დღიურები უჰანიდან - ნინისთან ინტერვიუ ერთი წლის შემდეგ

შარშან ამ დროს, იანვრის მიწურულს, 30 წლის ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში, აღმოჩნდა. 2020 წლის 23 იანვრიდან უჰანი კარანტინშია - ქალაქში აღარ დადის ტრანსპორტი, მაღაზიები დაკეტილია, ხალხს სახლიდან გასვლა ეკრძალება. საკუთარი მოქალაქეები უჰანიდან სასწრაფოდ გაჰყავთ სხვადასხვა ქვეყნებს. ნინი უარს ამბობს საქართველოში ჩამოსვლაზე და ჩინეთში რჩება.

ნინი დავლიანიძე

რადიო თავისუფლების მკითხველისთვის ნინი თითქმის თვე-ნახევარი აღწერდა, როგორ უმკლავდებოდა მარტოობას იზოლაციაში, როგორ იცავდა უსაფრთხოების ზომებს, როდესაც ქუჩაში საყიდლებზე გადიოდა; ჰყვებოდა, როგორია ცხოვრება პანდემიის დროს.

მან ბოლო წერილი უჰანიდან კარანტინის გამოცხადებიდან 49-ე დღეს გამოგზავნა. ეს ის დროა, როდესაც პანდემიის ტალღამ საქართველომდეც ჩამოაღწია და ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოცხადდა.

ამ ამბებიდან ერთი წლის შემდეგ, როცა საქართველოში უკვე ყველამ გამოსცადა ის, რასაც ნინი აღწერდა, რადიო თავისუფლება ნინი დავლიანიძეს მისი გადაწყვეტილების სისწორესა და ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე ესაუბრა.

  • ნინი, შარშან ზუსტად ამ დროს, შენ გადაწყვიტე, რომ საქართველოში დაბრუნებას უჰანში დარჩენა ჯობდა. ახლა, ერთი წლის შემდეგ, რას ფიქრობ, სწორად მოიქეცი?
  • მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, სასწორზე მედო ყველაფერი. წარმოდგენა არ მქონდა, სწორი გადაწყვეტილება რომელი იყო. უბრალოდ, გამიმართლა, ასე ვფიქრობ. უკან რომ ვიხედები, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არ წამოვედი. მაშინაც ამ ლოგიკით ვმოქმედებდი: ან არ იყო ეს ვირუსი ისეთი საშიში და პანიკაში არ უნდა ჩავვარდნილიყავი, ან ისეთი რთული მდგომარეობა იყო, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად გავიქცეოდი. შესაბამისად, ალბათ, სწორი იყო აქ დარჩენა.
  • რომ შეაჯამო, როგორი იყო ეს ერთ წელი, როგორ შეცვალა ამ ერთმა წელმა შენი ცხოვრება?
  • შემცვალა, რა თქმა უნდა. ბევრად უფრო კარჩაკეტილი გავხდი. ადრე ხალისიანი ვიყავი, სულ გარეთ გავდიოდი, კარანტინის შემდეგ იზოლაციას მივეჩვიე. ახლა რომელ ქალაქშიც ვარ, ნინბოში, არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს და არც არაფერი გვაქვს აკრძალული - ბარებში, კინოებში, თეატრებში სიარული. ყველაფრის უფლება გვაქვს, მაგრამ რომ წარმოვიდგენ სამსახურიდან სახლში შემიძლია წამოვიდე და კატასთან ერთად ვიყო, მირჩევნია, ვიდრე მეგობრებთან ერთად ბარში გავერთო.
  • რატომ, მაინც გაქვს საფრთხის განცდა?
  • არა, უბრალოდ, მომწონს უკვე მარტო ყოფნა. დღეები გადის, რომ არავის ველაპარაკები.
  • ახალ ქალაქში, ნინბოში, რატომ აღმოჩნდი?
  • იმიტომ რომ სამსახური აქ ვიშოვე. ნინბო ჩინეთის სამხრეთითაა, ძალიან ახლოს შანხაისთან. საპორტო ქალაქია. უჰანთან შედარებით ბევრად პატარაა და ლამაზი. გეგონება, სულ ახალი წელი გვაქვს, სულ განათებულია, ხალხიც ძალიან თბილია.

Your browser doesn’t support HTML5

დღიურები უჰანიდან - ნინისთან ინტერვიუ ერთი წლის შემდეგ

  • როგორც ჩანს, პანდემიის შემდეგ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა, არა?
  • კარგად ვარ, ვერაფერზე ვერ დავიწუწუნებ. მე უჰანი ძალიან მიყვარდა და დღემდე ძალიან მიყვარს. შესაძლებლობა რომ მქონდეს, დავბრუნდებოდი. უჰანში რომ ჩავედი, ჩემი გადაწყვეტილება იყო, ჩემი არჩევანი. მინდოდა უჰანში ვყოფილიყავი, აღფრთოვანებული ჩავდიოდი. ნინბოს რაც შეეხება, უბრალოდ, სხვა გზა არ მქონდა, თუმცა, რომ შევადარო, უფრო ლამაზი ქალაქია, ვიდრე უჰანი.
  • ქვეყანა დაუბრუნდა ჩვეულებრივ ცხოვრებას? რა შეზღუდვებია, რა პერიოდულობით, ხალხი როგორ იქცევა, ისევ პირბადეებით დადიხართ ქუჩაში?
  • დეკემბრამდე არანაირი შეზღუდვა არ გვქონია, პირბადესაც არ ვხმარობდი, მხოლოდ მეტროში და ავტობუსში. ახლა სეზონური ვირუსები დაიწყო და ამბობენ, რომ რამდენიმე შემოსული შემთხვევა იყო და გავრცელებაც, მაგრამ კატასტროფული რიცხვები არ არის. შანხაიში 3 შემთხვევა დაფიქსირდა თუ არა, კონკრეტული უბანი ჩაკეტეს. ჩრდილოეთშია კიდვ ერთი ქალაქი ჩაკეტილი, მთელი ქალაქის ტესტირება დაიწყეს. ახლა აქ ახალი წელი მოდის და ყველა სამოგზაუროდ აპირებს წასვლას. ხალხის ნაკადი რომ შეამცირონ, 21-დღიანი კარანტინი შემოიღეს. თუ პროვინციას დატოვებ, მერე კარანტინი გიწევს. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ქალაქში ასეა. რამდენიმე ქალაქში არდადეგები ადრე დაიწყეს - სკოლები და ბაღები დაკეტეს. ყველა ქალაქსა და პროვინციაში სიტუაცია სხვადასხვანაირადაა. ბოლო ერთი კვირაა, ჩემს ქალაქში მეტროში სიცხეს მიზომავენ.
  • თუ სწორად გავიგე, როგორც კი რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდება, მყისიერად მკაცრ ზომებს იღებენ?
  • კი, კი. ჯერ უბნებს კეტავენ, მერე ქალაქებს. ქალაქიდან თუ ჩამოდიხარ და ის ქალაქი რისკზონაშია, კარანტინი გიწევს - საკმაოდ მკაცრად აკონტროლებენ.
  • უჰანში რა ხდება?
  • მეგობრები მყავს და ისინი მეუბნებიან, რომ ყველაფერი წყნარადაა. შემოსულების ეშინიათ და კარანტინში უშვებენ, სხვა იქ რამე პრობლემა რომ იყოს, არ ვიცი.
  • შორსაა ნინბოდან?
  • საკმაოდ შორსაა - 6 საათი მატარებლით. უჰანი არის ჩინეთის ცენტრი, მე უკიდურეს სამხრეთში ვარ.
  • ვაქცინაცია მიდის? შენ ხომ არ აცრილხარ?
  • კი, ვაქცინაცია დაიწყეს, მაგრამ ჩემამდე კიდევ დიდ ხანი არ მოვა. ჩემ გარშემო ჯერ არავინ არ აუცრიათ. რამდენსაც ვკითხე, ყველამ მითხრა, რომ აუცილებლად აიცრება. თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ საყოველთაოა და სავალდებულო, ყველა დაემორჩილება.
  • თებერვლის შემდეგ ინფიცირების შემთხვევები 100-ს თითქმის არც ერთხელ არ გადაცილებია. შენი აზრით, როგორ მოახერხა ჩინეთმა ასე სწრაფად შეეჩერებინა ეპიდემია?
  • ჩემი აზრით, იმით შეაჩერეს, რომ მომენტალურად გამოაცხადეს კარანტინი და სრული კარანტინი იყო, ყველაფერი ჩაკეტეს. ძალიან რთული იყო ის 3 თვე, მაგრამ - შედეგიანი. მგონი, ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც კომუნიზმი ეფექტური აღმოჩნდა-როგორი მკაცრი შეზღუდვაც არ უნდა დაეწესებინა მთავრობას, ყველა ვალდებული იყო დამორჩილებოდა.
  • რამე ტიპის დოკუმენტაცია საჭიროა თავისუფლად გადაადგილებისთვის?
  • ყველა ქალაქს აქვს თავისი ჰელსკოდი (ჯანმრთელობის კოდი). სადაც ცხოვრობ ან ჩადიხარ, იქაურ აპლიკაციას ჩამოტვირთავ ტელეფონში - შენს მონაცემებს აფიქსირებ: რამდენი ხანი ხარ ჩინეთში, რომელ ქალაქში იყავი და სხვა. თუ მანამდე იყავი რისკის ზონაში, ან ჩინეთში ახალი შემოსული ხარ, ეს შენი კოდი იქნება წითელი, რაც ავტომატურად გიშლის ხელს მოძრაობაში, იმიტომ რომ ყველგან უნდა აჩვენო - შოფინგმოლში, მატარებელში, ყველგან. მე ამ ქალაქში მწვანე კოდი მაქვს და ყველგან თავისუფლად დავდივარ.
  • შეგიძლია თქვა, რომ ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვანი რამე გასწავლა?
  • რა ვისწავლე, არ ვიცი, მაგრამ ასე მგონია, რომ დედამიწაზე არაფერი აღარ მოხდება, რაც ემოციურად ისე გამანადგურებს, რომ ვიტყვი, ამას ვერ გადავიტან-მეთქი. რა პრობლემაც უნდა მქონდეს, ჯერ მოვაგვარებ და მერე ვიტყვი.
  • რა გეგმები გაქვს, როგორ ფიქრობ, ერთი წლის შემდეგ ისევ ჩინეთში იქნები?
  • დაახლოებით, 4-5 წელი აქ მინდა ყოფნა, თუმცა მერე აუცილებლად ჩამოვალ.