ელჩს, რომელმაც ივერი მელაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, როტაციის ვადა ეწურება

გიგი გიგიაძე

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ ტელეკომპანია „ფორმულას" დაუდასტურა, რომ თებერვალში იწურება მისი როტაციის 4-წლიანი ვადა. როგორც დიპლომატი აღნიშნავს, ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის, სად გააგრძელებს მუშაობას.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, ხელმძღვანელობისგან ხომ არ მიუღია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ჩაირიცხოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვში? გიგი გიგიაძემ უპასუხა: „დიპლომატიური როტაციის დასრულების შემდეგ დიპლომატების დიდი ნაწილი, როგორც წესი, ირიცხება რეზერვში, ეს სავსებით ჩვეულებრივი პროცედურაა".

ელჩი არ პასუხობს შეკითხვას, მისი აზრით, ის, რომ ახალი პოზიცია ჯერჯერობით არ შეუთავაზებიათ, უკავშირდება თუ არა ივერი მელაშვილის მიმართ გამოცხადებულ მხარდაჭერას.

გიგიაძის საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან მოგვწერეს განმარტება: „როტაციის პრინციპის შესაბამისად ელჩი, როდესაც ასრულებს დიპლომატიურ მისიას უცხო ქვეყანაში, ბრუნდება დედაქალაქში, რჩება სისტემაში თუ რა სახით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მისი დაბრუნების შემდეგ".

​გიგი გიგიაძე ერთადერთი მოქმედი ელჩი იყო, რომელიც ოქტომბერში „ფეისბუკზე" გამოეხმაურა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე ივერი მელაშვილის დაკავებას და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება", - დაწერა დიპლომატმა

ელჩის პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ასევე, მმართველი პარტიისთვის. დავით ზალკალიანმა თქვა, რომ მისთვის სიურპრიზი იყო დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის კომენტარი. „ელჩი როდესაც რაიმე სახის განცხადებას აკეთებს, მით უმეტეს, ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის, რა მდგომარეობაა, რასთან გვაქვს საკითხი?" - აღნიშნა მინისტრმა.

„ქართული ოცნების" მაშინდელი აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ელჩმა უხეშად დაარღვია დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.

მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლების საკითხს ოპოზიცია ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებაზე ერთ-ერთ პუნქტად აყენებს.