნიშნავს, რომ მათ პატიმრობა აღარ ემუქრებათ, ამ საქმეზე სისიხლის სამართლის საქმე კვლავ გრძელდება.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. იმის მიუხედავად, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებიდან რამდენიმე თვე გავიდა, აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებზე პროკურორებმა მხოლოდ 20 იანვარს ისაუბრეს.