NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა 76%-ს ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა უნდა

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 76 პროცენტს სურს საპარლამენტო საქმიანობაში ყველა ოპოზიციური პარტია ჩაერთოს. ეს პირველი კვლევაა, რომელიც ახალი პარლამენტის არჩევისა და ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის შემდეგ NDI-მ ჩაატარა. რესპონდენტებს ორი კითხვა დაუსვეს.

გამოკითხული მოსახლეობის 76 პროცენტი ფიქრობს, რომ "მისნაირი ადამიანების" ინტერესების გასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა მხოლოდ 13 პროცენტი.

გამოკითხულთა კიდევ უფრო დიდი წილი, 82 პროცენტი ფიქრობს, რომ "მისნაირი ადამიანების" ინტერესების გასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური პარტია ერთმანეთთან თანამშრომლობდეს. ამ მოსაზრებას არ იზიარებს მხოლოდ 9 პროცენტი.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში 9 პოლიტიკური პარტია შევიდა, ოპოზიციამ კი საერთო ჯამში 60 მანდატი მოიპოვა. ამ დროის მონაცემებით, სადეპუტატო მანდატებს იყენებენ "პატრიოტთა ალიანსის" სიით არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატები (4) და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ "მოქალაქეების" წარმომადგენლები (2). სხვა პარტიები ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ და არ შედიან პარლამენტში.

კვლევა ​NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით "CRRC საქართველომ" ჩაატარა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით შეირჩა, რესპონდენტებს კი "შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით" უკავშირდებოდნენ. შედეგები წარმომადგენლობითია, თუმცა არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

საველე სამუშაოები 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩატარდა, სულ გამოიკითხა 2 053 პირი, საშუალო ცდომილება კი 1,1 პროცენტია.