ბაიდენის თქმით, ის ძალზე შეშფოთებულია რუსეთის ქმედებებით ნავალნისთან დაკავშირებით

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეშფოთება გამოხატა ალექსეი ნავალნის მომხრეთა ანტისამთავრობო გამოსვლების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზომების გამო. მთელი რუსეთის მასშტაბით ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ და ნავალნის დაპატიმრების გასაპროტესტებლად გამართული დემონსტრაციების შემდეგ მასობრივი დაკავებებიდან ორ დღეში ბაიდენმა განაცხადა, რომ „ძალზე შეშფოთებულია“.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, როგორი პასუხი გასცეს ნავალნისთან დაკავშირებულ ვითარებას, მაგრამ იმედი გამოხატა, რომ აშშ და რუსეთი თანამშრომლობას შეძლებენ სფეროებში, რომლებშიც ორივემ შეიძლება ნახოს მოგება.

ბაიდენმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ უნდა ითანამშრომლოს ბირთვული შეიარაღების კონტროლის საქმეში და აღნიშნა, რომ ცოტა დრო რჩება 5 თებერვლამდე, როცა ვადა გასდის ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოქმედ ერთადერთ დარჩენილ ხელშეკრულებას ბირთვული შეიარაღების სფეროში - ახალ START-ს.

თეთრ სახლში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას ბაიდენმა თქვა, რომ აშშ ნათლად გამოხატავს რუსეთის ქმედებების გამო შეშფოთებას.

მან ასევე ილაპარაკა უზარმაზარ ზიანზე, რომელიც აშშ-ის კომპიუტერულ ქსელებს მიადგა, რაც რუს ჰაკერებს ბრალდებათ, და ცნობებზე, რომ რუსეთი თალიბანს გასამრჯელოს სთავაზობდა ავღანეთში აშშ-ის სამხედროთა მოკვლისთვის. ბაიდენის თქმით, მან შესაბამის უწყებებს სთხოვა, ამ საკითხებზე საქმის კურსში ჩააყენონ და დასძინა, რომ არ მოერიდება რუსეთთან ამ საკითხების დასმას.