სალომე ასათიანის პოდკასტი
Your browser doesn’t support HTML5
"ორნაირი ბლუზი არსებობს. ბედნიერი ბლუზი და სევდიანი ბლუზი. მე არასოდეს ვმღერი ერთ სიმღერას ორჯერ, არასოდეს ვმღერი იგივე ტემპში. გააჩნია, რას ვგრძნობ იმ დროს. ყველაფერი, რასაც ვმღერი, ჩემი ცხოვრების ნაწილია“ .
ეს სიტყვები ბილი ჰოლიდეის ეკუთვნის - ქალს, რომელსაც ბევრი ჯაზის უდიდეს ვოკალისტად მიიჩნევს. მისი უნიკალური ხმის, სტილის, ფრაზირების შესახებ უამრავია დაწერილი, მაგრამ მუსიკის კრიტიკოსებს თან კარგად ესმით, რომ სიტყვებით და მუსიკის თეორიებით ვერასოდეს აიხსნება მისი ძალა მსმენელი მთლიანად მოიცვას და მონუსხოს, მოგონებების და სახეების სამყაროში შეიყვანოს, ინტენსიური ემოციები და განცდები აგრძნობინოს. ბილი ჰოლიდეის სტილი ისეთი იდუმალია, რომ პოეტებს უნდა მოვუხმოთ, ისინი უკეთ შეძლებენ აღწერონ ის, რასაც ჰოლიდეი სიმღერით აღწევსო - ამბობდა ამერიკელი კომპოზიტორი და ჯაზის ისტორიკოსი, გიუნტერ შულერი.
მით უმეტეს, რომ ბილი ჰოლიდეი ბევრი მახასიათებლით არ ესადაგება „ძლიერი მომღერლის“ ფორმალურ პარამეტრებს. მისი ხმა უცნაური ჟღერადობისაა, დიაპაზონით პატარა, სიმძლავრით - ჩუმი. მაგრამ მისი სიძლიერეც სწორედ ეს იყო. ბილი ჰოლიდეის ესმოდა, რომ ემოცია უმცირესი რხევებით, ნიუანსებით, მგრძნობელობით ბევრად ინტიმურად და ინტენსიურად გადაიცემა, ვიდრე უზადო ტექნიკით და ძლიერი ხმით, და ჰქონდა დროის, ტემპის და რიტმის უნიკალური შეგრძნება, რაც სიმღერის მისეულ, თითქოს ოდნავ შენელებულ მანერას დაუვიწყარს და შეუდარებელს ხდიდა. ის მოცული იყო ხოლმე სიმღერის ტექსტით და თუნდაც ყველაზე მელოდრამატულ სიტყვებს მფეთქავი ემოციით დამუხტავდა ხოლმე.და ამ ყველაფერს აკეთებდა თავისი მელანქოლიური, ზუსტი და თან ძალიან ლაღი, თავისუფალი და სპონტანური, თბილი და თითქოს რაღაცნაირად ალერსიანი მუსიკალური ფრაზირებით.
ბილი ჰოლიდეის მუსიკა არასოდეს უსწავლია, და არც მომღერლობას აპირებდა. ბავშვობაში მას ელეონორა ფაგანი ერქვა და სიღარიბეში იზრდებოდა, ხშირად უფროსების ზრუნვის გარეშე, 9 წლის ასაკიდან ის რამდენჯერმე მოხვდა მზრუნველობამოკლებული ბავშვების დაწესებულებებში. სიმღერა ნიუ-იორკში, ჰარლემის ერთ კლუბში, 15 წლის ასაკში დაიწყო, იმ მიზნით, რომ დედას ბინის ქირის შეგროვებაში დახმარებოდა.
მძიმე გამოცდილებები მისი ცხოვრების ნაწილი იყო აღიარების შემდეგაც. 1947 წელს, როცა თავისი მუსიკალური კარიერის პიკზე იყო, ბილი ჰოლიდეი ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააპატიმრეს და ერთი წლით ჩასვეს ციხეში. პატიმრობის შემდეგ მას ნიუ-იორკის კლუბებში სიმღერა აუკრძალეს - თუმცა ციხიდან გამოსვლიდან 10 დღეში მან კარნეგი ჰოლის გადავსებულ დარბაზში ჩაატარა კონცერტი. თანდათან მის ჯანმრთელობაზე, სხეულზე და ხმაზეც მძიმედ დაიწყო ასახვა მისმა რთულმა ბიოგრაფიამ, ქაოსურმა და ხშირად ძალადობრივმა სასიყვარულო კავშირებმა, გამუდმებულმა და სასტიკმა რასობრივმა დისკრიმინაციამ, ალკოჰოლმა და ნარკოტიკებმა. ბილი ჰოლიდეი 1959 წლის 17 ივლისს, 44 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბილი ჰოლიდეის ეს მღელვარე და ტკივილიანი ბიოგრაფია მის სიცოცხლეშივე გადაიქცა მითების, სენტიმენტალური ინტერპრეტაციების თუ კლიშეების საბადოდ. თავისი ულამაზესი გარეგნობით, ეროტიკული ქარიზმით და, რაც მთავარია, მისი მუსიკის ინტენსიური მელანქოლიურობით ბილი ჰოლიდეი იოლად მიესადაგა სუსტი, მსხვრევადი, ცხოვრების „მსხვერპლი“ ქალის რომანტიკულ სტერეოტიპს - ეს სტერეოტიპი კი, მოგეხსენებათ, საზოგადოებას განსაკუთრებით მოსწონს და აღელვებს. დღეს ბილი ჰოლიდეის ცხოვრების შესახებ ორმოცდაათამდე წიგნია დაწერილი - ინგლისურად, ფრანგულად, იტალიურად. და მათგან ბევრი თავს ვერ აღწევს მისი ცხოვრების მითოლოგიზაციის და რომანტიზაციის ვნებას.
აი ჩვენი პოდკასტის სტუმრის, ინგლისელი ავტორის, ჯულია ბლეკბერნის წიგნი, სათაურით „ბილისთან“ - რომელიც ჰოლიდეის ახლობლების, ნაცნობების, კოლეგა მუსიკოსების მიერ პირველ პირში მოთხრობილი მოგონებებისგან შედგება - კრიტიკოსებმაც და მუსიკის მოყვარულებმაც ერთხმად მიიჩნიეს მნიშვნელოვან და ღირებულ გამონაკლისად. „ბილი ჰოლიდეის ცხოვრების და შემოქმედების კონტექსტი ასეთი სიმძლავრით სხვაგან არსადაა აღწერილიო“ - ასე აფასებდა ბლეკბერნის წიგნს დიდი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ტონი მორისონი.
პოდკასტის ეპიზოდში ჯულია ბლეკბერნი გვიყვება იმ ბევრ სახეზე, რომლითაც მის წიგნში ბილი ჰოლიდეი მისი ნაცნობების მონათხრობებიდან იკვეთება - ერთდროულად არის გულუხვი, კეთილი, დახვეწილი, ვულგარული, გონიერი, მთვრალი, მზრუნველი. ვსაუბრობთ იმ ინტენსიურ ძალადობაზე, რომელიც მის ცხოვრებას სულ თან გასდევდა, მოძალადე კაცების, თუ მძვინვარე რასიზმის და სეგრეგაციის წესების გამო - წიგნში მუსიკოსები იხსენებენ, რომ სამხრეთის შტატებში ტურნეების დროს ბილი ჰოლიდეის მუდმივი პრობლემა საპირფარეშოთი სარგებლობა იყო, რადგან იქ შავკანიანებს არ უშვებდნენ.
ასათიანის კუთხე
Your browser doesn’t support HTML5
1939 წელს ბილი ჰოლიდეიმ იმღერა სიმღერა, რომელიც ამერიკის პოლიტიკური ცხოვრებისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის, პირადად მისთვის კი საბედისწერო აღმოჩნდა. ეს იყო ებრაელი მასწავლებლის, აბელ მირეპოლის მიერ დაწერილი “Strange Fruit”, „უცნაური ნაყოფი“, რომლითაც მან ამერიკის მოსახლეობას შავკანიანთა ლინჩის წესით დასჯის საზარელ პრაქტიკაზე უამბო, და ეს გააკეთა 16 წლით ადრე იმ დღემდე, სანამ ალაბამის შტატში, მონტგომერიში, შავკანიანმა ქალმა, როზა პარკსმა უარი თქვა ავტობუსში თავისი ადგილი თეთრკანიანი მგზავრისთვის დაეთმო - რითიც ბიძგი მისცა სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის დაწყებას.
„უცნაური ნაყოფის“ შესრულებიდან მალე მან პირველი გაფრთხილება მუქარა მიიღო ნარკოტიკების ფედერალური ბიუროსგან. მას მოთხოვეს ამ სიმღერის შესრულება შეეწყვიტა - ის კი ჯიუტად ყველა კონცერტის ბოლო ნომრად სწორედ „უცნაურ ნაყოფს“ ასრულებდა ხოლმე. ჯულია ბლეკბერნი გვიყვება, როგორ დასაჯეს ის ამ დაუმორჩილებლობის გამო - მასზე დაიწყო ინტენსიური დევნა და ის ჯაზის სამყაროში ნარკოტიკების მოხმარების სიმბოლოდ შეირაცხა. ეპიზოდში მოისმენთ ნარკოტიკების ფედერალური ბიუროს აგენტი კაცის მონათხრობსაც - რომელიც ბილი ჰოლიდეიში შეყვარებული იყო, მაგრამ ნგრევა მას სწორედ მან მოუტანა.
„კი, ბილი ჰოლიდეი რეალურადაც იყო რთული ადამიანი, მას რეალურად ჰქონდა ბევრი დარდი, ის მართლაც წარმოადგენდა საფრთხეს საკუთარი თავისთვის, ბევრი თვალსაზრისით. ის ბევრ ალკოჰოლს სვამდა, იღებდა ნარკოტიკებს, ჰქონდა კატასტროფული სასიყვარულო ურთიერთობები. მაგრამ ბილი ჰოლიდეი, ამავე დროს, ყველა ამ გამოცდილებას გადაურჩა. ის არ შერიგებია მორჩილ და დათრგუნულ როლს და თავის სათქმელს გაბედულად ამბობდა“ - გვეუბნება ჩვენი პოდკასტის სტუმარი. ჯაზის გენიოსის, ბილი ჰოლიდეის შესახებ ჯულია ბლეკბერნი კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს გვიყვება პოდკასტის ეპიზოდში - რომელშიც, ცხადია, ბევრ დაუვიწყარ სიმღერასაც მოვისმენთ.