ჯანდაცვის მინისტრი ჯერჯერობით ვერ ხედავს „თამამი გახსნითი ღონისძიებების" საფუძველს

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდგომ შემსუბუქებას მხოლოდ მას შემდეგ აპირებს, რაც ინფიცირების, ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი არ იქნება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ 4%-იანი დადებითობის მაჩვენებელი სტაბილური ეპიდსიტუაციის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია და მას დიდი მნიშვნელობა აქვს:

„თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას კონკრეტულად იმ რეგიონში და იმ პერიოდისთვის ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი და ასევე, ჩვენ ამ ინციდენტობას ვაკვირდებით როგორც შვიდდღიან ჭრილში, ასევე თოთხმეტდღიან ჭრილში, ვინაიდან დადებითი დინამიკა შვიდდღიან ჭრილში არ ნიშნავს, რომ არის შენარჩუნებული და სტაბილური. აქედან გამომდინარე, შემდეგ ვუყურებთ ამას თოთხმეტდღიან ჭრილში და ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებებს გარკვეულ ქმედებებზე“.

ტიკარაძის ინფორმაციით, ამჟამად დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია აჭარაში, თუმცა, სხვა რეგიონებში მერყეობს 5-დან 8%-მდე.

ჯანდაცვის მინისტრის თანახმად, დღეს საქართველოში კორონავირუსის 7300-მდე აქტიური შემთხვევაა. მათგან სტაციონარშია 3069 პაციენტი და თავისუფალია 3700-მდე ადგილი.

ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, დინამიკა სტაბილურია, თუმცა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ ეტაპზე ვისაუბროთ „თამამ გახსნით ღონისძიებებზე“.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დადებითი დინამიკის გაგრძელების შემთხვევაში, შეზღუდვები მოიხსნება სხვა რეგიონებშიც და გაფართოვდება ჩამონათვალი, რომელსაც „ჩვენი მოქალაქეები და ეკონომიკა ესე ელოდება“.

„მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიურ მაჩვენებელზე ვართ დამოკიდებული, ვინაიდან, მერწმუნეთ, არც ჩვენი ამოცანა და მიზანი არის და არც სურვილი, რომ გავართულოთ ჩვენი მოქალაქეების ისედაც საკმაოდ რთული მდგომარეობა გამომდინარე ეკონომიკური მდგომარეობიდან“, - თქვა ტიკარაძემ. მან მოქალაქეებს მოუწოდა, დამცავი ნიღბების ტარების და სოციალური დისტანციის წესების დაცვით შეუწყონ ხელი მთავრობის მიერ "სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებების" მიღებას.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 22 იანვარს დაამტკიცა ნოემბრის ბოლოდან მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა, რომლის თანახმად, 1 თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, თუმცა ამ ქალაქებში 1 მარტამდე გადაიდო სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება. 1 მარტამდე საქართველოში ისევ აკრძალული იქნება გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე. ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვაც, მათ შორის, სათხილამურო კურორტებზე და ისევ არ იმუშავებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

ბოლო დღეებში თბილისში გაიმართა რამდენიმე საპროტესტო აქცია სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების, "კომენდანტის საათის" გაუქმების და ზამთრის კურორტების გახსნის მოთხოვნებით.