28 იანვარს ოკუპირებულ ცხინვალის სასამართლოში ზაზა გახელაძის საქმის არსობრივი განხილვა გაგრძელდება. ეს ინფორმაცია დაკავებულის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ისე ცხინვალელი ადვოკატისგან მიიღო. ირმა ბუთხუზმა რადიო თავისუფლებას წინა სხდომაზე განვითარებული მოვლენების შესახებაც უამბო. პირველი სხდომა ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უზენაეს სასამართლოში 18 იანვარს გაიმართა. სხდომაზე რამდენიმე მოწმე და თავად განსასჯელი დაკითხეს. მოწმეები საოკუპაციო ძალების ის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხში დაჭრეს და დააკავეს.
„როგორც ცხინვალელმა ადვოკატმა მითხრა, რუსმა სამხედროებმა ზაზას წინააღმდეგ ცუდი ჩვენება არ მისცეს. განაცხადეს, რომ ძაღლს მისდევდა და დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც გამიზნულად უსვრია ჩვენი მიმართულებითო. რაც შეეხება მათი მხრიდან სროლას, ზაზას რომ რუსები დაუნახია, უკან გამოქცეულა, მათ გაჩერება უბრძანებიათ და რომ მიხვდნენ, რომ ენა არ ესმოდა, გასაჩერებლად უსროლიათ. ზაზა ამ სროლის გამო არ უჩივის მათ. ისინიც არ ამბობენ, რომ ზაზამ მათ გამიზნულად ესროლა. ეს იმედს გვიტოვებს, რომ მისი სასჯელი ისეთი მძიმე შეიძლება არ იყოს, როგორც აქამდე ამბობდნენ. მოსამართლეს ჯერ არაფერი უთქვამს მძიმე მუხლის მოხსნაზე. ეს, ალბათ, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე გაირკვევა. სახაზინო ადვოკატიც იმედს არ კარგავს, რომ სასჯელს ე.წ. საზღვრის დარღვევის მუხლით განიხილავენ და სხვა ბრალდებას მოუხსნიან. ჩვენ ის დაგვრჩენია მხოლოდ, რომ ცხინვალიდან ახალ ამბებს დაველოდოთ“, - ეუბნება ირმა ბუთხუზი რადიო თავისუფლებას.
გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის
„ზაზას გათავისუფლებას მოვითხოვთ, პირველ რიგში. უკვე გაუსაძლისია ჩვენი მდგომარეობა.ზაზა გახელაძის დედა
სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წარდგენილი. 317-ე მუხლი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ზაზა გახელაძეს 322-ე მუხლითაც ედავებიან, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას" გულისხმობს. ზაზა გახელაძის ოჯახში სასამართლო პროცესის ჩატარებას დიდხანს ელოდნენ. დაკავებულის დედა, ნანა ბუნტური, დახმარებას ითხოვს: „ზაზას გათავისუფლებას მოვითხოვთ, პირველ რიგში. უკვე გაუსაძლისია ჩვენი მდგომარეობა. როდემდე გავუძლებთ, არ ვიცით. ვთხოვთ ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია, დაგვეხმარეთ“.
გახელაძეების ოჯახისთვის ცხინვალელი ადვოკატის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ ყველაზე მძიმე მუხლი, სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, შესაძლოა ცხინვალელმა მოსამართლემ მოწმის ჩვენების საფუძველზე მოხსნას, რადგან, მოწმის ჩვენებით, გახელაძეს მისი მიმართულებით დამიზნებით არ უსვრია და, შესაბამისად, არც სიცოცხლის მოსპობის მცდელობაც ყოფილა. საქმეში დარჩება ერთი მუხლი, რაც ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. ამ ე.წ. მუხლით ბოლო დროს დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ჯარიმის (2000 რუბლი) გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ, ან 2-თვიან პატიმრობას უსჯიან. ასე იყო სოფელ
ზარდიაანთკარის მცხოვრების, მირიან თაზიაშვილის, შემთხვევაში. მას ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ცხინვალის ციხე თვეზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ დატოვა. არის კიდევ ერთი პრეცედენტი, რომელიც გენადი ბესტაევს უკავშირდება. მას ბრალად ე.წ. საზღვრის არაერთხელ დარღვევის ბრალდება წაუყენეს და ორი წლით აღუკვეთეს თავისუფლება. ზაზა გახელაძისთვის ეს ე.წ. საზღვრის დარღვევის პირველი შემთხვევაა, ამიტომ, წესით, ცხინვალის სასამართლომ მკაცრი სასჯელი არ უნდა გამოიყენოს და, პრეცედენტებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, მაქსიმუმ ორი თვე უნდა მიუსაჯოს, თუმცა ეს სასჯელიც გახელაძეს, დიდი ხანია, უკვე მოხდილი აქვს. იგი, 6 თვეზე მეტია, ცხინვალის ციხეში იმყოფება. სწორედ ეს გარემოებები უჩენს ოჯახს იმედს, რომ დაკავებულს მალე გაათავისუფლებენ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხინვალში 18 იანვარს, პროცესის დასრულებისთანავე, სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ცხელი ხაზისა და ჩვენს ხელთ არსებული სხვა მექანიზმების გამოყენებით“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა უკვე მეორედ გაუგრძელეს. გახელაძის ოჯახი ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს მის გათავისუფლებას.
საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ. ეს საკითხი დეკემბერში განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდზეც, მანამდე კი, ნოემბრის ბოლოს, - ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.