ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტისას რეგიონული და სავაჭრო საკითხები განიხილა

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის თანამხად გიორგი გახარიამ და მუჰამედ ჯავად ზარიფმა შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილეს.

„საუბრის მთავარი თემები იყო რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ასევე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. შეხვედრაზე ორმხრივ და რეგიონულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ორი ქვეყნის სატრანზიტო, სატრანსპორტო კომუნიკაციის განმტკიცებას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის გამოყენებას, ასევე ამ სფეროებში არსებული სირთულეების დროულად მოგვარების მნიშვნელობას“,- ნათქმია პრემიერის პრესცენტის მიერ გავრცელებულ განცადებაში, რომლის თანახმად საუბარი ასევე შეეხო პანდემიის მხრივ ორივე ქვეყანაში არსებულ ვითარებას და სამომავლო გეგმებს.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - ვკუთხულობთ უწყების ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაესწრო.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერასა და რეგიონის ეკონომურ პოტენციალზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე.

„პრეზიდენტმა ისაუბრა ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე. პრეზიდენტმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რეგიონსა და საქართველოში სტაბილურობის მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო პანდემიას, რითაც მნიშვნელოვნად შეფერხდა ორმხრივი ურთიერთობები. საქართველოს პრეზიდენტმა ირანელ სტუმართან განიხილა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი და ახალი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას“,- ნათქვამია პრეზიდენტის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაცაში.

ასევე ნახეთ ჯავად ზარიფის რთული მისია

ვიზიტის ფარგებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი.

მას ტელეფონით ესაუბრა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების გამო იზოლაციაში იმყოფება.

საგარეო საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანი მიესალმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით პირადად ვერ უმასპინძლა კოლეგას.

„მინისტრებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ვიზიტი ნაყოფიერი აღმოჩნდება ამ მიმართულებით. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ახლო მომავალში კვლავ მიეცემათ შეხვედრის შესაძლებლობა“,- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავად მუჰამედ ჯავად ზარიფმა საქართველოში ვიზიტი ტვიტერზე შეაფასა და დაწერა:

"შესანიშნავი დისკუსია მრავალწლიანი ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებისა და რეგიონული თანამშრომლობის შესახებ - განსაკუთრებით სატრანზიტო დერეფანზე, რომელიც აკავშირებს შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეს".

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოში დღეს დილით ჩამოფრინდა ერევნიდან, მანამდე ის მოსკოვსა და ბაქოში იმყოფებოდა. საქართველოდან კი თურქეთში გაემგზავრა.

რეგიონული ტურნეს დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეწვევა ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ ერთობლივი მუშაობით ხელი შეუწყონ მთიანი ყარაბაღის კრიზისის მოგვარებას და რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას.