ხურვალეთში, ოკუპაციის ხაზს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის, შვილიშვილი მალხაზ კურტაევი ცხინვალის საავადმყოფოში გადაჰყავთ. სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ერთად, ვანიშვილების ოჯახში ე.წ. მილიციის წარმომადგენლებიც მივიდნენ. მალხაზ კურტაევმა წამლები, სავარაუდოდ, თავის მოწამვლის მიზნით მიიღო.
"წამლები დალია და ცუდად გახდა, მოვიდა სასწრაფო და მიჰყავთ ცხინვალში ", - ამბობს მალხაზ კურტაევის ბებია, ვალია ვანიშვილი.
მისივე თქმით, შვილიშვილის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ოკუპანტებმა მალხაზი და მისი მეუღლე ერთმანეთს იძულებით დააშორეს. რადიო თავისუფლება მალხაზ კურტაევის ცოლისდას თამთა ადიკაშვილს დაუკავშირდა. რომელმაც გვითხრა, რომ მალხაზს ოკუპირებული ტერიტორიიდან ფეხმძიმე ცოლთან გადმოსვლა უნდოდა, მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევდნენ.
„დღეს დაგვირეკა, გადმოსვლა უნდოდა, ჩვენ პოლიციელებიც გავაფრთხილეთ. პოლიციელებმა გვითხრეს, რომ ჩვენ ტერიტორიაზე ხელს არავინ დაადებდა და უპრობლემოდ მოვიდოდა ოჯახში, მაგრამ თუ უკან, პაპასთან გადასვლას ისევ დააპირებს, ჩვენ უკვე აღარ ვიცით, ისინი რას უზამენო. ეს ჩვენც ვუთხარით მახოს".
ასევე ნახეთ ოკუპაციით დაცილებული ცოლ-ქმარი. მალხაზ კურტაევს ოკუპირებული ტერიტორიიდან ცოლი გამოუძევეს9 თვის ფეხმძიმე თათია ადიკაშვილი სოფელ ხურვალეთის არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, მეუღლე კი საოკუპაციო ხაზს მიღმა. მათ მავთულხლართები ჰყოფთ და ერთმანეთს ვეღარ ნახულობენ. გასული წლის 17 დეკემბერს მალხაზ კურტაევს ცოლი ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოუძევეს და მას შემდეგ ერთმანეთი აღარ უნახავთ.
მალხაზ კურტაევი (ვანიშვილი) დათა ვანიშვილის შვილიშვილია. მას როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მოქალაქეობა აქვს. გორში დაიბადა და ძირითადად პაპასთან გაიზარდა. მალხაზ კურტაევი ხშირად გადადიოდა ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში, სადაც თათია ადიკაშვილი გაიცნო. დაახლოებით 10 თვის წინ ის ცოლად მოიყვანა და მავთულხლართებს მიღმა, სოფლის ოკუპირებულ ნაწილში, პაპის სახლში მიიყვანა. მათი პრობლემებიც მაშინ დაიწყო. ახალშეუღლებული ცოლ-ქმარი დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, მალხაზს კი დე ფაქტო უშიშროების სამსახური მუდმივად ემუქრებოდა.
ასევე ნახეთ ოკუპაციას გამოქცეულები