კრემლის კრიტიკოსი პოლტიკოსისა და ანტიკორუფციონერი ბლოგერის, ალექსეი ნავალნის თანაშემწე აცხადებს, რომ ნავალნის პატიმრობის შესახებ აპელაციის განხილვა 28 იანვარს დაინიშნა.
„წუხელ დატრიალდნენ „მართლმსაჯულების“ ჭანჭიკები, ხოლო დღეს ადვოკატებს მოუვიდათ შეტყობინება, რომ დაპატიმრების შესახებ აპელაციის განხილვა დაინიშნა 28 იანვარს, ზეგ. ერთობ მოულოდნელად“, - წერს ტვიტერში ნავალნის თანაშემწე, ლეონიდ ვოლკოვი და იქვე ატვირთული აქვს შეტყობინების ტექსტის ასლიც.
ადრე ცნობილი იყო, რომ სასამართლოს 30-დღიანი პატიმრობის გასვლის შემდეგ უნდა ემსჯელა იმაზე, უნდა შეუცვალონ თუ არა ნავალნის 3,5 წლით პირობითი პატიმრობის სანქცია რეალური პატიმრობით, რომლის ვადადაც გასული წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. პირობითი პატიმრობა პოლიტიკოსს მიუსაჯეს გაფლანგვის საქმეზე, ფართო აღიარებით, შეთითხნილი და მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე.
რუსეთის პენიტენციური უწყების ოფიციალური პირები, როგორც ჩანს, მიიჩნევენ, რომ პირობითი სასჯელის ვადა დაირღვა ალექსეი ნავალნის გერმანიაში წაყვანით, სადაც პოლიტიკოსმა მოწამვლის შემდეგ სამკურნალოდ 5 თვე დაჰყო.
გერმანიაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, 17 იანვარს სამშობლოში დაბრუნებული ალექსეი ნავალნი შერემეტევოს აეროპორტში დააკავეს და მეორე დღეს 30 დღით პატიმრობა მიუსაჯეს სასჯელაღსრულების უწყების სარჩელის საფუძველზე.
ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით 23 იანვარს რუსეთის მრავალ ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქციები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 100 ათასზე მეტმა ადამიანმა. სამართალდამცველებმა ბევრგან სასტიკი ძალის გამოყენებით დაშალეს აქციები და დააკავეს დაახლოებით 3500 ადამიანი.
ლეონიდ ვოლკოვმა ტვიტერით მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, რომ 31 იანვარს გამართონ საპროტესტო აქციები „ნავალნის თავისუფლების, ყველა ჩვენგანის თავისუფლებისა და სამართლიანობის მოთხოვნით“.