საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ აუცილებელია ეპიდსიტუაციის დასტაბილურება იმისთვის, რომ ყველა ქალაქში ამუშავდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სკოლები გაიხსნას. მისი თქმით, ამ საკითხზე საუბარი შეიძლება მას შემდეგ, რაც ჩატარებული ტესტებიდან გამოვლენილი დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მაღალი არ იქნება.
ასევე ნახეთ გახარია: თუ ტესტების დადებითობა 4%-ზე მეტია, ჭორაობაა ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბარი"როგორც კი მაჩვენებელი ჩამოსცილდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის", - თქვა გიორგი გახარიამ სკოლებზე საუბრისას.
მისი თქმით, ეპიდსიტუაციის კუთხით კარგი მდგომარეობაა აჭარასა და რამდენიმე მსხვილ ქალაქში და სწორედ ამის გამო მიიღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების გადაწყვეტილება.
"თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს", - თქვა გახარიამ.
ბოლო 24 საათში ჩატარებული 17 349 ტესტით კორონავირუსით ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ინფიცირების გამოვლენის 6%-იანი მაჩვენებელია. მთავრობა აცხადებს, რომ 7-დღიანი საშუალო დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.