„დაკონსერვებული საქართველო“ - შეზღუდვების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

სამოქალაქო აქტივისტთა მცირემასშტაბიანმა ჯგუფმა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მათი მოთხოვნები მიმართული იყო მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვების წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობა გაუარესდა.

„ერთი თვეა საქველმოქმედო აქციებს ვმართავთ, შესაბამისად, ვხვდებით ადამიანებს და ისინი ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა არის უტრანსპორტობა. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა აღდგეს ტრანსპორტი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე კასრში იჯდა, რომელიც სიმბოლურად კონსერვის ქილას განასახიერებდა. მისი სიტყვებით, „მთავრობამ არ უნდა დააკონსერვოს ხალხი, პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს, რომ ტრანპორტი აღდგეს და კომენდანტის საათი უნდა გადაწიონ მინიმუმ ღამის 12 საათზე“, - უთხრა ჯონი ქურასბედიანმა „რადიო თავისუფლებას“.

მთავრობის გეგმის თანახმად, 28 ნოემბრიდან მოქმედი შეზღუდვები, 1 თებერვლიდან ეტაპობრივად შემსუბუქდება.