"ბულვარი ისევ დასაცავია" - ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქცია გამართეს ძველი ბულვარის დამცველმა აქტივისტებმა. "ბულვარი ისევ დასაცავია"- აცხადებენ ისინი. პროტესტი უკავშირდება ბათუმის ცენტრალურ შადრევნებთან მიმდინარე მშენებლობას, რომლის მასშტაბი კიდევ უფრო გაზარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საბჭოს 21 იანვრის გადაწყვეტილებით.

2018 წელს შპს "ამბასადორ ბათუმმა" ბულვარში მდებარე ბალნეოლოგიური სამკურნალო ცენტრის ადგილზე, იმავე ფუნქციის 4-სართულიანი შენობის აშენების ნებართვა მიიღო; ხოლო 2019 წლის მიწურულს წარდგენილი პროექტით შენობის 15 სართულამდე გაზრდა მოითხოვა. ბათუმელთა ხმაურიანი საპროტესტო აქციების ფონზე, მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უარი თქვა პროექტის დამტკიცებაზე; წელს დამტკიცებული პროექტით კი, შენობის სიმაღლის 16 სართულამდე გაზრდას დაუჭირა მხარი.

ბათუმის ბულვარის დამცველი სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ეს არის ბულვარის იერსახის შეცვლა და უხეში ჩარევა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ზღვისპირა პარკის ისტორიულ განაშენიანებაში.

"ეს მშენებლობა ბულვარის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა. მისი დაშვება არ შეიძლება“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას არქიტექტორი, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გია რამიშვილი.