ერთ კვირაში საბოლოოდ გადაწყდება, რომელ დეპუტატებს შეუწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება

საქართველოს პარლამენტი დაახლოებით ერთ კვირაში იმსჯელებს უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტაზე იმ დეპუტატებისთვის, რომლებმაც პარლამენტს განცხადებით უკვე მიმართეს. ეს დღეს მედიას უთხრა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, შესაბამისად, რჩება დაახლოებით ერთი კვირა იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებებს და მოლაპარაკების პირობებს და მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება:

„პროცედურებს განგიმარტავთ - საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კონკრეტულ ვადებს ფლობს რეგლამენტით, რომელიც უკვე ამოწურულია. ის ჩვენ გვავალდებულებს, რომ პირველივე შემდეგ სხდომაზე უკვე ეს საკითხი გამოვიტანოთ კენჭისყრაზე. რა თქმა უნდა, ვისაც ვერ დაუკავშირდა კომიტეტი პოზიციის გადასამოწმებლად, მათი განცხადებების ვერიფიკაციისთვის, მათთან მიმართებაში ჩვენთვის ინდიკატორი იქნება, ის ადამიანები კენჭისყრის დღეს წარმოდგენილი იქნებიან თუ არა სხდომათა დარბაზში“.

2020 წლის ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში 150 მანდატიდან 60 მოიპოვა, საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა. მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და თქვეს, რომ მანდატებზე უარს ამბობენ. უფლებამოსილებაზე უარის განცხადებით პარლამენტს მიმართა 50-ზე მეტმა დეპუტატმა.

იანვრის დასაწყისში საკუთარი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ მანდატზე უარი არ თქვა. მოგვიანებით პარლამენტში შევიდნენ ამ პარტიის საარჩევნო სიის სხვა წევრები - დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია, რომლებიც ავთანდილ ენუქიძესთან ერთად წარმოადგენენ ახალ გაერთიანებას „ევროპელი სოციალისტები“.

რაც შეეხება სხვა დეპუტატებს, რომლებსაც განცხადება დაწერილი აქვთ, "ქართულ ოცნებაში" თქვეს, რომ მათი საკითხი თებერვალში გადაწყდება.

უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტისთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ მხოლოდ პარტია „მოქალაქეებიდან“ არჩეულ ორ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს და ლევან იოსელიანს და პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს.