2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ NDI-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობას "კარგად" და "ძალიან კარგად" ჯამში გამოკითხულთა მხოლოდ 24 პროცენტი აფასებს. ბოლო არჩევნებზე ცესკოს მუშაობით უკმაყოფილოა ოპოზიცია, არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და მათი დიდი ნაწილი უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.
ცესკოს მუშაობას "ცუდად" და "ძალიან ცუდად" აფასებს გამოკითხულთა 31 პროცენტი, 27 პროცენტი კი "საშუალოდ".
იმის მიუხედავად, რომ ცესკოს მუშაობას "კარგად" გამოკითხულთა მეოთხედზე ნაკლები აფასებს, ის "ლიდერებისა და ინსტიტუტების" შეფასებებში მეორე ადგილზეა. მას უსწრებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ("კარგად" - 46%; "ცუდად" - 17%).
ცესკოზე ცუდი მაჩვენებლები დაფიქსირდა პარლამენტის ("კარგად" - 15%, "ცუდად" - 34), პრეზიდენტისა ("კარგად" - 14%, "ცუდად" - 35%) და სასამართლოების ("კარგად" - 13%, "ცუდად" - 29%) მუშაობის შეფასებისას.
კვლევა NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით "CRRC საქართველომ" ჩაატარა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით შეირჩა, რესპონდენტებს კი "შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით" უკავშირდებოდნენ. შედეგები წარმომადგენლობითია, თუმცა არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
საველე სამუშაოები 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩატარდა, სულ გამოიკითხა 2 053 პირი, საშუალო ცდომილება კი 1,1 პროცენტია.