გიგი გიგიაძე მიესალმება ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას

გიგი გიგიაძე

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე მიესალმება ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას.

„მთელი გულით ვულოცავ ბატონ ივერი მელაშვილსა და ქალბატონ ნატალია ილიჩოვას, ასევე მათ ოჯახებს, საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გირაოს სანაცვლოდ მათი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი ნაბიჯია საბოლოო გამარჯვების გზაზე და კიდევ ერთხელ იმედს ვიტოვებ, რომ მათდამი წაყენებული ბრალდება ძალიან მალე შეიცვლება ცალსახად გამამართლებელი განაჩენით. მით უმეტეს, რომ არანაირი დანაშაული და ბრალეულობის დამადასტურებელი გარემოება არ არსებობს დღეს, ისევე როგორც არ არსებობდა ოთხი თვის წინ. გულწრფელად მიხარია ამ ორი უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ადამიანის დანახვა საპყრობილეს გარეთ!" - წერს გიგიაძე.

​გიგი გიგიაძე ერთადერთი მოქმედი ელჩი იყო, რომელიც ოქტომბერში „ფეისბუკზე" გამოეხმაურა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე ივერი მელაშვილის დაკავებას და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

ივერი მელაშვილი და მასთან ერთად დაკავებული ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობიდან პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 28 იანვარს გაათავისუფლა. მათ 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოუწევთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ პატიმრობა აღარ ემუქრებათ, ამ საქმეზე სისიხლის სამართლის საქმე კვლავ გრძელდება.

ოპოზიციური პარტიები მათ გათავისუფლებას „ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების ერთ-ერთ პირობად ასახელებდა.

პარტია „მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გათავისუფლება მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების შედეგია.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. იმის მიუხედავად, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებიდან რამდენიმე თვე გავიდა, აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებზე პროკურორებმა მხოლოდ 20 იანვარს ისაუბრეს.