პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ "კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გათავისუფლება მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების შედეგია. დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებას ელისაშვილი "ფეისბუკზე" გამოეხმაურა.
"ვულოცავ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მათ გათავისუფლებას! ძალიან, ძალიან გახარებული ვარ! საძაგლობაა, როდესაც სახელმწიფო ტყუილ უბრალოდ აპატიმრებს ადამიანებს, მაგრამ კარგია, რომ "ქართული ოცნება" გონს მოეგო და ისინი გაათავისუფლა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი! დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის! იშვიათად ვყოფილვარ დღევანდელივით გახარებული!", - აცხადებს ელისაშვილი.
მელაშვილი და მასთან ერთად დაკავებული ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობიდან პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გაათავისუფლა. მათ 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოუწევთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ პატიმრობა აღარ ემუქრებათ, ამ საქმეზე სისიხლის სამართლის საქმე კვლავ გრძელდება. ოპოზიციური პარტიები მათ გათავისუფლებას "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების ერთ-ერთ პირობად ასახელებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის პარალელურად აქცია იმართებოდა. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ დაკავებულები პოლიტპატიმრები იყვნენ და უნდა გათავისუფლებულიყვნენ. სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე საქმის პროკურორმა თქვა, რომ მოითხოვდნენ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ და პატიმრობის ნაცვლად გირაოს მოითხოვდნენ.
პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. იმის მიუხედავად, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებიდან რამდენიმე თვე გავიდა, აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებზე პროკურორებმა მხოლოდ 20 იანვარს ისაუბრეს.