ვსაუბრობთ სარცხვინელზე და არ გვრცხვენია

სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, ყუერი - ეს არის „მამაკაცის სარცხვინელი წყვილნი. კი, ნამდვილად ასეა, მაგრამ მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ ახლა “სიტყვის კონასა” და ლექსიკოგრაფიაზე ვაპირებთ საუბარს.

ალბათ, ჯერ ისევ გახსოვთ, როგორი არგუმენტი მოიშველია მომღერალმა თემურ თათარაშვილმა, როცა „აბეზარმა ჟურნალისტმა“ მას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხარდაჭერის (თუ მოწონების) მიზეზი ჰკითხა.

"იმიტომ, რომ კაცი არის და ყვერებიანია!"

აშკარაა, რომ მომღერალს არ აღუწერია უბრალოდ ბანალური ფიზიოლოგიური მოცემულობა, რომ მამრობითი სქესის ადამიანს აქვს ე.წ. Testis-ი ანუ წყვილი სასქესო ჯირკვალი, რომლებიც, ზოგადად, არა მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, არამედ ყველა მამაკაცს აქვს.

...ყველას, ალბათ, არა, რადგან, ცხადია, გამონაკლისებიც არსებობენ და ყველაზე ცნობილი ასეთი გამონაკლისი "რკინის კომისარი" სერგო ორჯონიკიძეა, რომელსაც ისეთი ამბავი შეემთხვა, როგორიც თვით სერგოსთვისაც კი მეტისიმეტია.

1909 წელს მორიგი პატიმრობიდან დაბრუნებულს გარდაცვლილი დახვდა საცოლე, პეპესი წერეთელი. როგორც რეზო ჭეიშვილი ჰყვება, თურმე გადაირია სერგო. დამუნჯდა, გაშავდა რკინის კომისარი და დაიჟინა, ამაღამვე უნდა გავიდე საფლავზეო.

სერგო ღორეშაში იყო, საფლავი - პერევში. რომ არ დაიშალა, მოუყვანეს ცხენი და გაისტუმრეს პერევისკენ. უმთვარო ღამე ყოფილა და ქე ჩავარდნილა ცხენიანად ნაჭურალში სოფელ ჩხიროულში. ცხენი მაშინათვე მომკვდარა, სერგოს კი უნაგირის ტახტზე ისე მოჭეჭკვია ყვ...ები, რომ გონება დაუკარგავს. ბედად დილით მწყემსებს უნახავთ და ნათესავთან გადაუყვანიათ. ნათესავმა გამოიდო თავი და ჭიათურიდან ექიმი მაჭავარიანი ჩამოუყვანა. ექიმმა ოპერაციაა სასწრაფო საჭიროო, სხვანაირად არ გამოვაო და ამოაცალა ცალი ჯირკვალი, მეორე კი დაუტოვა, მაგრამ არც ის ყოფილა საღი. წლების მერე, 1927 წელს დიდი ოპერაცია გაუკეთებია, რასაც არც თვითონ სერგო მალავდა. ოფიციალურად ითვლებოდა, რომ მოსკოველმა ექიმებმა ჭლექით დაზიანებული თირკმელი ამოაჭრეს, თუმცა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მეორე ჯირკვალიც ამოიღეს...

მაგრამ როგორც უნდა იყოს, განა ერთის ან თუნდა ორივეს დაკარგვა ხელს შეუშლიდა თემურ თათარაშვილის 30-იანი წლების რომელიმე ანალოგს, რომ ეთქვა, რკინის სერგო ყვ...იანიაო?!

ეს სიტყვა არ აღწერს ადამიანს კონკრეტული ანატომიური ორგანოებით. ასე რომ იყოს, არ იარსებებდა გამონათქვამი "ყვ...იანი ქალი" და არც საქვეყნოდ ცნობილი ჰემინგუეი დაიტრაბახებდა ჰერტრუდა სტაინთან კამათში, კარგადაც ვწერ და cojones-იც ანუ ყვ...ებიც მაქვსო.

ცხადია, „ყვ...იანი“ მეტაფორაა, რომლითაც მომღერალი არა მხოლოდ გამოხატავს თავის აღფრთოვანებას, არამედ ხატოვნად აღწერს აღფრთოვანების ობიექტის მთავარ ღირსებას, მიაჩნია რა იგი ძლიერ მამაკაცად, ალფა-მამრად, მტკიცე ლიდერად, რომელიც მუდამ თავდაჯერებულია, მუდამ ძლიერი და გამარჯვებულია, რომელიც, მისი აზრით, მუდამ ზემოდანაა მოქცეული პოლიტიკურ ოპონენტებს. ცხადია, შეეძლო ეთქვა, მაგარიაო, მაგრამ, აშკარაა, რომ ამ სიტყვით სრულფასოვნად ვერ გამოხატავდა თავის დამოკიდებულებასა და ემოციას: მეტაფორა, ჰიპერბოლა, იდიომა და მხატვრული გამოსახვის სხვა სტილისტიკური ხერხები ხომ სწორედ ამისთვის არსებობენ, რომ ზუსტად გადმოვცეთ ჩვენი აზრები, ემოცია და დამოკიდებულება.

"უსაქმური კაცი ყვ...ბში მახათს იყრიდაო", - ასევე გვეუბნება ქართული ანდაზა და, შესაბამისად, მავანისათვის მახათის ჩუქებასაც ყველა აღიქვამს მინიშნებად უსაქმურობაზე და არა მოწოდებად მტკივნეული ფიზიკური მოქმედების დაწყებისკენ.

არსებობს უსაქმურობის ნაკლებად მძაფრი აღწერაც "ფხანვის" სახით. პირველი, რაც შეიძლება ასეთ შემთხვევაში გაგვახსენდეს საბჭოთა ფოლკლორიდან შემორჩენილი კოლმეურნეობის თავმჯდომარეა, რომელსაც არ აღელვებს მოსავლის აღების საკითხი და ამის დასტურად იმ ერთ ადგილს იფხანს. დაახლოებით ასეთივე მინიშნება იყო ბექა ყორშიას 12 დეკემბრის სიუჟეტშიც: მთავრობის ერთ-ერთი წევრი „კოლმეურნეობის თავმჯდომარის“ მსგავს მოძრაობას აკეთებს ხელით, რასაც მაყურებელი ახლო კადრიდან ხედავს, ავტორის ტექსტი კი გვეუბნება:

„აგერ ფინანსთა მინისტრმა მართალია სხეულის ენით, მაგრამ ძალიან გარკვევით და გასაგებად გვაჩვენა, რის გაკეთებას აპირებს მეათე მოწვევის პარლამენტი“.

სწორედ ამ სიუჟეტის გამო გადაწყვიტა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ემსჯელა, „რათა თავისი უმოქმედობით არ დაერღვია პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ადამიანისა და მოქალაქის ღირსება და ძირითადი უფლებები“.

კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა კი, უხამსობასთან გვაქვს საქმეო.

„ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მონიტორინგს უხამსობის ნაწილზე, სანამ არ მივაღწევთ მედიაში იმ მდგომარეობას, რომ ამ თვალსაზრისით ეთიკური საკითხები იქნება დაცული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის პირდაპირი მნიშვნელობით... უხამსობიდან სამაუწყებლო ეთერის დაცლა გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“, - ეს თქვა ბექაურმა 22 იანვარს გამართული სხდომის დასრულების შემდეგ.

ანუ რა გამოდის, პრემიერ-მინისტრის საჯარო მხარდაჭერა ასეთი ფორმით: „იმიტომ რომ ყვ...იანია“ - არ შეიცავს უხამსობის ელემენტებს, რადგან ეს ამბავი თითქმის ყველა ტელევიზიამ გააშუქა, მაგრამ არავის აზრად არ მოსვლია (მათ შორის მარეგულირებელ კომისიასაც) ემსჯელა გიორგი გახარიას ღირსების შელახვაზე, ხოლო კრიტიკული ტონი და იმის ვარაუდი, რომ მომავალი ოთხი წელი ხელისუფლება ერთი ადგილის ფხანვით იქნება დაკავებული - უხამსობა?

არადა ეს ორი შემთხვევა, არსებითად, არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან: ერთში მეტაფორულად არის ნათქვამი, რომ გახარია მაგარია, მეორეზე კი ასევე მეტაფორულად ამბობენ, რომ მთავრობა-პარლამენტი უსაქმურია. ის, რომ მეორე შემთხვევაში გამოყენებულია ვიდეომასალა - არსებითად არაფერს არ ცვლის, რადგან ჩანაწერი გაკეთებულია ლეგალურად, საჯარო სივრცეში პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას, რომელიც, თავს მხრივ, პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. ამ კადრების გაშვება კომენტარის გარეშე, შეიძლება ყოფილიყო ეთიკის, გემოვნების საკითხი, მაგრამ ტექსტთან ერთად სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში: ავტორი ასე უფრო ზუსტად და დამაჯერებლად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობისადმი ისე, რომ ერთ სკაბრეზულ სიტყვასაც კი არ ამბობს.

საინტერესოა, ვინმე რომ გაკადნიერდეს და კომისიის წევრებს ან თავმჯდომარეს მახათი რომ მიართვას, როგორ აღიქვამენ ამას პატივცემული მარეგულირებელები? სხეულის თვითდაზიანებისკენ ან, უარესი, თვითმკვლელობისკენ მოწოდებად ხომ არა?

სინამდვილეში, ალბათ, საქმე ბევრად მარტივად არის: კომისია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს, რადგან, აშკარაა, რომ მისთვის ფორმაზე მეტად (რაც მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ გემოვნების საკითხი შეიძლება იყოს), სიუჟეტის კრიტიკული შინაარსი და მსუსხავი სარკაზმია მიუღებელი.

არის თუ არა ეს ცენზურის დაწესების მცდელობა?

ალბათ, კი!

არის თუ არა ეს თავისუფალი მედიისათვის წიხლის წელს ქვემოთ ამორტყმა?

თავად განსაჯეთ!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.