სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის. ბაირამოვმა კოლეგა ვიზიტით აზერბაიჯანში მიიწვია.
სამინისტრო იუწყება, რომ საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. მათ განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების დინამიკა სხვადასხვა მიმართულებით. „აგრეთვე აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამ კუთხით რეგიონული პროექტების განხორციელების აუცილებლობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის მნიშვნელობაზეც. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ორმხრივი ურთიერთიბებისა და რეგიონის განვითარების საკითხებში“, - იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
როგორც სამინისტრო აცხადებს, ბაირამოვმა ქართველ კოლეგას ვიცე-პრემიერად და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა კიდევ უფრო გაძლიერდება.